"სექსზე უკეთესი რაღაცებიც არსებობს" - ჯგერნაიამ შვილის მამასთან ურთიერთობა დაალაგა

  • სარკე
  • 26 დეკემბერი 18:41, 2018 წელი

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ცხოვრებაში დედობამ ყველა სკანდალი ჩააცხრო, რაც მანამდე მის გარშემო ტრიალებდა. ახლა ყველაფერი მის შვილს, ანდრიას, უკავშირდება, რომელიც მალე 2 წლის ხდება.

პრობლემური ურთიერთობაც, რომელიც ბავშვის მამასთან ჰქონდა, მოგვარდა. უკან მოიტოვეს სახალხოდ “საქმის გარჩევები”, ურთიერთბრალდებები და თანაბრად ზრუნავენ შვილზე.


ასე რომ, ინდირას განსხვავებული ეტაპი დაუდგა, რომლის შესახებაც “სარკის” მკითხველებს უამბობს.


– ინდირა, ხმაურიანი პერიოდების მერე დამშვიდდით, ყოველ შემთხვევაში, სკანდალებში აღარ ეხვევით. როგორ ცხოვრობთ დღეს?


– ადრე ყველგან ვჩნდებოდი და მიხაროდა. წარმატებისთვის ეს აუცილებელიც არის. ახლა კი მირჩევნია, ჩემს შვილთან ვიყო. ბედნიერ დღეებს ვატარებთ ერთად. დედა დამიძახა, ფეხზე გაიარა, მერე ლაპარაკი დაიწყო და ა.შ. არ მინდა, ჩემი შვილის მნიშვნელოვან მომენტებს მოვწყდე, არ მინდა, რამე გამომეპაროს.


– ანდრიას მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?


– ჩემი შვილის მამაა და ურთიერთობა გვაქვს. ეს სამუდამო კავშირია.


– ყურადღებიანი მამაა?


– თავისუფლად ვიტყვი, რომ გიჟი მამაა. დილით ადრე მოდის და ბავშვს ასეირნებს. მამასთან როცა არის, მე აღარ მეკარება. ანდრიას დაბადების დღე მოდის და ერთად ვგეგმავთ რაღაცებს, გვინდა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. ჩვენმა შვილმა ვერ უნდა იგრძნოს, რომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ.


– თვალები გიბრწყინავთ, როცა თქვენი შვილის მამაზე საუბრობთ. ისევ გიყვართ?


– ძალიან მზრუნველი მამაა, ის ადამიანია, ვისგანაც შვილი გავაჩინე და უბრალოდ მიხარია, როცა ვხედავ, ორი ერთნაირი როგორი სიყვარულით ურთიერთობს ერთმანეთთან.


– როგორი მზრუნველი მამაც უნდა ჰყავდეს თქვენს შვილს, მაინც მარტოხელა დედა ხართ, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება. საკუთარი თავის და ბავშვის უზრუნველყოფა შეგიძლიათ?


– რესტორანში ვმღერი, კარგი ანაზღაურება მაქვს. თამამად შემიძლია, ბავშვიც გავზარდო და საკუთარ თავსაც მივხედო.


– მარტოხელა დედობა საქართველოში გარკვეულ სტერეოტიპებთან, ჭორებთანაც არის დაკავშირებული…


– ვისაც რა უნდა, ის თქვას! რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მეტად აქტუალური და საინტერესო ვიქნები. შენსავით დამირეკავენ ჟურნალისტები და გადაამოწმებენ, სიმართლეა თუ ტყუილი.


– ანუ რეაქცია არ გაქვთ ჭორებზე?


– ლაპარაკობენ ორი დღე და მესამე დღეს ჩუმდებიან. იგნორირება ყველაზე ეფექტური წამალია.


– შემოქმედებაში რა სიახლეები გაქვთ ან გექნებათ?


– ცოტა ხნით გავყინე ჩემი კარიერა, არაფერში ვმონაწილეობ. საპასუხისმგებლოა, როდესაც მომღერალს გაფასებენ და გაღიარებენ! თავს არ ვიქებ, ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩავდე. ანდრია ბაღში რომ


შევა, მერე უკვე აქტიურად დავუბრუნდები ეკრანს.


