მაცაცო თოხაძე ყოფილ ქმრებს მადლობას უხდის

  • სარკე
  • 26 დეკემბერი 18:50, 2018 წელი

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელ მაცაცო თოხაძეს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების გზა არ ჰქონია, იმედგაცრუებები საკმაოდ იგემა, მაგრამ მაინც შეძლო ქალური ბედნიერების პოვნა.

– მაცაცო, ბოლო 2 წელია, აღარსად ჩანხართ. რატომ გაუჩინარდით, რა არის ამის მიზეზი?


– ძალიან საპატიო მიზეზი მაქვს. 40 წლის ასაკში, ამ “სიბერეში”, მესამე შვილი გავაჩინე, კვლავ ბიჭი და ვარ მრავალშვილიანი, “პენსიონერი” დედა.


– გოგოზე ოცნება ამჯერადაც არ აგისრულდათ.


– მართლაც ძალიან მინდოდა, გოგო მყოლოდა. პირველი შვილიც, მეგონა, გოგო იქნებოდა და გამოვიდა ლუკა. მეორე შვილზეც დარწმუნებული ვიყავი, ის მაინც იქნებოდა გოგო, ისიც გამოვიდა ჯეი და აი, მესამეზე, ვიფიქრე, ბოლო შანსია-მეთქი, მაგრამ არა – გამოვიდა დათა.


– ქმარი როგორი ემოციებით შეხვდა დათას დაბადებას?


– გია ჩემზე ასაკით უფროსია და მის ასაკში კიდევ რომ პატარა შვილი უჩნდება კაცს, ალბათ საერთოდ სხვა განზომილებაში გადადის. შვილზე გაცილებით უფროსი შვილიშვილები ჰყავს. რა ვიცი, ბედნიერია! რაც მთავარია, გვიძლებს და ჩვენით ცოცხლობს.


– შვილებს საოცარი საჩუქარი გაუკეთეთ, დათა აჩუქეთ. შვილივით ეყოლებათ და ეყვარებათ.


– დათა არის ძალიან საინტერესო მდგომარეობაში. ერთი ძმა ჰყავს 37 წლით უფროსი, და – 30 წლით უფროსი, კიდევ ერთი ძმა – 20 წლით უფროსი, კიდევ ერთი ძმა – 15 წლით უფროსი. დაბნეულია ბავშვი – ვინ მამაა, ვინ ბიძა, ვინ დედა, ვინ მამიდა… მაგრამ მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი ჰყავს ძალიან ბევრი. ბედნიერი კაცია ჩემი დათა ბატონი.


– სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებთ დათას ფოტოებს და ვიდეოებს. როგორც ჩანს, ძალიან ცელქია.


– ვაიმე! ეს არის დავით დამანგრეველი, უცელქესია! ვინც მიყურებს, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მე მეკუთვნის დიდი მედალი გამძლეობისთვის. თბილისში სახლი არ ჰყოფნის, არც ეზო და არც სკვერი.


– ქმარზე ყოველთვის დიდი სიყვარულით და მადლიერებით ლაპარაკობთ. მოდით, გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი,


– ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით ჯანდაცვის სააგენტოში, ერთმანეთთან ყოველდღიური შეხება გვქონდა. სიყვარულის ნაპერწკალი როდის გაჩნდა, ვერ გეტყვით. მე რომ გავიცანი, უკვე თავისუფალი კაცი იყო, 10 წლის გაშორებული იყო მეუღლესთან. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ექიმია, ეპილეპტოლოგია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, აქტიურ საექიმო საქმიანობას აღარ ეწევა და კერძო სადაზღვევო ბიზნესშია.


– როდის გამოუტყდით ერთმანეთს სიყვარულში?


– ეს იყო ახალი წლის დღეები, ერთ-ერთ საზეიმო ბანკეტზე მოხდა ყველაფერი.


– ახლა ალბათ ულამაზესი ეტაპია თქვენს თანაცხოვრებაში – სიყვარულის ნაყოფი, დათა გყავთ.


– საოცარი ეტაპი გვაქვს, მადლობა გიას ყველაფრისთვის. ეს არის ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრება ორად გაყო – გიამდე და გიას შემდეგ. არ ვიტყვი, რომ გიამდე ყველაფერი ცუდად იყო, ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს და ძალიან მოსიყვარულე ოჯახი – დედა, და, დისშვილები, მეგობრები, მაგრამ, პირადის თვალსაზრისით, 30 წლის ასაკიდან, როდესაც მე და გიამ დავიწყეთ თანაცხოვრება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ოქროს ხანა ჩემს ცხოვრებში, აღსავსე სიყვარულით, ბედნიერი წუთებით, მზრუნველობით.


– მასთან შეხვედრამდე იყო ორი წარუმატებელი ქორწინება. ახლა როგორ იხსენებთ იმ წლებს?


