"თუ გიღალატებენ, ოჯახის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს"

  • თბილისელები
  • 9 აპრილი 12:22

მსახიობ მაკა ძაგანიას ცხოვრებაში 4 წლის წინ ბევრი რამ შეიცვალა – მისი მეორე შვილი, გიორგი დაიბადა.

ამის შემდეგ მის შემოქმედებაში ბუნებრივად გაჩნდა პაუზა, აღარც სპექტაკლებში მონაწილეობდა, დროებით მისი გმირი, თინაც თვალს მიეფარა სერიალიდან ,,ჩემი ცოლის დაქალები”. მერე კი ყველაფერი ძველ რიტმში ჩაჯდა. ამჟამად მაკა ძალიან დაკავებულია, ბავშვებსა და სტუდენტებს ასწავლის, “ილიაუნის თეატრში” თამაშობს და მისი პერსონაჟი თინაც ძალიან გააქტიურდა.


რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამბობს, რომ მეუღლესთან, გიგა ცერცვაძესთან ერთად ოჯახის შენებას აგრძელებს. საქმესა და პირადზე მაკამ “სარკესთან” ისაუბრა.


– მაკა, რა ხდება თქვენს თეატრალურ კარიერაში?


– თეატრში ერთი სპექტაკლი მაქვს დარჩენილი. 2 წელია, რაც ახალ სპექტაკლში არ მითამაშია.


– თავისუფალი დრო რაიმე ახალი საქმით ხომ არ შეავსეთ?


– ცეკვის პედაგოგი და ლექტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში სტუდენტებს ასწავლის, ავტ.) ისედაც ვიყავი. რამდენიმე ხნის წინ მარიამ ჯოლოგუას სტუდიაში დავიწყე მუშაობა და იქ სტუდენტების მაგივრად პატარებს ვასწავლი ცეკვას.


– რა მოგიტანათ სერიალში გატარებულმა წლებმა და საერთოდ, თინას როლმა?


– პოპულარობა და დიდი სიყვარული ხალხისგან. როდესაც ღიმილით გხვდებიან, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, ადამიანი ამით ხარ მდიდარი.


– რას ფიქრობთ თქვენს გმირზე, რაში ეთანხმებით თინას და რაში – არა?


– თინა არის ძალიან ჭკვიანი და შემდგარი ქალი, მაგრამ რაღაცებში არ ვეთანხმები და მგონია, რომ ცოტა უხასიათოც არის. მას დედასთან, ნელიკოსთან, კონფლიქტები ჰქონდა, მეგობრებთანაც ცოტა უხეში იყო. შეეძლო, იგივე ეთქვა, მაგრამ სხვანაირად შეფუთული. მგონია, რომ დიპლომატია ნაკლებად აქვს. რაღაც მომენტებში კი ძალიან ლოგიკურად იქცევა.


– მგონი, ყველაზე ლოგიკულად მაშინ მოიქცა, როცა ზაზას და ქეთის ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა. თავისი დაქალებისგან განსხვავებით, ქეთი არ გაუკრიტიკებია.


– დიახ, მისი მხრიდან არ იყო კრიტიკა. მგონია, რომ მეგობრებს უხეში რეაქცია ჰქონდათ. სერიალის მსახიობებიდან ყველანი ვთვლით, რომ რაც უნდა მოხდეს, ადამიანი ასე არ უნდა გარიყო, ასე არ უნდა ჰკრა ხელი, რთულ მომენტებში, გასაჭირში გვერდით უნდა დაუდგე. სერიალში კი ასე იყო საჭირო, ქეთი ასე მარტო უნდადარჩენილიყო. თინა ძალიან სწორად მოიქცა, გვერდითაც დაუდგა და არც ძალიან ჩაერია მის ცხოვრებაში. უთხრა კიდეც, შენ თვითონ გადაწყვიტე, შეურიგდები თუ არა, რას და როგორ იზამ, მაგრამ მე შევეცდები, ყველაფერში დაგეხმაროო. მგონია, რომ ეს ძალიან კარგი პოზიცია იყო.


– რეალურ ცხოვრებაში იმავე სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით, ისეთივე რეაქცია გექნებოდათ, როგორიც თქვენს გმირს ჰქონდა?


– დიახ, ოღონდ მაკა სხვანაირად შეფუთავდა ყველაფერს. თინა ქალთა დაცვის ორგანიზაციაში მუშაობს და შეუძლია ადვოკატი, ფსიქოლოგი მოუძებნოს, მე სხვანაირად დავუდგებოდი გვერდში, როგორც მეგობარი, ისე მივუდგებოდი. მე და თინა კი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მასავით მოვიქცეოდი. თუ ფსიქოლოგის მოძებნა დასჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მეც მოვუძებნიდი.


– უნდა აპატიოს თუ არა ქმარმა ცოლს ღალატი?