– პირადი ცხოვრებაც “გაყინეთ?”


– ფიზიკურად დრო არ მჩება, ჩემს შვილზე იმდენად ვარ გადართული. ალბათ დადგება ეს დღეც, ახლა არავისზე ვფიქრობ.


– ხმები დადის, რომ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთან გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობა და ის მალე საქართველოში ჩამოდის. “სარკესთან” ნათქვამი გაქვთ, რომ თქვენი სამომავლო გეგმები ამერიკას უკავშირდება და ამ ხმებს ესეც ამყარებს.


– ანუ ის ამერიკაშია, ბევრი ფული აქვს და მე საქართველოში ვარ? სისულელეა! როდის მექნებოდა ურთიერთობა? 2 წლის შვილი მყავს, 2 წლის წინ 9 თვე ორსულად ვიყავი. მერე სკანდალები მქონდა ბავშვის მამასთან.


– ამ ხნის განმავლობაში თაყვანისმცემლები არ გამოჩენილან, არავის გამოუხატავს თქვენდამი ინტერესი?


– არავის უჩნდება ჩემთან ურთიერთობის სურვილი. მე არ ვმალავ ანდრიას მამის ფოტოებს. თამამად ვაქვეყნებ სოციალურ ქსელში და რატომღაც ყველას ჰგონია, რომ შევრიგდით. ფიქრობენ, რომ არ მცალია.


– საყვარელი მამაკაცის გარეშე ცხოვრება არ გიჭირთ?


– რატომ არის რთული კაცის გარეშე ცხოვრება? რა უნდა გამიკეთოს კაცმა ისეთი,  რასაც მე ვერ გავუკეთებ საკუთარ თავს?


– თუნდაც სექსი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა ადამიანისთვის…


– სექსი, იცი, როგორი თემაა? სექსი აფრიკაშიც სექსია… უკეთესი რაღაცებიც არსებობს. როცა შეყვარებული ვიყავი, სექსიც მქონდა და ამ სიყვარულის ნაყოფი ჩემი შვილია. ახლა ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში.


– ანუ “კაცების სინსილა გაწყდეს”?


– როცა ურთიერთობებში არ გიმართლებს… მირჩევნია, ჩემთვის ვიყო. არავისთვის მცალია. ერთს გეტყვი: ძალიან მეშინია. აღარ ვარ ისეთი აზროვნების, როგორიც 3 და 4 წლის წინ ვიყავი. არავინ და არაფერი მიღირს იმად, რომ ვინმემ ისევ სკანდალში გამხვიოს.


– სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებლობას საკუთარ ხასიათს აბრალებთ თუ კაცებმა ვერ გაგიგეს?


– ხელოვანი ადამიანი ცოტა სხვანაირია, გახსნილები ვართ. ქართველი მამაკაცები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, ხალხი რას იტყვის. არ ვამბობ, რომ მე არ მაინტერესებს საზოგადოების აზრი, მაგრამ, როცა სისულელე ჭორზეა საუბარი, მარტივად შემიძლია “დავიკიდო”. თუმცა, რომ ვუფიქრდები, აღარ მაქვს ნერვები!


ბოლო ხანებში გადასული ვარ თავდასხმაზე, საკმარისია, ყურში რამე არასასიამოვნო მომხვდეს, შემიძლია, ხელში რაც მიჭირავს, ვესროლო, საჭესთან თუ ვიქნები, მანქანა დავარტყა. გადაკაცებული ვარ. ბევრმა უსამართლოდ მესროლა ტალახი, უსამართლობას კი ვეღარ მოვითმენ!


მთელი ჩემი არსებით შვილზე ვარ გადართული და, ყველაფრის მიუხედავად, უბედნიერესი დედა ვარ… და კიდევ, ერთი რამის თქმა დამავიწყდა: 10 კილო დავიკელი!

წყარო: სარკე