"პატარძეულში ერთ ქალს ქმრისთვის უღალატია, ვირზე შეუსვამთ და ისე უტარებიათ"

  • რეზონანსი
  • 5 სექტემბერი 21:59, 2018 წელი

"ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი - მელნად, ვარსკვლვები გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავასხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმი".

უთქვამს გიორგი ლეონიძეს 1959 წელს თავის 60 წლის იუბილეზე, როდესაც მას სახალხო პოეტის საპატიო წოდება მიენიჭა.


ბავშვობიდან კათოლიკოსობაზე ოცნებობდა, ამბობდა, მინდოდა, "გიორგი ბროლა" ვყოფილიყავიო. თბილისის სასულიერო სასწავლებელში ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე ასწავლიდნენ. ვასილ ბარნოვს ქართულ ენასა და ლიტარატურაში მოსწავლეებისთვის დავალება მიუცია. რამდენიმე დღის შემდეგ რვეულით ხელში კლასში შესულა და მთელ კლასს მიმართა: "ერთ თქვენგას მოცემული თემა ლექსად დაუწერია, ეს თემა მეტად ნიჭიერადაა დაწერილი. აქ უდავოდ ხელოვანის ხელი ჩანს. მე ვურჩევდი მას, მტკიცედ დაადგეს ამ გზას და დარწმუნებული ვარ, მისგან კარგი პოეტი გამოვა" - ვასილ ბარნოვს რვეული გიორგი ლეონიძისთვის გადაუცია.


გოგლას პირველი ლექსი იყო "მცხეთა", მეორე ლექსი ვაჟა-ფშაველას მიუძღვნა. შემდეგ მისი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; კარიკატურაც ყოფილა, სადაც პატარა ბიჭი გამომცემელ როსტომაშვილს კაპიკს აძლევს, რომ ლექსი დაუბეჭდოს.


1918 წლიდან გოგლა ცისფერყანწელებთან მივიდა და იმ დღიდან მათი წევრი გახდა. მეგობრობდა ტიციანთან, პაოლო იაშვილთან, შალვა აფხაიძესთან, სერგო კლდიაშვილთან. გალაკტიონსაც ძალიან უყვარდა, ამბობდა, გოგლა ვაჟკაცია, ამ კაცს არასდროს უთქვამს ჩემზე, ლოთიაო. თავად გოგლა კი გალაკტიონს ასე იხსენებდა: "ერთხელ ვერის ხიდზე ვიდექი სასოწარკვეთილი, ლამის თავის დახრჩობა მინდოდა. ამ დროს ჩემთან პალტომოხვეული გალაკტიონი მოვიდა. უთქმელად მიმიხვდა სულიერ მდგომარეობას და მითხრა: "გოგლა, ცხოვრებას არ აჰყვე, თორემ გაგაგიჟებს, გამაგრდი!" მერე ხელკავი გამომდო და ლურჯი მონასტრისკენ წამიყვანა".


ცისფერყანწელებმა ქორწილი "ქიმერიონში" გადაუხადეს. თამადა პაოლო იაშვილი იყო, თამადის მოადგილეები - სანდრო ყანჩელი და სანდრო შანშიაშვილი, სუფრაზე კი საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი მღეროდა.


როგორც ტიციანის მეუღლე ნინო იხსენებდა, ეს ამბავი ასე ყოფილა: "მომავალი მეუღლე თავადის ქალი ეფემია გედევანიშვილი გოგლამ 1918 წელს თავისი დის ოჯახში გაიცნო და პირველივე დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა. ეფემიასაც მოეწონა ახალგაზრდა პოეტი, მაგრამ მათ ქორწინებას ქალის ოჯახი არ თანხმდებოდა. პაოლოს ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და ტიციანმა განათლების კომისარიატში შევიარეთ, სადაც გიორგი ლეონიძე მუშაობდა. დერეფანში რომ გავიარეთ, ფანჯარასთან მტირალი გოგონა დავინახეთ. ტიციანს დავანახვე. ეს ის გოგონაა, გოგლას რომ უყვარსო, მითხრა ტიციანმა. გოგლასთან რომ შევედით, მაშინვე ვკითხე, ფეფიკო რატომ ტიროდა-მეთქი. მის მშობლებს გაუგიათ, ერთმანეთი რომ გვიყვარს ლა ძალზედ უკმაყოფილონი არიანო, მიპასუხა. ვუთხარი, თუ მართლა გიყვარს, ადექი და ჯვარი დაიწერე!.. მოდი, დღესვე მოვიტაცოთ-მეთქი...


