,,დედაჩემმა აიფარა სახეზე ხელები და ატირდა” – ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

  • სარკე
  • 9 ნოემბერი 14:39, 2018 წელი

ქართველი ემიგრანტი ფეისბუქში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს დედაზე:

,,ფეხები მტკივაო – ხმადაბლა დაიჩივლა დედაჩემმა. სიცივეს ვერ ვგუობ, ძვლები მაწუხებსო, ამბობს და გულზე მაწევს სიტყვები.
როდის ჩამოხვალო – ჯერ არ წამოსულს მეკითხება და ბავშვური მოუსვენრობით მივლის გარშემო.
მენატრებიო, დედა გენაცვალოსო, ნეტავ ჩამოხვიდე და დარჩე ცოტახანსო – მაცილებს და სიტყვებს ვეღარ უყრის თავს.
კარგი, მიბრუნდი უკან, მე თვითონ წავალ, ცივა-მეთქი. არ მიდის. მოვდივარ და მომყვება.
მიბრუნდი-მეთქი, ვუმეორებ და ლამის ძალით ვატრიალებ უკან.


არ წავიდა. დადგა ბავშვივით დედაჩემი, აიფარა სახეზე ხელები და ატირდა. დიდი ბავშვივით ატირდა.
– არაფერიაო, მამხნევებს. მიყვარხარო.


წავიდა. მობრუნდა. ჩამეხუტა. ჩამეხუტა და ხელის ზურგით იწმენდდა ცრემლებს.


ხან რა ვთქვი.
ხან რა.
ვერაფერი.


მოვდივარ და მთელი დღეა, ლოდებივით მოვაგორებ დედაჩემის ცრემლებს.


მძიმეა, – წერს ია იაღანაშვილი.

წყარო: სარკე