“რამდენჯერმე ფეხზე მდგარს მეძინა”

  • სარკე
  • 3 სექტემბერი 10:50, 2018 წელი

12 წელზე მეტია, ქუთაისელი ირმა შენგელია თურქეთში ცხოვრობს.

ამ წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ რამდენჯერმე შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმოსვლა გამარტივებულია, სამშობლოს და ოჯახის მონახულებას ხშირად ვერ ახერხებს, რადგან უფროსები ამის საშუალებას არ აძლევენ.


ქალბატონი ირმა ემიგრანტის გზას რომ დაადგა, მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ, დღეს კი ორივეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და დაოჯახებულებიც არიან. დედამ შვილების ქორწილებში ჩამოსვლა ვერ შეძლო. მალე შვილიშვილს ელოდება და ბავშვის ნახვაც “სკაიპით” მოუწევს, რადგან მაღაზიაში, სადაც მუშაობს, ზაფხულის სეზონი დატვირთულია და დასვენების დღეებს არ მისცემენ.


– ქალბატონო ირმა, როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება?


– 12 წელზე ცოტა მეტია, რაც საქართველო დავტოვე და თურქეთში გადავსახლდი. მიზეზების მოყოლას რა აზრი აქვს, ყველამ კარგად იცის, ძირითადად რატომაც ტოვებენ სამშობლოს.


პირველი ნაბიჯები ყველაზე საშინელია. ენა არ იცი, სამუშაო გარანტირებული არ გაქვს, უნდა მიენდო დამსაქმებელს, რომელიც, არ იცი, ვისთან გაგამწესებს. დიდი ტანჯვა-წამების გავლა გიწევს.


თავიდან უმეტესობა ოჯახებში მუშაობას იწყებს და მეც ასე, ოჯახიდან ოჯახში დავდიოდი. თითებზე ვითვლიდი დღეებს, როდის გავიდოდა 3 თვე, რომ რამდენიმე დღით საქართველოში დავბრუნებულიყავი, მენახა შვილები და ახლობლები. ბოლო დღეები განსაკუთრებით იწელებოდა, ათასჯერ გადამითვლია ბოლო 19 ან 15 დღე. ჩემს თავს ვეუბნებოდი, დღევანდელი დღეც წაშალე კალენდარზე, მალე შეგეხება “ამნისტია”, აბა, რა იქნება-მეთქი. ჩემს დამქირავებლებს კი იმ ერთი კვირითაც არ უნდოდათ, წამოვსულიყავი ჩემს ქვეყანაში, ვირის გარეშე ვერ ძლებდნენ.


ადრე 3 თვეში ერთხელ მაინც შემეძლო ჩამოსვლა, მაგრამ მერე კანონი შეცვალეს და ასე მალ-მალე ვეღარ ჩამოვდიოდი.


– ენის სწავლის შემდეგ არ გაგიმარტივდათ მუშაობა?


– ენა რომ დავხვეწე, მაღაზიაში გადავედი სამუშაოდ. მე რომ არ ვმუშაობდე და უბრალოდ გვერდიდან ვაფასებდე მოვლენებს, არ ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა, გამეცინებოდა თუ ამეტირებოდა იმ სიტუაციაზე, რასაც უფროსები გვიქმნიან ხოლმე.


ერთ-ერთ მაღაზიაში, წესით, განსაზღვრული სამუშაო დრო იყო, სინამდვილეში კი სამუშაო საათები უფროსის ხუშტურებზე იყო დამოკიდებული. სამუშაო საღამოს 8 საათზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ თუ დაინახავდა, რომ ვინმე გზააბნეული კლიენტი დასათვალიერებლად და დროის გასაყვანად შემოვიდოდა, არაფრით დაკეტავდა. რამდენჯერ 1 საათიც გადამიცილებია დადგენილ დროს და გაღიმებულს მშობლიურ ენაზე “მომიკითხავს” ჩემი უფროსი.


– ყველაზე რთული სამუშაო გრაფიკი და პირობები სად გქონდათ?


