ღორის ჭირი და ქათმის გრიპი შესაძლოა ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელდეს

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 11:07, 2018 წელი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ღორის აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის გავრცელების საფრთხე არსებობს.

მართლია, ამ მხრივ მშვიდად ყოფნის საფუძველი არც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეა, მაგრამ სპეციალისტები განსაკუთრებული რისკის ზონად აფხაზეთსა და ცხინვალს მიიჩნევენ.


როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რუსეთის ცალკეულ რეგიონებში ღორის აფრიკული ჭირი და ქათმის გრიპია გავრცელებული. სომხეთმა რუსეთის ამ რეგიონიდან ღორისა და ქათმის ხორცის შეტანა გრიპის თავიდან აცილების მიზნით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახურმა გაავრცელა.


უწყებაში განმარტეს, რომ ქვეყანაში აკრძალეს რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანაც.


"გადაწყვეტილება მიღებულია ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე გამოვლინდა აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის შემთხვევები", - ნათქვამია სომხეთის აღნიშნული უწყების განცხადებაში. საქართველოში რა რაოდენობით შემოაქვთ და საერთოდ შემოდის თუ არა ქათმის ხორცი და კვერცხი, უცნობია, რუსული გაყინული ღორის ხორცის ნახვა კი დახლებზე ნამდვილად შესაძლებელია. უცნობია, აკრძალავს თუ არა და რა ზომების მიღებას გეგმავს პრევენციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო. ფრინველის მხრივ საფრთხე თითქმის არ არსებობს. "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა გუშინვე განაცხადა, რომ რუსეთიდან ქვეყანაში ფრინველის ხორცის ნაწილები რამდენიმე თვის წინ ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით შემოდიოდა, დღეის მდგომარეობით კი, მეზობელი ქვეყნიდან ფრინველის ხორცისა და კვერცხის იმპორტი თითქმის აღარაა.


მომხმარებელთა უფლებადამცველი ამირან შენგელია ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქათმისა და ღორის დაავადებები სპეციალურად გავრცელდეს.


"ვირუსისგან დაცვა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, არ უნდა შემოვიდეს იმპორტი ან თუ შემოვიდა, ყველა პარტია სათითაოდ უნდა შემოწმდეს საზღვარზე. ამის პრაქტიკა არსებობს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა უნდა ჩაკეტოს კარები და დადგეს ძალიან მკაცრ შემმოწმებლად, რათა ქვეყანას ფრინველისა და ღორის ჭირი არ მოედოს. ისედაც ძალიან მცირეა ღორების რაოდენობა და პირუტყვის შენარჩუნება სოფლად მცხოვრებლებისათვის დიდი პრობლემაა. ვშიშობ, ჩვენმა ზოგიერთმა ვაიმეწარმემ არ მოინდომოს კანონის გვერდის ავლით იმ პროდუქციის ქვეყანაში შემოტანა, რომელსაც დაავადების გამო ძალიან დაბალ ფასად შეისყიდის. თუმცა ყველაზე დიდი რისკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. რუსეთიდან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ისედაც უკონტროლოდ შედის პროდუქცია და პატარ-პატარა პარტიებით დანარჩენ საქართველოში გადმოტანაც არ არის რთული. როცა გვერდით მტრული სახელმწიფო გყავს, სპეციალურად გავრცელებასაც უნდა ელოდო. ამიტომ აუცილებელია სეს-ის განსაკუთრებული სიფრთხილე და მკაცრი კონტროლი", - აცხადებს ამირან შენგელია.


სურსათის უვნებლობის სააგენტოდან კომენტარი ჯერჯერობით კვლავ არ ჩანს და აანონსებენ, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით გამოვლენ.


საგულისხმოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ღორის ჭირი შარშანაც გავრცელდა. იმხანად რუსეთმა ცხინვალიდან თავის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შეტანა აკრძალა კიდეც.


აფრიკული ჭირის შემთხვევები ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 2017 წლის გაზაფხულზე გამოგვლინდა. როგორც აღვნიშნეთ, დაავადება აფხაზეთშიც გავრცელდა. ოკუპირებულ სოფლებში ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც ღორი ჰყავთ.


აფრიკული ჭირის გავრცელების მიზეზად ადგილობრივებმა დაასახელეს, რომ ვაქცინაცია არ ჩატარებულა.

წყარო: რეზონანსი