– აქ კაცსა და ქალზე არ არის ლაპარაკი, ღალატი ორივეს მხრიდან ცუდი რაღაც არის და ჩემთვის მიუღებელია. როდესაც ერთი ღალატობს მეორეს, ესე იგი უკვე ბზარია გაჩენილი. თუ ქმარს უღალატე, ესე იგი აღარ გიყვარს და რაღა გესაქმება მასთან? ჩემი აზრით, ადამიანმა თუ ერთხელ უღალატა მეუღლეს, ოჯახის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს. თუ სხვისკენ გაიხედე, სხვა მოგინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აღარ გინდა ისე ძალიან, როგორც გინდოდა. ამიტომ რაღაცების გამო ტყუილად არ უნდა იჭიდაო.


– თუმცა ადამიანები ერთ შანსს მაინც იმსახურებენ ხოლმე.


– ასეა. შეიძლება უცებ ისეთ სიტუაციაში მოხვდე და ადამიანს ისეთი რაღაც აპატიო, რომ შენ თვითონ გაგიკვირდეს. თუმცა, ამ გადასახედიდან მაინც ვფიქრობ, რომ უაზრობაა რაღაც-რაღაცეების გამო ოჯახის შენარჩუნება, როცა არის ღალატი. თუ სხვა გინდა, ლოგიკურად ხომ გამოდის, რომ მეუღლე აღარ გინდა. სიყვარული ხომ ბევრი კომპონენტისგან შედგება – მეგობრობისგან, პატივისცემისგან, ურთიერთობისგან… თუ ეს ყველაფერი არ არის, როცა რაღაც აკლიათ, მაშინ ღალატობენ ერთმანეთს და ესე იგი ის სიყვარულიც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.


– თქვენი აზრით, ზაზა როგორ უნდა მოიქცეს?


– არ ვიცი. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ქეთი არ მოკლა.


– თქვენი მეუღლეც მსახიობია. ის რას ფიქრობს თინას როლზე?


– ასე არ ვარჩევთ ხოლმე როლებს. რა თქმა უნდა, სერიალს ერთად ვუყურებთ, მაგრამ არასოდეს ვარჩევთ.


– ძალიან რთული პროფესია გაქვთ, ადამიანისგან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. არის ბევრი გულისტკივილიც, შეუსრულებული საოცნებო როლები და ა.შ. როდესმე გინანიათ პროფესიული არჩევანი?


– კი, მინანია, იმიტომ, რომ ეს არის ცოტა დაუნდობელი და უმადური პროფესია. ბოლომდე უნდა ჩადო ყველაფერი, მაქსიმალური გაიღო და შეიძლება მინიმალური მიიღო ან არც არაფერი. შეიძლება ყველა პროფესიაში ასეა, მაგრამ ჩვენს საქმეში განსაკუთრებულად. საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული, მაინც ყველაფერი გამართლებაზეა.


– თქვენ გაგიმართლათ?


– რა თქმა უნდა, გამიმართლა. მიხარია, რომ ქუჩაში ამდენი ადამიანი მცნობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საკმარისი მაინც არ არის და ფინანსურ საკითხებთან მივდივართ. ძალიან ბევრს უთქვამს, თქვენ რა გენაღვლებათ, ტელევიზორში ჩანხართო, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. არის მომენტები, როდესაც ჩვეულებრივი მათხოვარი ხარ და შეიძლება ხელი ვისაც აქვს გაწვდილი, იმ მომენტში მას შენზე მეტი ფული ჰქონდეს. ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ რეალობა ასეთია.


ერთხელ ჟურნალისტმა დამისვა კითხვა, სხვაგან რომ ყოფილიყავით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრებაო. დიდხანს ვიფიქრე ამ ყველაფერზე და მივხვდი, რომ სხვა ქვეყანაში იგივე რომ გამეკეთებინა, ასეთ პოპულარულ სერიალში ვყოფილიყავი, ძალიან კარგად ვიქნებოდი.


– მსახიობისთვის ხშირ შემთხვევაში ოჯახიც დაბრკოლებად იქცევა ხოლმე. ბევრ მსახიობ ქალს უთქვამს, შვილების გამო ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა მქონდაო. ბევრს უწევს მსხვერპლის გაღება და პირადსა და საქმეს შორის არჩევანის გაკეთება. ეს მომენტი თქვენს ცხოვრებაშიც თუ დამდგარა?


– გეთანხმებით, სხვაგან თუ ხელს გიწყობენ რაღაცებში, ჩვენს პროფესიაში ის რაღაცები ხელს გიშლის. აი, მაგალითად, ოჯახი, ბავშვის გაჩენა შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ბავშვის გაჩენის დროს რაღაცნაირად კარგავ ყველაფერს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამემართა.


ფეხმძიმედ რომ ვიყავი, სპექტაკლებშიც დუბლები შეიყვანეს, სერიალიდან კი გამიშვეს. უცებ აღმოვჩნდი ბავშვით ხელში და უხელფასოდ. ჩვენი პროფესია ასეთ რაღაცებში დაუნდობელია. სხვაგან გპატიობენ, გაძლევენ დეკრეტულ შვებულებას, ადგილს გინახავენ, ჩვენთან კი ეს არ არსებობს. ამიტომ არის, რომ ეს პროფესია ქალისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე კაცისთვის.


6 თვის ორსული ვიყავი, საკმაოდ დიდი მუცლით სპექტაკლში რომ ვითამაშე. ბოლოს მაინც საჭირო გახდა,  იმ სპექტაკლებში სხვა მსახიობები ჩაენაცვლებინათ, რადგან 3 თვე ვერ დამელოდებოდნენ. ბავშვს რომ გავაჩენდი, კიდევ 2 კვირა ხომ მაინც მჭირდებოდა. თან მაშინ ბევრ სპექტაკლში ვიყავი დაკავებული და თეატრი ვერ გაჩერდებოდა.


– როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორი რეჟიმი გაქვთ?


– ჩემი ყოველდღიურობა არის ეს – რა გავუკეთო გიორგის და რა ვაჭამო, ასევე სამსახურში არ დავაგვიანო და ა.შ.


– როგორ მიედინება თქვენი და გიგა ცერცვაძის ოჯახური ცხოვრება?


– მშვიდად და წყნარად.


– წლებთან ერთად რა აღმოჩენები გააკეთეთ ერთმანეთში?


– ახალი არაფერი. რითიც დავიწყეთ ურთიერთობა, იმას დღემდე ვუფრთხილდებით. ოჯახის შენება ნელ-ნელა დავიწყეთ და ამ შენებას ვაგრძელებთ.


– ბევრ დროს უთმობთ ერთმანეთს?


– დიახ. საღამოებს ერთად ვატარებთ, ვსაუბრობთ, ფილმებს ერთად ვუყურებთ. ყველგან ერთად მივდივართ. იშვიათად, რომ სადმე ცალ-ცალკე წავიდეთ.


– რა ისწავლეთ ერთიმეორისგან?


– ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, ადამიანზე რომ უნდა იზრუნო.


– ყურადღებიანი ცოლი ხართ?


– ვცდილობ, ყველანაირად კარგი მეუღლე ვიყო, თუმცა ადამიანს ეს ხანდახან გამოგდის, ხანდახან – არა.


– როგორ გაქვთ როლები ოჯახში გადანაწილებული?


– გენდერულად, ანუ თანაბრად.


– თქვენს ურთიერთობაში არის ეჭვიანობა?


– გიგა ეჭვიანი არ არის. მას არასოდეს მოუცია საბაბი, რომ მეეჭვიანა, თორემ ისე კი ვარ ეჭვიანი.


– ვინ უფრო რომანტიკულია, თქვენ თუ თქვენი მეუღლე?


– ალბათ ჩემი ქმარი.


– როცა დათმობაა საჭირო, ვინ იხევს უკან, ვინ თმობს პოზიციებს?


– გააჩნია, რას ვეძახით დათმობას. ჩემი ქმარი უფრო აფექტურია, უცებ, წამში შეიძლება აფეთქდეს. მე უფრო შემიძლია, მოვითმინო და მერე წყნარად ვუთხრა. თუ ამას ვეძახით დათმობას, მაშინ მე უფრო დამთმობი ვარ. მაგრამ თუ რაღაცაზე წავიკამათეთ, ორივე ერთნაირად ვთმობთ, რადგან ზუსტად 5 წუთში გვავიწყდება, რაზე ვიკამათეთ და ურთიერთობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. გაბუტვები, გულში წყენის ჩადება და ასეთი რაღაცები არც ერთს გვახასიათებს.


– თქვენი უფროსი ქალიშვილი, ნუცა, 19 წლისაა. სად სწავლობს, რა პროფესიას ეუფლება.


– ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.


– ანუ დედისგან რადიკალურად განსხვავებული არჩევანი გააკეთა.


– ასეა. ან კრიმინალური ფსიქოლოგია უნდა, ან კლინიკური, ვნახოთ, რა იქნება, ორივე საინტერესოა. ჯერ ოთხი წელია წინ და მერე კიდევ მაგისტრატურა.


– დაბოლოს, რას ისურვებთ თქვენი გმირისთვის, როგორ გინდათ, რომ თინას ცხოვრება განვითარდეს?


– კარგი იქნებოდა, ბაიკოსთან (თინას დედის, ნელიკოს როლის შემსრულებელი, მსახიობი ბაია დვალიშვილი, რედ.შენ) ერთად მეტი სცენა რომ ყოფილიყო. ხალხს უყვარდა, ოჯახური სცენები რომ გვქონდა. როგორც წესი, სერიალი ამდენ ხანს ვერ ძლებს ხოლმე, მომაბეზრებელი ხდება, შემქმნელებს ფანტაზია აღარ ჰყოფნით. “ჩემი ცოლის დაქალები” კი ძალიან წარმატებული სერიალია. ამდენ სეზონს რომ გაუძლო, ამდენი ადამიანია დაინტერესებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ნიჭიერი ხალხის გაკეთებულია და ყველაფერი კარგად აქვთ მოფიქრებული.

წყარო: თბილისელები