– ბოლო სამუშაო ყველაზე მძიმე და უცნაური იყო ჩემთვის. მაღაზიაში არც სკამი იყო, არც დივანი, არაფერი იდგა ისეთი, რომ ჩამომჯდარიყავი და დაგესვენა. მანამდე იდექი რიგში (თურმე გამყიდველების რიგიც არსებობს), სანამ შენი ჯერი არ მოვიდოდა და კლიენტს არ შემოატარებდი რვასართულიან უზარმაზარ მაღაზიას ფეხით.


მაღაზიაში იყო ლიფტი, მაგრამ უფროსი ამბობდა, ქვემოთ არ ჩამოდის, მხოლოდ ზემოთ ადისო. კლიენტები ამას იჯერებდნენ ან ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ ტყუილის მიზანი ერთი იყო, სანამ კონკრეტულ სექციამდე მივიდოდა, ყველა სართული უნდა დაეთვალიერებინა, რომ იქნებ მოსწონებოდა რამე და ეყიდა. ასე მთელი დღე, საათების განმავლობაში ყველანი ფეხზე ვიდექით.


რამდენჯერმე თანამშრომლებმა გამაღვიძეს – ფეხზე მდგარს მეძინა. კამერებია და უფროსი შეგამჩნევსო, მითხრეს. შეუძლებელია, წლების განმავლობაში ასეთ რეჟიმს გაუძლო, მაგრამ ხომ გაგიგიათ, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო.


– ბევრი ემიგრანტია ასეთ პირობებში?


– არავინ იცის, ვინ რა გადაიტანა და დღემდე ვის რისი გადატანა უწევს უცხოეთში იმისთვის, რომ საქართველოში ქმარ-შვილი უსახსროდ მიტოვებული არ ჰყავდეს. არავის უხარია ასეთ პირობებში ყოფნა, ყველას ურჩევნია, საკუთარ სამშობლოში იყოს რეალიზებული, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, საქართველო ვერ გვიქმნის საცხოვრებელ პირობებს.


დღიური მაქვს და იქ ვაკეთებ ჩანაწერებს, ამით დროც გამყავს და, სევდა რომ მეძალება, თითქოს ამით ვიქარვებ. ერთგან ვწერ: “მიყვარხარ, საქართველოვ, მიყვარს შენი მომაჯადოებელი სილამაზე, მიყვარს შენი ამაყი ხასიათი. განადგურებულო და გაუბედურებულო, გადაშენების ზღვარზე მისულო, საყვარელო და მშობლიურო საქართველო, ძალიან მიყვარხარ და მენატრები”.


– თურქეთში წასვლის წინ რა ასაკის დატოვეთ შვილები?


– ქალიშვილი 15 წლის იყო, ვაჟი 17-ის. დღეს უკვე დიდები არიან, 27 და 29 წლის. ორივემ საკუთარი ოჯახი შექმნა და ვერც ერთის ქორწილში შევძელი ჩამოსვლა. წარმოგიდგენიათ, რა რთულია, როცა, ყველაზე საუკეთესო და ღირებული ვინც გყავს, მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს რომ ემიგრაციაში ხვდები. ეს არის დედისთვის ჯოჯოხეთი, მაგრამ რა უნდა ქნა?


ახლა, სულ მალე, ჩემი გოგო დედა გახდება, ფეხმძიმედ არის და მშობიარობის დროსაც ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. ისეთი სეზონი ემთხვევა, რომ მაღაზიიდან არ მიშვებენ.


ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც ემიგრანტები სიძეებს, რძლებს და შვილიშვილებს “სკაიპით” არ გაიცნობენ. შვილების ქორწილებს ტელეფონით არ მოუსმენენ და ჩვენ, 21-ე საუკუნის მამლუქებს გვეღირსება ისეთ სამშობლოში დაბრუნება, სადაც არ მოგვიწევს იმაზე ფიქრი, რა ვაჭამოთ შვილებს.


მეეჭვება, რომ უახლოეს პერიოდში ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ იმაში კი ვარ დარწმუნებული, რომ დადგება დრო, როცა ემიგრანტები ჩვენს კერას დავუბრუნდებით.

წყარო: სარკე