9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

  • pia.ge
  • 9 აპრილი 10:29

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.

ამ დღეს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა და მოიწამლა.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს შეეწირნენ: აზა ადამია, 22 წლის; ეკა ბაშალეიშვილი, 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის; ნატო გიორგაძე, 23 წლის; თამუნა დოლიძე, 28 წლის; თინა ენუქიძე, 70 წლის; ნინო თოიძე, 25 წლის; ზაირა კიკვიძე, 61 წლის; მანანა ლოლაძე, 33 წლის; თამარი მამულიშვილი, 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე, 22 წლის; ნანა სამარგულიანი, 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; თამარი ჭოველიძე, 16 წლის; ნოდარი ჯანგირაშვილი, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; მანანა მელქაძე, 23 წლის; გია ქარსელაძე, 25 წლის.




მოვლენათა ქრონოლოგია


გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა თანდათან იკრებდა ძალებს, რასაც კომუნისტური რეჟიმი ყველანაირი მეთოდით ეწინააღმდეგებოდა. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის 1989 წლის 18 მარტს გამწვავდა ე. წ. „ლიხნის კრების“ ჩატარების შემდეგ, სადაც სეპარატისტულად განწყობილმა აფახაზებმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოითხოვეს.


ეროვნულმა ძალებმა მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიას, ირაკლი ბათიაშვილის, ირაკლი წერეთლისა და ზურაბ ჭავჭავაძის ხელმძღვანლობით, ლიხნის კრებას თბილისში საპროტესტო აქცია დაუპირისპირეს, რომელიც 1989 წლის 4 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან დაიწყო. მოთხოვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმება იყო, რომელსაც მალე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნაც დაემატა.



საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 5 აპრილს მიაღწია, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაძრულმა მანიფესტანტებმა მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და შიმშილობა გამოაცხადეს. საბჭოთა მილიცია მათ მობილიზებული დახვდა.საპროტესტო აქცია გაიმართა სახელმწიფო ტელევიზიასთანაც. ქვეყანა საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა, კრემლის ჩარევა აუცილებელი გახდა.



კრემლის გადაწყვეტილებით, 7 აპრილს თბილისში შევიდნენ საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. მიტინგის დასაშლელად გამოყენებული იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ნაწილებიც. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი.



9 აპრილს, დილის 4:00 საათზე დამსჯელი ნაწილები მომიტინგეებს შეესივნენ. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით და სასანგრე ნიჩბებითა. იყენებდნენ მომწამვლელ გაზს. სამხედრო ჯავშანმანქანების კოლონა რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით, იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე. ქართველი ბიჭები ცდილობდნენ მათ შეჩერებას და სხვების გამხნევებას. აქციის მონაწილეებს ხელთ მხოლოდ დროშები ეპყრათ. ჯარისკაცებმა დაუნდობლად დაიწყეს მომიტინგეების ნიჩბებით ჩეხვა. აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ სახელმწიფო ტელევიზიასთანაც.



მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ჯარისკაცებით იყო სავსე, ხალხი პროტესტის გამოხატვას არ ერიდებოდა. ამის დასტურია თუნდაც დროშიანი გოგონა. ფოტოზე მესამე კურსის სტუდენტი ნანა მახარაძეა აღბეჭდილი.



ფოტოს ავტორი: იური მეჩითოვი


1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დაადასტურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა სურდა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.


ამ დღეს, 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მემორიალთან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.



სტატიაში გამოყენებულია დოკუმენტური ფილმის -"თავისუფლებისათვის ბრძოლაში" მასალა

სრული ვერსიის ნახვა pia.ge