სკრიპალების მკვლელებს შეიძლება მსგავსი დანაშაული საქართველოშიც ჩაედინათ - ბრიტანული პრესა

  • რეზონანსი
  • 28 სექტემბერი 14:36, 2018 წელი

ბრიტანეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა აზრით, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები, ანატოლი ჩეპიგა და ალექსეი პეტროვი შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კილერები იყვნენ.

ბრიტანეთის სამხედრო სადაზვერვო სამსასხურის წარმომადგებელთა აზრით, ისინი სპეციალურად არიან მომზადებულნი კრემლის პოლიტიკური და სამხედრო ოპონენტების ლიკვიდაციისთვის. მეტიც, დიდი ალბათობით, მათ სხვაგანაც აქვთ ჩადენილი სოლსბერის მსგავსი დანაშაული - კერძოდ კრემლის პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის მიუღებელი მოღვაწეების მკვლელობა. მათ შორის, საქართველოშიც.


აქედან გამომდინარე, უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ისეთ კონფლიქტურ ზონებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და ჩეჩნეთი, იწყებენ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი "ტურისტების" - ჩეპიგასა (ბოშიროვი) და პეტროვის საქმეების შესწავლას, რათა გაარკვიონ, მიუღიათ თუ არა ზემოხსენებულებს მონაწილეობა რუსეთის მიერ ჩატარებულ რომელიმე მსგავს ოპერაციაში. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mirror ავრცელებს.


ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურების დამოუკიდებელი ყოფილი წარმომადგენელის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ბოშიროვსა და პეტროვს მსგავსი ოპერაციები წარსულშიც ჩაუტარებიათ:


"კრემლის ხელმძღვანელობის მიერ სამიზნედ არჩეული საკვანძო ფიგურების გზიდან ჩამოშორება - სწორედ ეს არის ის, რისთვისაც რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში ამზადებენ ოფიცრებს. დიდი შანსია იმის, რომ ამ ორს მსგავსი რამ უკვე გაუკეთებიათ," - განაცხადა საიდუმლო სამსახურების ყოფილმა წარმომადგენელმა.


 

წყარო: რეზონანსი