“რელსებზე იჯდა და მატარებელს ელოდა, მიუხედავად გაბმული სიგნალისა, არ ადგა“ - ტრაგედია მარნეულში

  • რეზონანსი
  • 16 ოქტომბერი 17:39, 2018 წელი

დღეს დილას, მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 28 წლამდე მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა.


მემანქანემ მისი შემჩნევა მალევე მოასწრო და გაფრთხილება ხმოვანი სიგნალით სცადა. თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი არც კი განძრეულა და სიგნალზე რეაქცია არ ჰქონია. ის რელსებიდან არ გადავიდა, რის გამოც მას მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარადიცვალა.


უცნობია ახალგაზრდამ ეს განზრახ გააკეთა, თუ მან ვერ გაიგო მატარებლის ხმოვანი სიგნალი. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ შეუძლებელია მას ამხელა ხმოვანი სიგნალი ვერ გაეგონა, ან მატარებელი ვერ დაენახა.


მათი აზრით, ის განზრახ იჯდა რელსებზე და დარჩათ შთაბეჭდილება, რომ სწორედაც მატარებლის გამოჩენას ელოდა. არის თუ არა ეს სუიციდის ფაქტი, მათთვის უცნობია. თუმცა, არც ამ ფაქტს გამორიცხავენ.


„არ ვიცი ეს რა იყო. მატარებლის რელსებზე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. გარშემო ვინც იყო, ყველამ დაინახა. სანამ მატარებელი გამოჩნდებოდა, ამბობენ მანამდეც ეძახდნენ, რომ ამდგარიყო, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. ნასვამი იყო თუ ფხიზელი, არავინ იცის. თითქოს განზრახ იჯდა და მატარებელს ელოდა.


მატარებლის დანახვისთანავე შეეძლო ამდგარიყო, მითუმეტეს მატარებლის მემანქანემ მალევე შეამჩნია და გაბმული სიგნალი მისცა. არაფრით არ ადგა. ეს უფრო თვითმკვლელობის ფაქტს ჰგავდა. სხვა რა შეიძლება დავარქვათ არ ვიცი. ადგილზევე გარდაიცვალა. არ ვიცით ვინ არის, მემგონი, რომ ადგილობრივი მცხოვრებია", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


მსგავსი შემთხვევა 25 სექტემბერს თბილისშიც მოხდა. ფეიქრების ქუჩაზე მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.


 

წყარო: რეზონანსი