"მშიერს გვკლავდა, საჭმელებს გვიყრიდა" - თურქეთში 28 ქართველს უფასოდ ამუშავეს

  • რეზონანსი
  • 4 სექტემბერი 10:25, 2018 წელი

საქართველოს 28 მოქალაქე ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფასოდ მუშაობდა.

ისინი ყვებიან, რომ თურქმა დამსაქმებლებმა კუთვნილი თანხა, რაზეც მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, არ გადაუხადეს. ამას ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

„გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, გამოძახებულ იქნენ დამსაქმებლები, შუამავლები და მომავალ კვირას დაიფარება საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება“, – აცხადებენ საკონსულოში.

ფაქტი თურქულმა მედიამაც გააშუქა. ქართველები ყვებიან, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. „მშიერს გვკლავდა, საჭმელებს გვიყრიდა. საღამოობით კარებზე გვიკაკუნებდა, გვაშინებდა“, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში, უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.

წყარო: რეზონანსი