მართლაც, ფეფიკო მეგობართან წავიყვანეთ და იქ დავმალეთ. ტიციანი ვახშმის მოსაწყობად და სტუმრების დასაპატიჟებლად "ქიმერიონში" გაიქცა. გოგლა და მე ბეჭდების საყიდლად გავცვივდით ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ ბეჭედი ვერ ვიშოვეთ. მაშინ ჩვენი ბეჭდები შევთავაზე. გოგლამ და ფეფიკომ სიონში დაიწერეს ჯვარი. კათალიკოს ლეონიდემ დასწერათ ჯვარი. ჯვრისწერის შემდეგ "ქიმერიონში" მივედით ეტლით, ჩამოსვლისთანავე ახლად დაქორწინებულებს ბეჭდები მოვხსენით და მეეტლეს მივეცით, რადგან ფული არ გვქონდა. მერე ეს მეეტლე ერთი თვე დაგვდევდა, რომ ბეჭდები გამოგვესყიდა", - იხსენებდა ნინო ტაბიძე.


გოგლამ და ეფემიამ ჩინებული ოჯახი შექმნეს, სადაც თავს იყრიდნენ მწერლები და პოეტები. 1931 წელს ცისფერყანწელთა საძმოს ბორის პასტერნაკი ეწვია, შინ დაბრუნებულს კი ტიციანისთვის ბარათი გამოუგზავნია, სადაც გოგლას ოჯახში გატარებულ ერთ საღმაოს იხსენებდა. "გახსოვთ, წინა ღამე ლეონიძეებთან გავატარე. გადავწყვიტე, უკანასკნელი საღამო წყნარად გამეტარებინა, მაგრამ ძალით წამიყვანეს. ეფემია ბევრს მღეროდა და ერთი მშვენიერი, ლაბირინთივით ჩახლართული მეგრული სიმღერა "ოუ ნანა" მასწავლა. როცა მანდ გატარებულ ორ კვირას, ეფემიასა და თქვენ გიხსენებთ, სულ იმ სიმღერას ვღიღინებ", - წერდა პასტერნაკი ტიციანს.


"ნატვრის ხე" გიორგი ლეონიძის შემოქმედების მწვერვალად ითვლება, თუმც თავად არ მოსწონდა. მწერალ ხუტა ბერულავას უთხოვია გოგლასთვის, ბავშვობის მოგონებებზე რაიმე დაეწერა. "მართლაც დაიწყო მოგონებების წერა. რეალური ისტორიები შეცვალა და მოგონებების ნაცვლად "ნატვრის ხე" მიიღო. ხშირად ვეკითხებოდი, ვინ იყვნენ რეალურად პერსონაჟები. პატარძეულში ერთ ქალს უცხოვრია, ვისაც ქმრისთვის უღალატია, ვირზე შეუსვამთ და ისე უტარებიათ, მაგრამ ის არ მომკვდარა, მას მერე დიდხანს იცოცხლა. იმ ქალს არც მარიტა ერქვა, გოგლამ კი მასზე მთელი ისტორია ააგო. "ნატვრის ხეში" მაინც ძირითადად მისი ფანტაზიაა, გოგლას რომ ყველაფერი ასე აღეწერა, როგორც სინამდვილეში იყო, ალბათ, ნაწარმოები ასეთი საინტერსო არ გამოვიდოდა", - იხსნებდა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ლეონიძის შვილიშვილი.


"ნატვრის ხე" გოგლამ დედას მიუძღვნა - "ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული". პატარძეულში ყოველ ჩასვლაზე დედის საფლავზე იები მიჰქონდა და საფლავის ქვას კოცნიდა. ამბობენ, ბავშვივით ელოდა ყოველ გაზაფხულს იების ამოსვლასო.


საკუთარი ლექსებიდან გამორჩეულად უყვარდა: "ნინოწმინდის ღამე", "ყივჩაღის პაემანი" და "ოლე". "ოლეზე" უთქვამს: საღამოს შინ შემოვედი, მარტო ვიყავი, დავჯექი, მელანში ჩავაწე კალამი და ერთი ამოსუნთქვით დავწერე. არ ვიცი, რამ დამაწერინაო... უნდოდა, რომანი დაეწერა ცისფერყანწელებზე, რომლის მთავარი გმირი ტიციანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელნაწერები გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გაანადგურა. ფირსმანის ძებნა რომ დაიწყო, ძველ უბანში, ჩერქეზოვის ქუჩაზე მისულა, მის ბავშვობაში აქ ცხოვრობდნენ მეხალიჩეები, მემაწვნეები, მეწაღეები და მღებავები. ასაკოვან ხალხს შეეკითხა ნიკალას შესახებ. უთხრეს, მას ხომ შენც იცნობდი, აღარ გახსოვსო. გოგლამ მაშინვე გაიხსენა თურმე, რომ ბავშვობაში შავებში ჩაცმულ, შლიაპიან, მაღალ კაცს მართლაც იცნობდა, ის მღებავი ნიკალა იყო.

წყარო: რეზონანსი