ნანუკა გოგიჩაიშვილი შეყვარებულია – “მასთან ძალიან ბედნიერი ვარ”

  • სარკე
  • 31 აგვისტო 15:58, 2018 წელი

მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს ცოტა ხნის წინ ჩიკაგოსა და ვაშინგტონში ნახატების პირველი გამოფენა ჰქონდა და, რა თქმა უნდა, დიდი ემოციებისა და შთაბეჭდილებების ქვეშაა.

მისი ბავშვობის გატაცება, რომელიც წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, ახლა მისთვის მთავარ ინტერესად იქცა. სამოდელო კარიერამ კი უკანა პლანზე გადაინაცვლა. მის პირადშიც სიახლეა – ნანუკამ გაგვიმხილა, რომ შეყვარებულია და ისიც არ დაუმალავს, რითი დაიპყრო მისი გული ამ პიროვნებამ.


– ნანუკა, გვიამბეთ, ამერიკაში თქვენმა გამოფენამ როგორ ჩაიარა.


– არაჩვეულებრივად ჩაიარა. ამ ყველაფერს თითქოს მესამე პირივით ვუყურებდი, გვერდიდან ვხედავდი ჩემს თავს. ორი გამოფენა ჩიკაგოში მქონდა – ერთი არტ გალერეაში ჩატარდა, მეორე – მოდენ არტში, ერთიც – ვაშინგტონში. ამ დროისთვის იქ არის ჩემი 7 ნამუშევარი. ვაშინგტონში ქართული დღეები ტარდებოდა და მის ფარგლებში მოხდა ჩემი ნახატების გამოფენა. ეს ჩიკაგოს გამოფენისგან განსხვავდებოდა.


– როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ნამუშევრებს, ვინ იყვნენ სტუმრები?


– იმ კომპანიას, რომელმაც გამოფენა გამიკეთა, უშუალო კონტაქტი ჰქონდა ექიმებთან, ადვოკატებთან. შესაბამისად, ძირითადი დამთვალიერებლები სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა სხვა დარგების წარმომადგენლებიც მოვიდნენ. მოსწონდათ ფერები, ყველა ნამუშევარზე თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, კითხვებს მისვამდნენ.


– რისი თქმა გინდოდათ თქვენი ნახატებით? მიიტანეთ სათქმელი ადამიანებამდე?


– ჩემს ნამუშევრებს ჰქვია “აქვა ბაი ნანუკა”, ანუ “წყალი ნანუკასგან”. მთავარი აზრი და იდეა წყალია. ის არის ჩემთვის მამოძრავებელი ძალა, სისუფთავე, სიჯანსაღე. ყველგან ხალხი, თვალები და წყლის ძალა ფიგურირებს. ყველა ჩემს ნამუშევარს წყალი მოსდის, ზოგს თვალებიდან, ზოგს ყურიდან. როგორც ენერგიას, ძალას, ამას ისე ვხსნი.


ხალხს აინტერესებდა, ეს ცრემლი იყო, წვიმა თუ რა. მათ ვუხსნიდი, რომ ეს იყო, როგორც წამოსული აურა. ჩემს ნახატებში ზოგ ადამიანს ხელიდან ხე ამოსდის, ზოგს პომიდორი. ამას ასე ვხსნი, რომ ყველა ადამიანი ქმნის გარემოსთვის რაღაც კარგს.


როცა რაღაცას ვქმნი, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, ძალიან მსიამოვნებს პროცესი, მაგრამ ამის შემდეგ უკვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხალხის ემოციები. თვითონვე იმდენად ვიყავი ამ ყველაფრით გაკვირვებული, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული დღეც კი იყო. სულ ვამბობ, ზღაპარში ვიყავი-მეთქი.


– შემოთავაზებები თუ მიიღეთ?


– კი და ვინც ამ დარგში ერკვევა, ის ხალხი მეუბნება, ძალიან მნიშვნელოვანია, შენი ნამუშევრები გასცეო. მე კი ველოდები იმას, რომ რაღაც უნდა ვიგრძნო და მერე უნდა გადავდგა ასეთი ნაბიჯი. ექვსი ადამიანია, ვინც პირველი გამოფენის შემდეგ მელოდებიან.


ჩემი ნამუშევრების პირველი გაყიდვა აქ, საქართველოში, სექტემბერშია დაგეგმილი. ეს იქნება საქველმოქმედო მიზნით და თანხა კეთილ საქმეს მოხმარდება.


– მოდელობას გააგრძელებთ?


– სამოდელო განხრით ისეთი აქტიური აღარ ვარ. იტალიაშიც აღარ წავედი, რაც გამოფენიდან დავბრუნდი, 5 ახალი ნამუშევარი შევქმენი, კიდევ რამდენიმე მაქვს დარჩენილი. ახალი წინადადებებია წამოსული და მათზე ვიმუშავებ.


– პირად ცხოვრებაშიც ხომ არ გაქვთ სასიამოვნო სიახლე?


– პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა გეტყვით, რომ ამ ეტაპზე გამოჩნდა ადამიანი, ვისთან ერთადაც ძალიან ბედნიერი ვარ.


– ანუ შეყვარებული ხართ?


– კი. შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებული ვარ.


– გვეტყვით, ვინ არის?


– არა. მირჩევნია, რომ პირადი იყოს პირადი.


– ალბათ ბევრი ცდილობდა თქვენი გულის მოგებას. ამ ადამიანმა როგორ მოახერხა ეს?


– ზოგადად, მამაჩემის (მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა. ავტ.) შემყურეს, ყოველთვის მომწონდა ისეთი ადამიანი, რომელიც მზრუნველი, ოჯახზე ორიენტირებული იყო. ეს თვისებები ჩემთვის ყოველთვის დასაფასებელია. დღეს სწორედ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით.


– როგორც ყოველთვის, ახლაც შესანიშნავ ფორმაში ხართ. მართალია, ეს თქვენი ბუნებრივი მონაცემებია, მაგრამ ალბათ თქვენც ზრუნავთ, რომ ეს ფორმა შეინარჩუნოთ.


– დაახლოებით 5 წლის წინ ვვარჯიშობდი კრივში. მერე დროის უქონლობის გამო შევეშვი და ახლა განვაახლე. ერთი თვე იქნება, რაც კრივს დავუბრუნდი და საკმაოდ აქტიურად ვვარჯიშობ. ვერ გეტყვით, რომ გარეგნობას კვებით ვუწყობ ხელს. ერთადერთი, ბევრ წყალს ვსვამ და თაფლს ვჭამ.

წყარო: სარკე