C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება

  • pia.ge
  • 4 სექტემბერი 11:41, 2018 წელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.

მინისტრის თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამირეიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს.


სერგეენკოს თქმით, პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 150 ლარის ფარგლებში იმერყევებს.


გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი.


ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.


დავით სერგეენკომ დეცენტრალიზაციის პროცესზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უკვე დაწყებულია და რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებს.


“პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”,-განმარტა დავით სერგეენკომ.


სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა.


C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი,  44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელია 98,2%.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge