სეს: თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

  • pia.ge
  • 31 იანვარი 14:42, 2019 წელი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

,,სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ახორციელებს.


თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობით და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.


კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


სასმელ წყალთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც": 


,,ორი დღეა, 30 იანვარს და დღეს, ვრცელდება დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.


გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.


კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს", - აღნიშნულია განცხადებაში.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge