ნინო ჩხეიძე 40 წლის ასაკში მეორე შვილის გაჩენას აპირებს

  • სარკე
  • 31 აგვისტო 15:38, 2018 წელი

მომღერალ ნინო ჩხეიძეს მთელი ზაფხული დატვირთული აქვს. ექსკლუზიურად “სარკეს” გაუმხილა, რომ ორი თვის წინ ბენდი ჩამოაყალიბა და რეპეტიციებს გადიან.

სექტემბრიდან თავის მსმენელს აბსოლუტურად ახალ პროექტს შესთავაზებს, რომელიც მისთვისაც ექსპერიმენტია.


– ნინო, მუდმივად სიმღერებს წერთ, ახალ პროექტებზე მუშაობთ. ამჟამად რას უმზადებთ თქვენს მსმენელს?


– სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ. სექტემბრისთვის კიდევ ახალ პროგრამას ვამზადებ. აბსოლუტურად განსხვავებულ და ხმაურიან პროექტს ვაპირებ. მოკლედ, რეპეტიციები მაქვს.


– რა პროექტი იქნება, წინასწარ არ გაგვიმხელთ?


– ექსკლუზიურად გეტყვით, რომ დაახლოებით ორი თვეა, რაც ბენდი გავაკეთე. ბენდთან ერთად ყოველდღე მაქვს რეპეტიციები, ახალ პროგრამას, ახალ ვერსიებს ვაკეთებ. ასე ვთქვათ, მთელი ზაფხული მუშაობა მომიწევს. ბენდთან ერთად მუშაობა საინტერესოა. თან ამ ბოლო ხანებში ბენდის ყოლა ტრენდული გახდა. მინდა, რომ მეც მოვსინჯო.


სექტემბრიდან ახალ-ახალ პროექტებს შემოგთავაზებთ. ქსოვრელებთან და ხალხურ ინსტრუმენტებთან ერთად მიმღერია, მაგრამ არა ასე. ეს განსხვავებული ბენდი იქნება.


– წლებთან ერთად ცხოვრების სტილი ხომ არ შეგეცვალათ? მახსოვს, ადრე მზე და გარუჯვა გიყვარდათ.


– ალბათ შეიცვალა. ადრე ყოველ წელს თურქეთში დავდიოდით, რადგან გიორგის ძალიან უყვარდა იქ ყოფნა, მე კი ვერ ვიტანდი. როგორც იქნა, წლებთან ერთად მიხვდა, რომ აღარ უნდა წავიდეთ თურქეთში და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არ მიყვარს იქ ყოფნა, რადგან ძალიან ცხელა.


წლებთან ერთად შეიცვალა ის, რომ აღარ მივდივარ ისეთ ადგილებში, სადაც არ მსიამოვნებს, ამას აღარავის ხათრით აღარ ვაკეთებ.


– გარუჯვაც ამოვარდა თქვენი ცხოვრების წესიდან?


– უფრო ავტორუჯს ვხმარობ. ადრეც ასე იყო, უბრალოდ უფრო აქტიურად ვიკეთებდი. უფრო ადრე სოლარიუმში დავდიოდი და მზეზეც ვირუჯებოდი, მაგრამ ეს სახის კანზე ცუდად აისახა, ტუჩზე კისტა გამიჩნდა, ამის მერე სოლარიუმში აღარც შევსულვარ, ავტორუჯს ვიკეთებ.


რუჯი სახის კანისთვის ძალიან ცუდია. არც ისე პატარა ვარ, ამიტომ სახის კანს ძალიან ვუვლი. არ მინდა, რომ მზით დავიჭკნო.


– რა მეთოდებით უვლით?


– ჯერჯერობით საკუთარი საშუალებებით ვუვლი, ხარისხიან საცხებს ვიყენებ და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ნიღბებს ვიკეთებ. მაქვს როგორც ნაყიდი საცხები, ასევე ვიკეთებ ნიღბებს, არაჟნით დაწყებული შვრიის ფაფით დამთავრებული.


პროცედურებს რაც შეეხება, არაფერს ვიკეთებ, გარდა ერთისა – წელიწადში ერთხელ შუბლზე ბოტოქსს.


– მგონი, მაკიაჟის გამოყენებასაც მოუკელით.


– თუ სცენაზე არ გავდივარ, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვიყენებ. ბოლო დროს ძალიან ბევრი მეუბნება, ბუნებრივად რომ გამოიყურები, უფრო მოგვწონსო. ეს მახარებს და აღარ ვეძალები ბევრ კოსმეტიკას.


– კაცები ხშირად ვერც ამჩნევენ საყვარელი ქალის გარეგნობაში ცვლილებებს. თქვენი მეუღლე თუ ამჩნევს ან როგორ ფორმაში მოსწონხართ მას?


– გიორგი ასეთ რაღაცებს ვერ ამჩნევს. ერთ ამბავს მოგიყვებით. ვინც ჩემს ვარცხნილობებს და ჩემი თმის ფერის ცვლილებებს ხედავს, მან იცის, რომ წლების განმავლობაში ძალიან შავი თმა მქონდა. ქალები გამიგებენ, როგორი რთულია შავიდან ქერაზე გადასვლა. ერთი თვე ყოველდღე სხვადასხვა ფერის თმით მოვდიოდი სახლში, რადგან ვიღიავებდი, ხან წითელი მქონდა, ხან წაბლისფერი.


მოკლედ, ერთი თვის თავზე ძალიან შავი ფერიდან ქერაზე გადავედი. გიორგის ძალიან ბედნიერი სახით ვკითხე, თუ მოგწონს-მეთქი. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავო, მითხრა. ეს იყო ბოლო, რაც ვკითხე. სადაც შავ და თეთრ თმას ვერ არჩევს, იქ მაკიაჟსაც ვერ შეამჩნევს.


– თითქმის სულ ერთად ისვენებთ. კომფორტული თანამგზავრია?


– გიორგი ძალიან კომფორტულია, სამეგობროც რომ ვართ წასული, არავის შეაწუხებს. საინტერესო ადგილებს, რესტორნებს პოულობს, ეძებს, იმ ქალაქში კარგი რა არის, გიდობასაც გაგიწევს. ჯაჯღანა კაცები ხომ არიან, ეს პირიქითაა.


– რამდენიმე წელია, ქმარი უკრაინაში გყავთ და თქვენ ჩადიხართ მასთან პერიოდულად. ასე შორიშორ ცხოვრება, მუდმივი გადაფრენები როგორი გასაძლებია?


– რთული, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რაღაცნაირად მივეჩვიეთ. რეალობა რეალობაა და ფაქტი – ფაქტი.


– მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობთ?


– ჯერჯერობით არ ვაპირებ, მაგრამ სამომავლოდ ძალიან მინდა. რაც ასაკი მემატება, უფრო და უფრო მიყვარდება ბავშვები და მათ მიმართ უფრო სენსიტიური ვხდები, გაგიჟებული ვარ ბავშვებზე. ჯერ 37 წლის ვარ, მინდა, რომ 40 წლის ასაკში გავაჩინო. ასე მაქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა.


– თქვენი დედისერთა მარიკო არ იეჭვიანებს?


– არ ვიცი, ამაზე არ გვისაუბრია. რატომ, არ გაუხარდება? მგონია, რომ ეგოსიტობისთვის უკვე ძალიან დიდია, 14 წლისაა და ის ასაკი გადავლილი აქვს.

წყარო: სარკე