კახა კალაძის ინიციატივით ბინადრობის უფლების მოპოვება მკაცრდება

  • M2B
  • 30 აგვისტო 12:20, 2018 წელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების თაობაზე კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარეს და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებს.


ცვლილებების თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთიდაიმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება შეუძლებელი გახდება.


„ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი შესაბამისობაში უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. ასევე, ვესაუბრე კანონის ინიციატორებს ილია წულაიას და გოჩა ენუქიძეს. პარლამენტში განხილვა უკვე მოხდა და მინდა პარლამენტარებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ცვლილებები. გვინდა, რომ 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნეს 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას,  ბინადრობის  უფლებას დაკარგავს. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, არსებული კანონმდებლობით ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, თუმცა კანონში ხარვეზია.  „ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ბინას ყიდულობს, შემდეგ სხვა პიროვნებებზე ფიქტიურად გადააფორმებს და ისინიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე  300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, მას განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება, რაც ასევე შეიცვლება.


„ჩვენი ინიციატივაა, რომ 300 ათასი ლარი  300 ათასი დოლარით, ხოლო მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ბინადრობის უფლებით შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან  გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


 


მსგავს თემაზე:


ბინადრობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

სრული ვერსიის ნახვა M2B