ჩატაევის ცხედარი კვლავ ექსპერტიზის ბიუროშია

  • primetimenews.ge
  • 16 იანვარი 20:37

საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევის დანაწევრებული ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში ინახება. ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმტაიმს" ექსპერტიზის ბიუროში დაუდასტურეს.

"დღეს მდგომარეობით, ასეთი სიტუაციაა: ცხედარი კვლავ ექსპერტიზის ბიუროში ინახება. თუ შესაბამისი ორგანო მოგვამრთავს კონკრეტულ პირზე ცხედრის გადაცემის მოთხოვნით, იმ შემთხვევაში მოხდება მისი გაცემა", - განგვიმარტეს ექსპერტიზის ბიუროში.


ამ დრომდე ჩატაევის ცხედრის დაკრძალვის სურვილით შესაბამისი ორგანოებისთვის მის ახლობლებს არ მიუმართავთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული პირი პანკისის ხეობაში დაკრძალონ, თუმცა უხუცესთა საბჭო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.


საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ აჰმედ ჩატაევმა ხეობას მხოლოდ უბედურება მოუტანა, ამიტომ უხუცესები პანკისში მისი დაკრძალვის იდეას არ ეთანხმებიან.


"რა საჭიროა მისი დაკრძალვა პანკისში?! მან ხეობას მხოლოდ პრობლემები და უბედურება მოუტანა. მე არ ვიცი, ვინ შეიძლება გამოთქვას მისი დაკრძალვის ინიციატივა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს პანკისის ხეობიდან არ იქნება. ლოპოტას სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ცხედრებს, პირიქით ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ არ გადმოგვცეს, წაიღეს და თუ არ ვცდები სადღაც სამგორის ტერიტორიაზე დაკრძალეს. მერე ჩვენმა ბიჭებმა ამოთხარეს და გადმოასვენეს. ჩატაევთან დაკავშირებით ეს არ მოხდება, მით უმეტეს, თუ ის საქართველოში რაღაცაც გეგმავდა. ეს არის არა ჩემი პირადი პოზიცია, არამედ მთლიანად უხუცესთა საბჭო ამ აზრზეა, საბჭო კი მთლიანად აქაური მოსახლეობის აზრს ახმოვანებს", - განგვიცხადა ხასო ხანგოშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფმა აჰმედ ჩატაევმა და მისმა დაჯგუფებამ სპეცდანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოდ კი ალყაში მყოფმა ჩატაევმა თავი აიფეთქა. სწორედ ამ დროიდან მისი დანაწევრებული ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახება.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge