5-მა ქართველმა იტალიის ულტრა-მემარჯვენე ვიცე-პრემიერის ოჯახი გაქურდა

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 14:56, 2018 წელი

იტალიის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლი მილანში, 14 და 15 აგვისტოს შორის ღამით ხუთმა ქართველმა გაქურდა.

ისინი ორშაბათს 27 აგვისტის დაიჭირეს, როდესაც ბარგი გამზადებული ჰქონდათ და ქალაქის დატოვებას აპირებდნენ.


საერთოდ, ეს ქართველი მძარცველების წესია. ისინი მიდიან რომელიმე ევროპულ ქალაქში, ძარცვავენ ბინებს და რჩებიან მხოლოდ რამდენიმე კვირა, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, და შემდეგ გადადიან სხვაგან, რითაც წარმატებით არიდებენ თავს მართლმსაჯულებას, წერს იტალიური გაზეთი "კორიელე დელა სერა".


5-ივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა და ახალგაზრდაა. არცერთ მათგანს იტალიაში კრიმინალური წარსული არ აქვს, რაც იმაზე მტეყველებს, რომ ამ ქვეყანაში ისინი ახალი ჩასულები არიან.


აღსანიშნავია, რომ იტალიური გაზეთის მტკიცებით, მხოლოდ იმ უბანში, სადაც სალვინის მშობლები ცხოვრობენ, ყოველი რვა ბინიდან შვიდი გაძარცვულია.


სალვინის ოჯახის ბინის ძარცვის გამოძიებაში საკმაოდ სერიოზული ძალების მობილიზება მოახდინეს. საქმეში ჩართული იყო ასევე პროკურატურაც.


ეჭვმიტანილების საცხოვრებლიდან ამოღებულია დიდძალი ნაძარცვი საქონელი, თუმცა კიდევ უფრო დიდი ნაწილი გასაღებული ჰქონდათ.


იტალიის პირველი ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი მატეო სალვინი პოლიტიკურის პარტია „ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერია. ის მიჩნეულია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსად, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნას. შარშან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სალვინის ექსტრავაგანტულმა საქციელმა, როცა ის მოსკოვის წითელ მოედანზე პუტინის გამოსახულებიანი მაისურით პოზირებდა.

წყარო: რეზონანსი