ვის უხდის ბოდიშს მარი არღუთაშვილი – “როგორ ხართ?” (ვიდეო)

  • სარკე
  • 27 დეკემბერი 10:33, 2018 წელი

როგორ ხართ?” – ერთი ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, გაცვეთილი კითხვა, ზაფხულში ყველაზე პოპულარული იყო საქართველოში.

ყველაფერი კი 31 წლის გორელი მსახიობის, მარი არღუთაშვილის, სახუმარო ვიდეოს ბრალია. მან ამ კითხვას, რომელსაც პოპულარული სიმღერების ავტორის, გოგიტა გოგიძის, სიმღერის “არ წახვიდე” ფონზე იმეორებს, ახალი ჟღერადობა შესძინა.


ეს ვიდეო მარიმ მეგობრებისთვის ჩაწერა, ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში ატვირთა და ისტერიკაც აქედან დაიწყო. მარი ერთ დღეში იქცა ინტერნეტვარსკვლავად.


– მარი, თქვენთან საუბარს საფირმო ფრაზით დავიწყებ: გამარჯობა, როგორ ხართ?


– არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს, ჩვეულებრივი შარჟი-ვიდეო გადავიღე…


– მაგრამ ერთ დღეში ათიათასობით ადამიანმა ნახა, ლამის ააფეთქეთ ინტერნეტი.


– დიდი ბუმია ატეხილი. ახლა მოგიყვებით ვიდეოს ისტორიას: მეც სხვისი ვიდეო ვნახე, ბევრი ვიცინე, ამეკვიატა, ჩავწერე და გავუგზავნე ჩემს მეგობრებს. ერთ-ერთმა მეგობარმა ეს ვიდეო ატვირთა. შემდეგ წაშალა, რადგან ძალიან ცუდი კომენტარები წამოვიდა, მაგრამ უცნობმა ადამიანებმა გადმოწერეს და გაავრცელეს სხვადასხვა გვერდებზე. მირეკავენ ჟურნალისტები, სხვადასხვა ინტერნეტგამოცემები. გაკვირვებული ვარ: ვიდეოში არც დაბოლილი ვარ, არც ნასვამი.


– თქვენ გარშემო უამრავი კომენტარი გავრცელდა – დადებითიც და უარყოფითიც. ასეთ გამოხმაურებას როგორ შეხვდით?


– აგრესიაზე ცოტა “დავიგრუზე”. მე მართლა მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც ეს ვიდეო ნახეს და უარყოფითი ემოცია გამოხატეს. იფიქრეს, გამოჩნდა მორიგი შტერიო. ახლა უკვე ვხვდები, რომ არ უნდა გავბრაზდე. იყო ასეთი კომენტარებიც: “არ გინდა, თავი მოიკლა?”. ასეთი სულელური ვიდეო ბევრი გვინახავს, სიგიჟეა, რაც სოციალურ ქსელებში ხდება.


– გვიამბეთ თქვენზე, ანუ როგორი ადამიანი დგას ამ შარჟი-ვიდეოს უკან.


– ძალიან ჩვეულებრივი გოგო ვარ, არც გამოწეული ყბა მაქვს, არც თვალი მეჭუტება სიმღერის დროს, პროფესიით მსახიობი გახლავართ. ორ თეატრში ვმუშაობ – თბილისში, მუნიციპალურ თეატრ “რუსთაველის 19”-ში, ასევე გორის ერისთავის სახელობის თეატრში. მაქვს რეპეტიციები, სპექტაკლები, გადაღებები და ა.შ.


– ისეთი ვიდეოები, როგორიც თქვენ ატვირთეთ, მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ხომ არ აპირებთ, კიდევ გადაიღოთ?


– სამეგობრო წრეში ყოველთვის მასხარა ვარ, არასდროს მიფიქრია მსგავს პოპულარობაზე. ჩემი აზრით, არ ღირს გაგრძელება. ვფიქრობ, დიდი გაუგებრობა დამატყდა თავს. ასე რომ, არ გავაგრძელებ. მინდა, ხალხს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ვისაც ეწყინა, ბოდიშს ვუხდი.


– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენ გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმას?


– მყავს და, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, უცხოეთშია და უარყოფით კომენტარებს იქიდან პასუხობდა. დედა დასასვენებლად არის და, მგონი, არაფერი იცის, არაფერი მითქვამს. მეგობრების ნაწილი გვერდით ძალიან დამიდგა, ზოგიერთი საერთოდ გაქრა და მერე, როცა დადებითი კომენტარები წამოვიდა, გამოჩნდნენ და მესიყვარულებიან.


– ქმარ-შვილი არ გყავთ?


– არც გათხოვილი ვარ და არც შეყვარებული მყავს.



 


 

წყარო: სარკე