“დედას ჩემი ბიოლოგიური მამა ისე სძულდა, ვერც ჩემი შეყვარება შეძლო”

  • სარკე
  • 30 ნოემბერი 14:01, 2018 წელი

“მშობლებს ვურჩევ, არ მოაკლონ ბავშვებს სიყვარული და მოფერება, რაც შეიძლება მეტი სითბო აგრძნობინონ, შთააგონონ, რომ საუკეთესოები არიან".

ამით ისინი მოგებულები დარჩებიან”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი მარი, რომლის ცხოვრებაც იმის დასტურია, როგორ შეიძლება ემსხვერპლოს ახალგაზრდის პირადი ცხოვრება არასწორ აღზრდას, როგორ შეიძლება ბავშვის უმანკო, სუფთა გული გადაიქცეს ღვარძლისა და ბოღმის, კომპლექსების ბუდედ, რისგან გათავისუფლება მოზრდილ ასაკშიც კი ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც.


მარი:


– უშნო გოგოს კომპლექსი ბავშვობიდან მქონდა. მომცრო ტანის, შავტუხა, უსახური ვიყავი. არავინ მეუბნებოდა, ჩემო ლამაზო გოგოო. გული მწყდებოდა, სხვა ბავშვებს რომ ეფერებოდნენ უფროსები. მამა სამსახურზე იყო გადაგებული, დედა ცივად მექცეოდა, თითქოს უფრთხოდა ჩემს განებივრებას.


სამაგიეროდ, ჩემს ძმას, მიკას, ეფერებოდა დაუზარებლად, რომელსაც არც სილამაზე აკლდა, არც ნიჭი, მოხერხება, კომუნიკაბელურობა და ურთიერთობის ცოდნა. მე კი ყოველთვის უკან ვიდექი ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში. ახლობლები რომ შეიკრიბებოდნენ და ერთობლივად კერძებს აათუხთუხებდნენ, გვერდზე გამწევდნენ, ეს საცოდავი გოგო რატომ მოვიხმაროთო. არადა გულით მინდოდა, დავხმარებოდი, წვლილი შემეტანა.


სიტყვა “საცოდავი” მეტსახელივით შემრჩა. რომ ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ეს დედის ჩემ მიმართ არასწორი დამოკიდებულებიდან იყო. დედა რომ საცოდავად მთვლიდა, სხვებსაც ასეთად მივაჩნდი. ზოგადად ასეა – მშობელზეა ბევრი რამ დამოკიდებული, როგორი გაიზრდება შვილი, რა დამოკიდებულება ექნებათ მის მიმართ გარშემომყოფებს.


– თქვენი აზრით, დედა რატომ არ იმეტებდა სითბოს და ალერსს თქვენთვის?


– ვერ ვხსნიდი, ბავშვობაში მაწვალებდა აზრი, ნაშვილები ხომ არ ვიყავი, არადა პაპას მამსგავსებდნენ, დედაჩემის მამას. ბებოს და პაპას ძალიან ვუყვარდი, მათთან სოფელში ვიზრდებოდი ორი წელი, მერე დედამ წამომიყვანა ქალაქში, რომ მშობლების მეთვალყურების ქვეშ ვყოფილიყავი.


უცნაური ბავშვი ვიყავი, სითბოს ვერ გამოვხატავდი. დედაც მკაცრად მზრდიდა. სულ მციოდა და მობუზული ვიდექი ყველგან, დედის სითბო მაკლდა. წარმოიდგინეთ, მართლა მციოდა. რომ გავიზარდე, მერეღა შევიტყვე, რომ მამაჩემის ღვიძლი შვილი არ ვყოფილვარ.


– როგორია თქვენი დაბადების ისტორია?


– დედა ახალგაზრდობაში ლამაზი იყო, ჩემს ნამდვილ მამას მოუტაცია, ცოლად სდომებია. ოჯახიც თბილად შეხვედრია, უნდოდათ დედა რძლად… დედაჩემს წამოსვლა უნდოდა, მაგრამ უკან მიბრუნება მაშინ, თანაც სოფელში, სირცხვილად ითვლებოდა. დარჩა, მაგრამ ვერაფრით შეიყვარა ქმარი, შესძულდა და სამ თვეში გამოიქცა. დედ-მამისთვის უთქვამს, თუ არ მიმიღებთ, თავს მოვიკლავო. მშობლებმაც მიიღეს.


დედა ფეხმძიმედ აღმოჩნდა, მუცლის მოშლა უნდოდა, მაგრამ ბებიამ არ დაანება, შეიძლება პირველი აბორტის შემდეგ უშვილო დარჩეო. ამასობაში ბესოც გამოჩნდა (ჩემი გამზრდელი მამა), რომელსაც დედაჩემი ბავშვობიდან უყვარდა. ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო. იმის შიშით, რომ საყვარელი ქალი ხელმეორედ არ დაეკარგა, სასწრაფოდ ცოლობა სთხოვა.


დედაჩემი ფსიქოლოგიურად არ იყო მზად გათხოვებისთვის, მაგრამ მშობლებმა დააძალეს. ბესო შეჰპირდა, ბავშვს ჩემად გამოვაცხადებ და შვილივით გავზრდიო. ასეც მოხდა. დედამ შეიყვარა ქმარი.


– თქვენმა ბიოლოგიურმა მამამ იცოდა თქვენ შესახებ?


– დაუმალეს, მისი ატანა არ ჰქონდათ. ეს საიდუმლო იცოდა მხოლოდ ოთხმა ადამიანმა: ბებიამ, პაპამ, დედამ და მამამ.


– თქვენ ვისგან შეიტყვეთ?


– ზრდასრული რომ გავხდი, დედამ მითხრა. ბებია-პაპამ დააძალეს, თორემ ალბათ ვერც გავიგებდი. მათ შორის ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებები…


– ამ ამბავს როგორ შეხვდით?


– შოკში ჩავვარდი. მეგონა, საკუთარი თავი დავკარგე და ვიღაც სხვად ვიქეცი – შეცდომით მოსული ამ სამყაროში. მაინც მადლიერი ვარ, რომ სიმართლე შევიტყვე და მთელი ცხოვრება ტყუილში არ გამატარებინეს. ამით ის მძიმე ტვირთი მოიცილეს, რომელსაც საიდუმლოდ ატარებდნენ.


იყო მეორე ფაქტორიც: ჩემს ბიოლოგიურ მამას ცოლ-შვილი ჰყავდა, ბიჭები. უნდა მცოდნოდა, საერთო სისხლი გვქონდა.

წყარო: სარკე