ლელა კაკულიასთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტი „რუდოტელი“ საბაჟოზე "დააკავეს"

  • facebook.com
  • 7 ოქტომბერი 01:19, 2018 წელი

ლელა კაკულიას "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია ვრცელდება:

"ამბავი საბაჟოზე დაპატიმრებული პრეპარატისა და ადმინისტრაციის მოკძალებული თხოვნისა


აი, ასე პათეტიკურად და მაღალფარდოვნად გვინდა დავიწყოთ თხრობა ამბისა, რომელიც ახლახან, ყველასგან დამოუკიდებლად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოხდა.


საქმე ისაა, რომ ქალბატონ ლელა კაკულიას ნევროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა ალექსანდრე ცისკარიძემ გარკვეული ხნის წინ ანტიდეპრესანტი „რუდოტელი“ დაუნიშნა სამკურნალოდ. წინასწარმეტყველის მეგობრებმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, თავზე აიღეს ქალბატონი ლელას ხარისხიანი პრეპარატით მომარაგების საქმე და პერიოდულად ფოსტით უგზავნიდნენ ხოლმე წამლის მარაგს: უპრობლემოდ, კანონის დაცვით. იგივე პრეპარატს იღებს ქალბატონი ლელას მეუღლე, ბატონი სიმონ პატარაიაც, რომელიც დიაბეტითაა ავად და მასაც აქვს დანიშნული აღნიშნული ანტიდეპრესანტი.


ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. დაახლოებით ერთი თვის წინ უცხოელმა მეგობრებმა ისევ გამოუგზავნეს ქალბატონ ლელას პრეპარატი - ბატონი სიმონის სახელზე. მაგრამ მის ასაღებად საქართველოს ფოსტაში მისულ ბატონ სიმონს უთხრეს, თქვენი ამანათი საბაჟომ დააპატიმრა და იმათ მიმართეთ, ოღონდ თან ფორმა #100 იქონიეთ, რომელიც დაადასტურებს, რომ წამალი ექიმის მიერ გაქვთ გამოწერილიო.


ბატონმა სიმონმაც აიღო ხსენებული ფორმა და კერძო ავია-სატვირთო ტერმინალ „ლასარეს“ მიადგა, რომელიც საბაჟო საწყობითაც გახლავთ აღჭურვილი. იქ კი გაირკვა, რომ ფორმა #100 კი არა, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა იყო საჭირო ამანათის მისაღებად.


ახლა სამინისტროს მიადგა ბატონი სიმონი, სადაც განცხადება დააწერინეს საბაჟოდან პრეპარატების გაცემის მოთხოვნით. მაგრამ უწყებამ პასუხად განუმარტა, რომ სულ ახლახან მიღებული რეგულაციების თანახმად, ანტიდეპრესანტ რუდოტელის ამ სახით შემოტანა შეზღუდულიყო და ადრესატი მას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა, და რომ ის განადგურებას ექვემდებარებოდა!


ანუ, სანამ პრეპარატი გზაში იყო, საქართველოში რაღაცეები შეიცვალა და ქალბატონი ლელა და მისი მეუღლე ამ ცვლილებების უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდნენ - დარჩნენ ხარისხიანი და სანდო წამლის გარეშე.


ეს კიდევ არაფერი, ბატონმა სიმონმა „რუდოტელის“ უკან, გამომგზავნისთვის დაბრუნება მოითხოვა. რატომ უნდა გაანადგუროთ, ადამიანმა ცალკე წამალში გადაიხადა ფული, ცალკე გამოგზავნაში, არანაირი საერთაშორისო თუ კონკრეტული ქვეყნის კანონი არ დაურღვევია, რა იცოდა, რომ საქართველოში რაღაც შეიცვლებოდა, და რატომ უნდა ნახოს ზარალიო?! მაგრამ...


მოკლედ, რისი თქმა გვინდა ახლა:


მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაითვალისწინოს პრეპარატების გამოგზავნის თარიღი, გზაში გატარებული დრო, შეადაროს ის საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თარიღს და დასაშვებად ცნოს, რომ ქართველმა წინასწარმეტყველმა კუთვნილი და მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პრეპარატები მიიღოს. 
ვფიქრობთ, ეს სამართლიანიც იქნება და კანონიერიც.


პატივისცემით, გვერდის ადმინისტრაცია".

სრული ვერსიის ნახვა facebook.com