ნინო ოძელაშვილი: "ბევრი ბიჭი მყავს ძირს დახეთქებული…"

  • სარკე
  • 4 აპრილი 11:21

მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გახდა. ამ შედეგისთვის რომ მიეღწია, თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა.

ბავშვობიდან ვარჯიშობდა, იყო გაჭირვება, გენდერული პრობლემებიც – გოგოს სპორტდარბაზში რა უნდაო… ყველაფერი გადალახა და დღეს თავისი წარმატებებით დამსახურებულად ამაყობს. ის სამჯერ არის მსოფლიოს პრიზიორი.


ნინოს ასეთი რიტუალი აქვს: გამარჯვების შემდეგ ხალიჩას ცეკვით შემოუვლის ხოლმე და ამჯერადაც მსოფლიოს აჩვენა თავისი ცეკვა.


როგორც ხშირად ხდება ხოლმე ძლიერი ქალების ცხოვრებაში, ნინოსაც გაუჭირდა თავისი ტოლი და სწორი მეორე ნახევრის პოვნა. ოჯახურმა ცხოვრებამ სამწუხარო გამოცდილება დაუტოვა, რამაც მიახვედრა, რომ მის გვერდით სპორტსმენი მამაკაცი უნდა იყოს, რომელსაც გამარჯვების ფასი ეცოდინება და ცოლს მხარში დაუდგება.


– ნინო, გილოცავთ გამარჯვებას, რომელიც დიდი შრომის და ნებისყოფის ფასად დაგიჯდებოდათ.


– ყოველმხრივ მომზადებული ვიყავი, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. დილით მწვრთნელი შემოვიდა და მითხრა, ნინო, ხომ იცი, უნდა ვიცეკვოთო, ანუ ამ შეჯიბრის გამარჯვებით დაგვირგვინებას გულისხმობდა. პირველ შეჯიბრში რუსი ირინა ალექსეევა დამაჯერებლად დავამარცხე, შემდეგ უკრაინელი ნატალია სმალი, ბოლოს კი რუმინელი ლილიანა პოდელენჟკი და ჩემპიონიც გავხდი.


– როგორი იყო თქვენი ემოცია, როდესაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღეთ?


– ვერ გადმოგცემთ, რამხელა სიხარული და ბედნიერება იყო ჩემთვის! ძალიან პატრიოტი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და გულშემატკივარი. უცხოეთიდან ძალიან ბევრჯერ მქონდა შემოთავაზება, რომ მათი ქვეყნის სახელით გავსულიყავი, სანაცვლოდ მომცემდნენ მოქალაქეობას, კოლოსალურ თანხას, მაგრამ არც ერთს დავთანხმდი.


ახლა რომ სხვა ქვეყნის სახელით მომეპოვებინა გამარჯვება, ასე გახარებული და ბედნიერი ვერ ვიქნებოდი.


– თქვენს ასეთ დამოკიდებულებას აფასებენ საქართველოში, გაქვთ ხელშეწყობა?


– დიახ. პირველი ქალი ვარ, ვინც სპორტის ამ სახეობაში დაიწყო ვარჯიში. წინა წლებში გოგონების გაკარებაც არ უნდოდათ გუნდში, სავარჯიშო დარბაზშიც კი არ უნდოდათ შეშვება. ამბობდნენ, ბიჭები ვეღარ ივარჯიშებენო. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია – უკვე დიდი ყურადღება ექცევა სპორტის ამ სახეობას. წლების წინ პრემიებიც არ იყო, ახლა გვაქვს.


– საქართველოში ჯერ ისევ აქტუალურია სტერეოტიპი, რომ სპორტი ნაკლებად არის გოგოს საქმე. თქვენ რატომ შეგიყვანეს სპორტზე, ვისი სურვილი იყო ეს?


– მშობლები სპორტსმენები მყავს. მამა ყოველთვის გვავარჯიშებდა. მე და ჩემს დებს გადაგვხოტრიდა თმას და ძიუდოში, ბიჭების შეჯიბრებებში გამოვყავდით. სხვათა შორის,ბიჭებშიც ბევრჯერ მაქვს მოგებული და ბევრი ძირს მყავს დახეთქებული.


