„ჩემს სკოლაში დავბრუნდები, მე ხომ რიგითი მასწავლებელი ვარ“ - ლადო აფხაზავა

  • ალია
  • 25 მარტი 19:49

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და „გლობალ თიჩერ 2019"-ის ფინალისტი ლადო აფხაზავა საქართველოში დაბრუნდა.

აფხაზავას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.


„ცოტა ხანში გამოვალ ინიციატივით, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი მასწავლებელი ჩამოვიყვანოთ საქართველოში და შევახვედროთ ქართველ კოლეგებს, რომლებსაც მცირე დახმარება სჭირდებათ. კონკურსი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს გამოცდილება. მსოფლიო დონის მასწავლებლები მოდიან და ატარებენ მასტერკლასებს. ორი წელია, სკოლაში მუშაობის პარალელურად მოსწავლეებს ვხვდები და ვუზიარებ პრაქტიკას. 412 სკოლა მოვიარე და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩემს სკოლაში დავბრუნდები. მე ხომ რიგითი მასწავლებელი ვარ. გავაგრძელებ იმას, რაც დაწყებული მაქვს. რეგიონებში აუცილებლად ვივლი", - განაცხადა ლადო აფხაზავამ.


ლადო აფხაზავამ „გლობალ თიჩერ 2019"-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური ჯილდოს ელჩობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ლადო აფხაზავამ განაცხადა, რომ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.


„ვიქნები ძალიან აქტიური. არის გეგმები, რომლებზეც ჯერ არ ვისაუბრებ. ვითანამშრომლებ კოალიციასთან „განათლება ყველასათვის". ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ. ათეულის წევრი მასწავლებლები დაგვთანხმდნენ და ისინი ესტუმრებინ საქართველოს. ეს იქნება განათლების ზეიმი. დანამდვილებით ვიცით, რომ ჩამოვა იაპონელი, ინდოელი, ბრიტანელი და გამარჯვებული კენიელი მასწავლებელი. ის დამპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვა, ძალიან დავმეგობრდით. ისეთმა ღირსეულმა მასწავლებელმა გაიმარჯვა, რომელიც დღეს მეტად სჭირდება მსოფლიოს", - განაცხადა ლადო აფხაზავამ.


„გლობალ თიჩერ 2019"-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.


 

წყარო: ალია