ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა - ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირი

  • რეზონანსი
  • 9 აპრილი 13:28

ეკა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ყველაზე პატარა გმირია.

ის წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. 16 წლის ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მომიტინგე იკრიბებოდა, მათ შორის იყო ეკაც. ის აქციებზე კლასელებთან ერთად დადიოდა და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.


როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.


ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია.


ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა.


ეკა ბეჟანიშვილი დღიურსაც აწარმოებდა სადაც ერთი ასეთი ფრაზა ეწერა - „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოსო".


9 აპრილის გმირირის, ეკა ბეჟანიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მის მიმართ მადლიერების ნიშნად თბილისსა და სიღნაღში ქუჩებს გმირის სახელი ეწოდა".


 წყარო: "ცოდნისკაფე"

წყარო: რეზონანსი