უცნაური ისტორია: რა მოხდა სახლში, სადაც გამსახურდიამ ბოლო დღეები გაატარა

  • რეზონანსი
  • 31 მარტი 14:34

ხობის მუნიციპალიტეტ ძველ ხიბულაში მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომელიც კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა და ამჟამად ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

აქ სულ რამდენიმე დღეა რაც ფონდი „ქართუს“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც კარლო ღურწკაიას ოჯახი ამ სახლში აღარ ცხოვრობს.


მეზობლის დაზმირ ქადარიას თქმით, კარლო ღურწკაიამ სოფელი ათი წლის წინ ოჯახური პრობლემების გამო დატოვა:


"მეუღლე ლუდაც გარდაიცვალა, ამ ოჯახს ძლიერ უყვარდა პრეზიდენტი, სწორედ მათ შეიფარეს ზვიადი. ამ სახლში დაჰყო სამი დღე ზვიად გამსახურდიამ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან, დაცვის ორ წევრთან, ბაჩუკი გვანცელაძესთან და რობიზონ მარგველანთან ერთად. ბატონი კარლო 80 წელს გადასცილდა უკვე. ხმამაღლა ამ თემებზე არ საუბრობს. მე ამ სახლის გვერდით ვცხოვრობ. პრეზიდენტის გარდაცვალებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გავიგეთ მეზობლებმა, მაშინ როცა სოფელში გიორგი გამსახურდია ჩამოვიდა და მამის სახელზე ხარი დაკლა. 100 კაცამდე შევიკრიბეთ მაშინ სოფელში... კარლოს არ სჯეროდა, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა", - იხსენებს პრაიმტაიმთან საუბარში კარლო ღურწკაიას მეზობელი.


ეს სახლი მოგვიანებით ხვიჩა შონიამ გადაიფორმა. კარლო ღურწკაიამ და მისმა ოჯახმა ძველი ხიბულა 10 წელზე მეტია რაც დატოვეს, "პრაიმტაიმს" ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი გენდრი ლატარია უყვება, რომ კარლო ღურწკაიას ცოლს შელაპარაკება მოუვიდა მეზობელთან, რომელიც სავარაუდოდ ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა:


"კარლოს მეუღლე ლუდმილა ფიგურირებდა ამ საქმეში, თვითონ მოკლა თუ ეს თავის თავზე აიღო, არ ვიცით ზუსტად. ამ საქმეზე მას სასჯელი არ მოუხდია. არც ყოფილა გამოძიება", - ამბობს ლატარია.


საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დემურ ქებურიას ნათესავებმა ეს სახლი გააპარტახეს და მარტო კედლები დატოვეს. რის შემდეგ კარლო შვილთან ერთად ზუგდიდში წავიდა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მას ამ შემთხვევის შემდეგ სოფელთან კონტაქტი არ ჰქონია. გენდრი ლატარიას თქმით, კარლო ღურწკაიას სახლი 5 000 ლარად იყიდა ხვიჩა შონიამ.

წყარო: რეზონანსი