დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული ქართული სახარება აღმოაჩინეს

  • რეზონანსი
  • 3 აპრილი 18:13

ტელეკომპანია „რასია"-ს ინფორმაციით დაღესტანში, ხელნაწერების გაციფრულების დროს, ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს.

საუბარია სახარებაზე, რომელიც VI საუკუნეში ასომთავრულით არის შესრულებული. როგორც სატელევიზიო სიუჟეტიდან ირკვევა ეტრატის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად. ქართული ასომთავრული ტექსტი XI საუკუნეში შესრულებული არაბული ხელნაწერის ქვეშ იყო მოქცეული.


დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, შამილ შიხალიევის თქმით, ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან მსგავსი ხელნაწერი აქამდე დაღესტანში აღმოჩენილი არ ყოფილა.


კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე კი ამბობს, რომ ასეთი ხელნაწერების აღმოჩენა დაღესტანში არ არის გასაკვირი, რადგან ადრეულ შუა საუკუნეებიდან ქრისტიანობა დაღესტანში საქართველოდან ვრცელდებოდა. განსაკუთრებით აღმაშენებლისა და თამარის მეფობის პერიოდებში.


ალეკო კვახაძე: „ცნობილია დაღესტანში დათუნას ეკლესია, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ამიტომაც ეს აღმოჩენა გასაკვირი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება სახარებას, ეს ხელნაწერი წიგნის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა თუმცა, ასომთავრულით შედგენილი ხელნაწერები მრავლადაა აქამდეც აღმოჩენილი. რა თქმა უნდა ასომთავრულით შესრულებული სახარება მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა." - აცხადებს ალეკო კვახაძე.


ტელეკომპანია „რასიას" ინფორმაციით, 1012 სერიული ნომრის მქონე წიგნი, საბჭოთა წლებში დაღესტნის ლაკსკის რაიონის სოფელ უბიდან ჩაიტანეს. მისი ნამდვილი ისტორიის დადგენის საქმეში უკვე ჩაერთნენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც დაღესტანში იმყოფებოდნენ. ხელნაწერი გაციფრულებულია და მომავალში სპეციალურ ინტერნეტ-პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: რეზონანსი