– ცუდი არაფერი მომხდარა, ჩემი შვილების მამებს პატივს ვცემ. მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი შვილები მაჩუქეს. ორივემ თავისი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ვინ იყო დამნაშავე, რა იყო მიზეზი.


პირველად 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, მაგრამ, მიუხედავად დიდი ხელშეწყობისა, რაღაცნაირად არ გამოვიდა. დღეს ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.


– იმ პერიოდში განქორწინებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება იოლი არ იქნებოდა, საზოგადოებაში ახლაც არსებობს რაღაც “შტამპები” და მაშინ უფრო მეტად განგსჯიდნენ. თქვენ როგორ გაიარეთ ის პერიოდი?


– რთული იყო ქმარგაშორებული ქალის ცხოვრება. პირველი განქორწინების დროს 22 წლის ვიყავი. მქონდა იმედგაცრუება, გამიჩნდა კომპლექსები – “ვაითუ, მე არ ვარ ისეთი კარგი”, “ვაითუ, ვიღაცას არ ვუნდივარ”… ახლა რომ ვუფიქრდები, სულაც არა! ძნელი იყო, მაგრამ ჩემი ოჯახი მედგა ყოველთვის მხარში და ჩემი ყოფილი მეუღლეების მშობლებიც.


ამას წინათ ვლაპარაკობდით მეგობრები ქართულ მენტალიტეტთან დაკავშირებით. ვთქვათ, ხარ ორჯერ, სამჯერ გათხოვილი და გყავს გარშემო ბევრი ვითომ მეგობარი, ყველას ძალიან უყვარხარ, გიჟდებიან, გეფერებიან, გაქებენ, ოღონდ რძლად არავის უნდიხარ, რადგან გათხოვილი იყავი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხედულება მოიშლება.


სამი ბიჭი მყავს და თამამად შემიძლია ვთქვა, მათ რჩეულებთან, როგორებიც უნდა იყვნენ და თუნდაც ჰყავდეთ შვილები, არავითარ შემთხვევაში მექნება პრეტენზია.


– კარგი მაგალითი გყავთ – თქვენი ყოფილი დედამთილი, რომელზეც ძალიან ემოციურად და თბილად წერთ ხოლმე. ახლახან დაწერეთ, რომ ის გარდაიცვალა.


– ისეთ სენსიტიურ თემებს ეხები, არ ვიცი… ეს ქალბატონი ახლახან დაკრძალეს და დასაფლავებაზე ვიყავი ჩასული.


17 წლის გოგო საკუთარი შვილივით მიმიღო და ჩვენი ხუთწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მოახერხა ის, რომ მისგან ერთ წყენასაც ვერ ვიხსენებ. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვნახე რეანიმაციაში, ბევრი ვეფერე, ვაკოცე, ველაპარაკე… ყოველთვის მიმეორებდა, რომ ძალიან ვუყვარდი. მისი ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. ლალი კარგი ქალი იყო, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.


– ხომ არ ემზადებით დედამთილობისთვის? თქვენი უფროსი შვილი, ლუკა მეტრეველი, არ აპირებს რძალი მოგიყვანოთ?


– ლუკა ძალიან რაჭველია მაგ საქმეში. ვეხვეწე, შვილიშვილი მინდა-მეთქი, მაგრამ ვინ მაღირსა?! ჰოდა, გავაჩინე ჩემი!


– ლუკა საზოგადოებამ გაიცნო მუსიკალური პროექტიდან “საქართველოს ვარსკვლავი”. ახლა როგორ გრძელდება მისი მუსიკალური კარიერა?


– ლუკა გადავარდნილია თავის საქმეში, წარმატებულია და ძალიან მიხარია. ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ჟანრშია. ჩემი შვილის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, არ შემიძლია ელექტრონული მუსიკის მოსმენა. თავის სფეროში ძალიან წარმატებულია. უკრავს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


– როგორც ვიცი, მეორე ბიჭიც მუსიკოსია.


– კი, ძმები ერთ სფეროში არიან, ერთად უკრავენ და ძალიან საინტერესო პროდუქტს ქმნიან. დიდი გეგმები აქვთ. აი, მესამეს, იცით, რა უნდა ვუყო? უნდა შევიყვანო ქართულ ცეკვაზე, ქართულ სიმღერაზე, სადღეგრძელოების კურსებზე და, საერთოდ, ჩოხით უნდა ვატარო.


– რა რჩევას მისცემდით ქალებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და მაინც უბედურად გრძნობენ თავს?


– ვურჩევდი სიმარტივეს. ქალები გაცილებით რთულები არიან, ვიდრე კაცები და ვერ ვიტყვი, რომ ეს მამაკაცებს ხიბლავთ. ყველაზე დიდი სიბრძნე არის სიმარტივეში. ქალბატონებო, ეცადეთ, ყველაფერს მარტივად შეხედოთ!

წყარო: სარკე