პირველ კლასში მიღებამდე ბავშვები 2-წლიან მოსამზადებელ კურსს გაივლიან

  • რეზონანსი
  • 21 სექტემბერი 10:43, 2018 წელი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გენადი მარგველაშვილის ინფორმაციით, საგანმანათლებლო სისტემაშ მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება.

განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.


„ამ მიმართულებით თუ ცვლილება დაიგეგმება, ეს ალბათ, იქნება პირდაპირ მიბმული იმ კანონებთანაც, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ეხება. შეიძლება იყოს 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი და ამის შემდეგ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომით გადაწყდეს პირველ კლასში რა ასაკის შევა – ეს არის ჩემი მოსაზრება. არ არის გამორიცხული ეს საკითხი გადაიხედოს, მაგრამ ამას სერიოზულად დაჯდომა და მოფიქრება სჭირდება.


თუკი ბავშვი ვუნდერკინდია, რაღაც ტიპის განსაკუთრებულობა არსებობს, ამ შემთხვევაში მინისტრის პრეროგატივაა, რომ დაუშვას 6-წლამდე ასაკის ბავშვის პირველ კლასში მიღება. რამდენადაც მახსოვს იყო ასეთი მიდგომა, შეიძლებოდა მინისტრისთვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე განსაკუთრებული მონაცემი ჰქონდა. სასკოლო ასაკის მზაობა არ არის მაინცდამაინც 6 წელი, შეიძლება იყოს 7 წელი ან 5 წელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: რეზონანსი