ძიუდოში გარკვეული წარმატებები მქონდა, მაგრამ დაბრკოლებებიც იყო, ბიჭები სერიოზულად არ აღმიქვამდნენ და ამბობდნენ, გოგოს აქ რა უნდაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც არ მინდოდა, ვტიროდი. ვოცნებობდი ჩოგბურთზე, შარაპოვა მომწონდა, თუმცა ჩოგბურთი ძვირი სიამოვნება იყო და ჩემი ოჯახი ამას ვერ შეძლებდა, რადგან ძალიან გვიჭირდა.


20 წლამდე ძიუდოში ვიარე. იყო გარკვეული წარმატებები, მაგრამ იქ, სადაც ვხვდები, რომ პირველი ნომერი ვერ ვიქნები, დისკომფორტს ვგრძნობ. ამიტომ ძიუდოს გავეცალე, სამბოში წამოვედი. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე ახალგაზრდებში და მიხვდი, რომ სამბო ჩემი სპორტია.


– ახლა მამა ძალიან იამაყებს თქვენით.


– კი, მამამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამისთვის. 24 საათიანი უწყვეტი ვარჯიში გვქონდა. შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვობა გამოვტოვე, რადგან დღეში სამჯერ მავარჯიშებდნენ. საშუალება არ გვქონდა, ხშირად პურის ფულიც არ გაგვაჩნდა და მამას ფეხით მივყავდით ხოლმე სპორტდარბაზში, სადაც ნახევრად მშივრები გვიან ღამემდე ვვარჯიშობდით. შემდეგ ისევ ფეხით ვბრუნდებოდით სახლში.


ერთსაც გეტყვით, ბოლოს უკვე მამა ამბობდა, რომ მე წარმატებას ვერ მივაღწევდი, რადგან “გოგოობის” ასაკში ცოტა პრანჭვა დავიწყე და ამას ვერ ეგუებოდა. არ უნდოდა, ბიჭებს მოვწონებოდი. როგორც არსენა, ისე ვყავდი გაზრდილი. თურმე ამბობდა, პირველ შვილს არსენა უნდა დავარქვაო, მაგრამ რამდენჯერაც ეს უთქვამს, იმდენჯერ გოგო შეეძინა და შემდეგ უთქვამს, კარგი, არსენას აღარ დავარქმევო და ბიჭიც გაჩნდა.


– მინდა, პირადზეც გკითხოთ. როგორც ვიცი, დაოჯახებული ხართ.


– არა, უფრო სწორად, აღარ. ორი წლის წინ ვიყავი დაოჯახებული. გათხოვილი ვიყავი ადამიანზე, რომელმაც ვერ გამიგო. ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ ისეთ კაცთან, რომელიც ვერ მიგებს და არ იცის, რა შრომა და ფიზიკური მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ საწადელს მიაღწიო.


– რთული იქნება თქვენი რეჟიმისთვის ფეხის აწყობა. ალბათ მომავალ მეუღლეს მკაცრი კრიტერიუმებით შეარჩევთ.


– კაცზე ისე ვარ გამწარებული, აღარ ვიცი, ოჯახს საერთოდ შევქმნი თუ არა, მაგრამ ის ვიცი, თუ ასეთი ეტაპი დადგება, ჩემი მეუღლე აუცილებლად იქნება სპორტსმენი. მან უნდა იცოდეს სპორტის, ვარჯიშის და შრომის ფასი. თუ ეს ყველაფერი ეცოდინება, თანაცხოვრება გაგვიადვილდება.


– ძლიერი ხასიათით ხომ არ აფრთხობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი გულის მოგება სურთ?


– სიმართლე გითხრათ, ბევრს არ ეშინია. სადაც მივდივარ, ყველგან ჩემი თაყვანისმცემლები ხდებიან. ხშირად უთქვამთ, ტელევიზორში, ეკრანზე სულ სხვა იმიჯი გაქვს და ცხოვრებაში სულ სხვანაირი ხარო. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კაცი ვერ აღიქვამს, რომ მოჭიდავე ვარ.

წყარო: სარკე