რა დაჯდება ტაქსების "გათეთრება"?

  • რეზონანსი
  • 27 სექტემბერი 13:20, 2018 წელი

"ტაქსისტებს", იმისათვის, რომ საკუთარი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანა შეძლონ, დაახლოებით 2000 ლარის დახარჯვა მოუწევთ.

სპეციალისტების აზრით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება და ნახევარზე მეტს მუშაობის შესაძლებლობა არ ექნება. უხეში გათვლით, მარტო მანქანის ფერის შეცვლას 1500 ლარამდე სჭირდება. ტექნიკური შემოწმებისა და რეგისტრაციის ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 500 ლარია, ანუ ჯამში "ტაქსისტებს" 2000 ლარამდე დაეხარჯებათ.


ერთი მხრივ, კარგია, რომ სატაქსო მომხსახურება მოწესრიგდება, მაგრამ იმდენად დიდია ხარჯი, რომ მისი გაწევა უმეტესობისათვის ფიზიკურად შეუძლებელია.


მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება. მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.


აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის ტექპასპორტის შეცვლა მოუწევთ, რადგან მოწმობაში, ავტომანქანის სხვა მონაცემებთან ერთად, მისი ფერიც არის მითითებული.


შესაბამისად, მანქანის ტექპასპორტის შეცვლა მძღოლებს 65 ლარი დაუჯდებათ. მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის აღება 35 ლარი ღირს, თუმცა ფერის შეცვლისას მძღოლებს დამატებით 30 ლარის გადახდაც უწევთ, რაც ჯამურად სწორედ 65 ლარს შეადგენს.


"მოქალაქე, ვისაც სურს მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას შეუცვალოს ფერი, ვალდებულია, გადაღებვის შემდეგ წამოადგინოს ავტომობილი მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალება გაივლის სტანდარტულ დათვალიერებას, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო დოკუმენტში განხორციელდება ცვლილება და მფლობელი მიიღებს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას", - აცხადებენ შსს-ში.


სპეციალისტები ტაქსის ფერის იდეას იწონებენ, მაგრამ მძღოლების მხრიდან ამ ხარჯის სრულად გაწევას დაუშვებლად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მათ წინასწარ დაითვალეს ხარჯი, რაც "ტაქსისტებს" თავიანთი საქმიანობის შესასრულებლად დასჭირდებათ.


როგორც ინჟინერი, სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი ნოდარ რამიშვილი ამბობს, "ტაქსისტებს" მანქანის მწყობრში მოსაყვანად დაახლოებით 2000 ლარამდე დასჭირდებათ.


"სასურველია, რომ ქალაქში ერთი ფერის ტაქსი მოძრაობდეს, მაგრამ ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რამდენად შეძლებს ხალხი ამ ხარჯის გაწევას. თანაც, ისიც კი არ იციან, შეღებავენ მანქანას და შეძლებენ თუ არა მუშაობას. ზოგადად, გაურკვეველი სიტუაციაა.


ერთი მანქანის გადაღებვა 1500 ლარამდე ჯდება. ზოგი ისეთი გაჭირვებულია, რომ ამ თანხას ვერაფრით გასწვდება. ყველაფერი ძვირდება, ცალკე ლიცენზიაში 100 ლარი უნდა იხადონ, ელემენტარულად, ტექდათვალიერება რომ გაიაროს, მანქანა ჯერ გაზზე უნდა შემოწმდეს (ტაქსების აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებრივ აირზე მუშაობს). ჯამში ამას ერთად 310 ლარამდე უნდა. მანქანის სარეგისტრაციო ნომრის აღებაც ცალკე თანხას მოითხოვს.


საერთო ჯამში, 2000 ლარამდე იზრდება ხარჯი. საბოლოოდ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ ამ თანხას მომხმარებლისაგან ამოიღებს, მაგრამ არც ამ მხრივ არის ნორმალური ვითარება. არ შეიძლება, ასეთ რეგულაციას მხარი დაუჭირო, ხალხს ტვირთი აჰკიდო. სამთავრობო სტრუქტურები დღეს ნახევრად სწავლულებითაა დაკომპლექტებული. არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეთია რეალობა", - ამბობს "რეზონანსთან" რამიშვილი.


საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ "ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც თეთრ ფერზე არის ფასადური. გადაღებვის გარდა, ტაქსის მძღოლებისათვის არსებობს სხვა დანახარჯებიც, რაც, საბოლოო ჯამში, ტაქსით მგზავრობის ღირებულებას გააძვირებს და ამ თანხების ამოღება მგზავრების ჯიბიდან მოხდება.


"ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც არის ფასადური. ეს რეფორმა, როგორც მერიამ დაგეგმა, რეალურად არაფრის მომცემია. მთავარი ის იყო, რომ ტაქსები ტექნიკურად ყოფილიყო გამართული, მოწესრიგებული, ეს ყველაფერი კი ადმინისტრაციულად მოგვარებულიყო. ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, სინამდვილეში, რას ნიშნავს ტაქსებთან დაკავშირებით შეტევა. შეიძლება, თბილისში თეთრმა ტაქსებმა იარონ, მაგრამ ჩვენთვის, მგზავრებისათვის შეიცვლება ერთი - ძვირად ვიმგზავრებთ თეთრი ტაქსით", - განაცხადა მესხიშვილმა.

წყარო: რეზონანსი