"დავიღალე შვილზე ფიქრში და, როცა არ ველოდი, ეს ამბავი ზუსტად მაშინ მოხდა"

  • სარკე
  • 18 ოქტომბერი 12:46, 2018 წელი

მომღერალი სოფო ბედია და მისი ქმარი, მიშა მესხი, ნანატრ შვილს ელოდებიან. თითქმის 5 წელია, რაც დაქორწინდნენ და პირველივე დღიდან ოცნებობდნენ საერთო შვილზე. როგორც იქნა, ნატვრა აუხდათ და იანვარში ბიჭის მშობლები გახდებიან.

მიშა მამა პირველად გახდება და ამ ბედნიერ ცნობას ძალიან ემოციურად შეხვდა. სოფომ კი ეს შეგრძნებები პირველად 10 წლის წინ გამოსცადა. მას პირველი ქორწინებიდან ვაჟი, ნიკუშა ჰყავს.


— სოფო, “სარკესთან” ხშირად ამბობდით, რომ შვილი ძალიან გინდოდათ. ჩვენც გაგვიხარდა, როცა თქვენი ორსულობის შესახებ შევიტყვეთ.


– მე და მიშა 4 წელიწადნახევარია, რაც ერთად ვართ. რა თქმა უნდა, ყველა წყვილის ურთიერთობაში დგება დრო, როცა მათ ბავშვის ყოლა სურთ. მართალი გითხრათ, ჩვენ დაქორწინებიდანვე გვინდოდა შვილი, მაგრამ რაღაც პრობლემები მქონდა… როცა მოეშვები, 24 საათი ამაზე აღარ ფიქრობ, ჩაციკლული აღარ ხარ, ზუსტად მაშინ ხდება ეს. როცა აბსოლუტურად არ ველოდი, ზუსტად მაშინ მოხდა ეს სასიხარულო ამბავი. ყველაფერი ღვთის ნებაა.


— ანუ ეს ორსულობა დაუგეგმავია?


– დიახ. რაღაც მომენტში დავიღალეთ ამაზე ფიქრით, შვილი უკვე ოცნება, სანატრელი იყო. ახლა კი ეს ოცნება აგვიხდა და ღმერთს ვთხოვ, ბოლომდე მშვიდობით დაჯანმრთელად მივიდეთ და, რაც მთავარია, ჯანმრთელი ბავშვი გვეყოლოს. ბიჭუნას ველოდებით. ჩემს ნიკუშას ძმა ეყოლება და ეს ყველაზე მეტად მას უხარია. როცა ეს ამბავი გაიგო, ძმა მინდაო, თქვა. მაშინ სქესიც არ ვიცოდით.


— როგორი რეაქცია ჰქონდა ქმარს, როცა უთხარით, რომ მამა გახდებოდა?


– დასარწმუნებლად ორჯერ გავიკეთე ორსულობის ტესტი და, როცა შედეგი ვუთხარი, ცრემლებით შევხვდით, არ გვჯეროდა. მაშინვე გავქანდით ექიმთან და გადავამოწმეთ. ენით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც იმ მომენტში გვქონდა, ეს გრძნობა არაამქვეყნიურია!


— ამ ემოციებს ალბათ ისიც ამძაფრებდა, რომ თქვენი ქმარი პირველად ხდება მამა.


– კი, მიშა ნამდვილად პირველად ხდება მამა და ყოველდღე მაკვირდება მუცელზე, რამდენად მეზრდება. მოფერების თავისი რიტუალები აქვს. ბავშვს ძალიან ბევრს ეფერება, ელაპარაკება, კოცნის და მუცელში ეძებს, რომელ მხარეს ზის. ჩემთვის ეს სიახლე არ არის, ეს განცდები ნიკაზე უკვე მქონდა. მიშას რომ ვუყურებ, მეცინება. ასეთი ბედნიერი კაცი ჩემ ირგვლივ არ მინახავს და თან ასე რომ გამოხატავდეს ამ ბედნიერებას.


