დეკანოზ გიორგი მამალაძეს შესაძლოა სასულიერო პირის სტატუსი ჩამოართვან

  • რეზონანსი
  • 8 ოქტომბერი 13:30, 2018 წელი

შესაძლო დეკანოზ გიორგი მამალაძეს 12-13 ოქტომბერს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე სასულიერო პირის სასტუსი ჩამოართვან.

საპატრიარქოს შიდა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხსენებულ სხდომაზე ერთ-ერთ მძიმე განსახილველ საკითხებს შორის ე.წ. ციანიდის საქმეც იქნება. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც  ყველა ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და საბოლოო განაჩენით დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 


თეოლოგები, დეკანოზის ოჯახი და ადვოკატებიც, დაგეგმილ სინოდის სხდომაზე  მამა გიორგისთვის სასულიერო პირის სტატუსის შეჩერებაზე მსჯელობას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, ეს მოლოდინი მას შემდეგ კიდევ უფრო რეალური გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი არ შეიწყალა. ისინი ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტზე გარკვეული სახის გავლენა იქონია საპატრიაქრომ და პირადა მეუფე შიომ, რომელიც მარგველაშვილის ახლო მეგობარია. 


შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით განიხილეს, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი. აუცილებელი იყო, რომ სხდომას კომისიის წევრთა 3/4 დასწრებოდა და ყველა მათგანი ერთ პოზიციაზე შეთანხმებულიყო, თუმცა კონსენსუსი ვერ შედგა.


პრეზიდენტს კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გადაუგზავნა, რაც მან სრულად გაიზიარა.  


მოხდება თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე დეკანოზის საკითხზე მსჯელობა „რეზონანსი“ ამის გარკვევას საპატრიარქოში და მეუფეებთან შეეცადა, თუმცა არცერთმა ჩვენს ზარებზე სტატიის მომზადების პერიოდში არ გვიპასუხა. შესაძლოა დეკანოზ მამალაძის  საკითხი საპატრიაქროში სასაულიერო პირების დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდეს. 


თუმცა, სინოდის სხდომა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როგორც თეოლოგები ამბობენ, სხდომა საკმაოდ დაძაბული და მძიმე იქნება, ამიტომაც უწმინდესი ამისთვის მზად უნდა იყოს. თუ მისი ჯანმრთელობა შესაბამისი არ იქნება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ სხდომა ნოემბრის დასაწყისამდე გადაიდოს. 


დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე „რეზონანსთაან“ აცხადებს, რომ თუ სინოდის სხდომა ობიექტურად წარიმართება, მაშინ მამა გიორგისთვის არა სასულიერო პირის სტატუსის ჩამორთმევა გახდება საჭირო, არამედ საპატრიაქრო მივა დასკვნამდე, რომ ის უდანაშაულოა. 


„ვნახოთ და დაველოდოთ, გამორიცხული არაფერია. ამ სხდომაზე გაირკვევა წმინდა სინოდი არის თუ არა ჭეშმარიტებისკენ მიდრეკილი, თუ ბოროტი ძალების მსახურია. ფაქტი ერთია, რომ დეკანოზის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ძალები იბრძვიან და ვნახეთ, რომ ამ ძალების ბრძოლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც აისახა. 


„სინოდის წევრებისგან არაფერს გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, მათი განცხადებები იძლევა იმის ეჭვს, რომ შესაძლოა ბევრ მათგანს მამა გიორგისთვის  სტატუსის ჩამორთმევა სურდეს“, - აცხადებს მამალაძე „რეზონანსთან“. 


 

წყარო: რეზონანსი