ანაკლიის პორტის მშენებლობაში თავიდანვე იგულისხმებოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების „ლომის წილით“ ჩართულობა

  • M2B
  • 7 მარტი 17:15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ პროექტში ლომის წილი იქნებოდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, „იბიარდის“.

ამის შესახებ საქართვთელოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, პროექტში თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის ჩანაცვლებაზე საუბარი არის სპეკულაციური და ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.


„საუბარი იმაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს მამუკა ხაზარაძეს და თიბისი ბანკს ანაკლიის პორტის მშენებლობაში, არის სპეკულაციური. იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ პროექტში ლომის წილი იქნებოდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, „იბიარდის“.  შესაბამისად, ამ კუთხით, მგონი მნიშვნელოვნად არაფერი არ იცვლება, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე ჩანაცვლებაზე იყოს საუბარი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, მეორე ნახევარი კი შესრულების პროცესშია.


„ამასთან ერთად, აქ არის დიდი კერძო კომპონენტი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია თანხობრივად, ვიდრე სახელმწიფოს კონტრიბუცია, თუმცა სახელმწიფოს წილიც საკმაოდ დიდია. კერძო ნაწილში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ არსებულმა კონსორციუმმა მოახდინოს თანხების მობილიზება, ასევე, მოიზიდოს ინვესტორები და ეს პროექტი შედგეს. შესაბამისად, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ ანაკლიის პროექტს ისე, როგორც ვხედავდით რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს იდეა და პროექტი ჩაისახა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ელოდება იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან.


„რასაკვირველია, ჩვენ ველოდებით იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან. ასე ხომ არ იქნება, რომ სახელმწიფომ დააგოს გზა, გაიყვანოს რკინიგზა, 100 მლნ შეიტანოს კაპიტალში და მერე დაჯდეს და დაელოდოს ვინმემ რამე გააკეთა თუ არა... ეს ხომ ორმხრივად უნდა ხდებოდეს. ჩვენ ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული გვაქვს, დიდი ნაწილის შესრულების პროცესში ვართ და ველოდებით იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან. სახელმწიფო არ დააგვიანებს თავისი ვალდებულებების შესრულებასას“, -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სრული ვერსიის ნახვა M2B