— რამდენი წლის იყავით, როცა პირველად გახდით დედა?


– ნიკუშა 10 წლის წინ გავაჩინე, მაშინ 23 წლის ბავშვი ვიყავი, ახლა 33 წლის ვარ. ამ ასაკში უკვე დაღვინებული ხარ, ყველაფერი გამოვლილი გაქვს. 10 წლის წინ ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო, რომ დედა ვხდებოდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა ეს ორსულობა ნანატრი და ნაოცნებარი რომ არის, უფრო სხვანაირად ვაფასებ, უფრო ფრთხილი ვარ.


— თქვენი და მიშას ცოლქმრულ ურთიერთობას რას შეჰმატებს საერთო შვილი?


– რაც უნდა შეყვარებული იყოს ცოლ-ქმარი, ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა სიახლეებია აუცილებელი. ჩვენ ეს წამალივით გვჭირდებოდა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდა, პირიქით, ძალიან კარგად ვიყავით, უბრალოდ ეს იყო ჩვენი მთავარი ოცნება და სრულიად მოულოდნელად გვეწვია ეს ბედნიერება.


— როგორი ორსულობა გაქვთ?


– მადლობა ღმერთს, რომ კარგი ორსულობა მაქვს, ტოქსიკოზი არც პირველად მქონია და არც ახლა მაქვს. უფრო ემოციური გავხდი, ყველაფერზე მეტირება, სიხარულზეც, წყენაზეც. სხვა მხრივ, ძალიან წყნარი და მშვიდი ორსული ვარ, ექიმს ვუჯერებ, რაღაც-რაღაცებზე უარს ვამბობ.


— მაგალითად, რაზე ამბობთ უარს?


– ვერიდები ნერვიულობას. ოჯახის წევრები სულ ცდილობენ, კარგ ხასიათზე ვიყო. სულ დიეტაზე ვიყავი, ახლა ცოტა მივუშვი, რადგან ის ვიტამინები, რომლებიც ბავშვს სჭირდება, აუცილებლად უნდა მივიღო.


— წონაში მოიმატეთ?


– თავისთავად, ოღონდ კატასტროფულად – არა. ყველა მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ორსული ვარ, რაც მახარებს. სულ რომ 500 კილო გავხდე, ისეთი ბედნიერი ვარ, პრობლემა არაა. იმ მომატებულ კილოგრამებს დავაგდებ, ისეთი ნებისყოფა მაქვს.


–– როდის ელოდებით პატარას?


– საშობაოდ, 7 იანვრამდე უნდა დაიბადოს. სახელი ჯერ არ შეგვირჩევია, რადგან მეგონა, გოგონა გვეყოლებოდა. ჩემი ოცნება იყო, ერთი გოგო მაინც მყოლოდა, რომ გამომეპრანჭა, ისე ჩამეცმია, როგორც მინდოდა. ალბათ ყველა ქალს უხარია გოგოს დაბადება. სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ძალიან ნანატრი შვილია, მაგრამ გოგო აუცილებლად მინდა, რომ მყავდეს.


–– მიშასაც გოგო უნდოდა?


– გაგიკვირდებათ და, მასაც გოგო უნდოდა. მიშასაც გოგოები მოსწონს განსაკუთრებულად, კიკინებიანი, ხუჭუჭები, მსუქნები. მოკლედ, ორივე განვეწყვეთ, რომ გოგო იყო, მაგრამ ბოლოს ისეთი ინსტრუმენტი დაგვანახა ექოსკოპიაზე, რომ… აღმოჩნდა, რომ ბიჭუნაა.


— მუშაობას ჯერ ისევ აგრძელებთ თუ შეწყვიტეთ?


– ვაგრძელებ, პარალელურად ივენთებში ვმონაწილეობ, ახალ სიმღერებზეც ვმუშაობ. ეს ორსულობა ჩემს კარიერაში პაუზას არ ნიშნავს, პირიქით, ძალიან აქტიურად ვიმუშავებ.

წყარო: სარკე