მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალა

  • pia.ge
  • 3 დეკემბერი 11:08, 2018 წელი

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალა, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას.

ამის შესახებ "პირველს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.


"მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ დ მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი.


მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა. ამასთან, თავშესაფრის მინიჭების პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოითხოვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში",-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge