"ნაფერები რძალი ოჯახში ქურდად გვექცა" – დედამთილის გასაჭირი

  • სარკე
  • 27 აგვისტო 17:04, 2018 წელი

მძიმე გადასატანია, როცა ადამიანს სიკეთეს უკეთებ, ის კი შენ მიერ გაღებულ მადლს ბოროტებით პასუხობს. ამ დროს უამრავ კითხვას უსვამ საკუთარ თავს: "სად დავუშვი შეცდომა? სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავი?"…

"სარკის" რესპონდენტის, შუახნის ქალის, მანანას, თავსატეხიც ეს არის – შვილივით გამოზრდილმა გოგონამ რატომ ატკინა გული, რატომ ცდილობს სიყვარულით ნაშენებ მის ოჯახში ნაპრალი გააჩინოს. ჯერჯერობით დიდი მოთმინებით ინარჩუნებს რძალთან ურთიერთობას, მაგრამ მის მიმართ ნდობას უფრო და უფრო კარგავს.


მანანა:


-მადონა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ტყუპებივით ვიყავით, არ ვცილდებოდით. ჩემი უმცროსი და, მაკო, ეჭვიანობდა და ამბებს თხზავდა, რომ დავეშორებინეთ. ხან რას უგონებდა, ხან რას – ეშმაკი და ჩუმჩუმელააო, მრუდე ხელი აქვსო და ა.შ. დედაჩემს კი პირიქით, უხაროდა, ასეთ სიყვარულს რომ ხედავდა, მადონა მესამე შვილივით ჰყავდა.


სამწუხაროდ, ჩემი დობილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, დედა გარდაეცვალა, მამამისმა მეორე ცოლი მოიყვანა. გოგონა მამიდამ წაიყვანა თავისთან, სხვა ქალაქში. დედაჩემი მზად იყო, ბავშვი თავად გაეზარდა, მაგრამ მადონას ოჯახმა არ დაანება. მამამისმა ბინა შეიცვალა. თანდათან დავშორდით.


— როგორც ჩანს, ცხოვრებამ თქვენი გზები კვლავ გადაკვეთა.


– დიახ. ზრდასრულ ასაკში შევხვდით ერთმანეთს. ცხოვრებამ არც ერთს გვარგუნა კარგი ბედი. ორივემ შევქმენით ოჯახი და ორივეს დაგვენგრა. ორივე შემთხვევაში მიზეზი ქმრის ღალატი იყო. მადონას ქმართან შედარებით, ჩემი მეუღლე კეთილსინდისიერი აღმოჩნდა, ყურადღებას გვაქცევდა.


მადონა სრულებით მიტოვებული იყო. თბილისში, ნაქირავებ ბინაში მარტო ზრდიდა შვილს, ზოგჯერ მამა და მამიდა ეხმარებოდნენ. მეც, რაც შემეძლო, ხელს ვუმართავდი მეგობარს, ლუკმას ვუყოფდი. ჩვენი შვილები, ჩემი ლუკა და მისი თიკა, თითქმის ერთად იზრდებოდნენ.


მერე ისევ დატრიალდა უბედურების ბორბალი. მადონას უკურნებელი სენი შეეყარა და გარდაიცვალა. დავიფიცე, რომ მის შვილს საკუთარივით ვუპატრონებდი.


არ დამცალდა. მადონას მამიდამ თიკაც თავისთან წაიყვანა. ბავშვი შემომჩიოდა, რომ იმ ოჯახში იჩაგრებოდა. მადონას მამიდას დიდი ოჯახი ჰქონდა – შვილები, რძლები, შვილიშვილები ერთად ცხოვრობდნენ. ის ქალი ძლიერი, უტეხი, თავისნათქვამა იყო. ბავშვს არ მანდობდა, თბილისში ორი დღითაც არ მატანდა.


— თუ მამიდა ასეთი კერპი ქალი იყო, იმ ოჯახში ბავშვს ვინ უჩაგრავდა?


– ბავშვი მამიდის რძლებსა და შვილიშვილებზე შემომჩიოდა – ისეთ ამბებს მიყვებოდა, თითქოს ბულინგის მსხვერპლი იყო. გული მიკვდებოდა. ახლანდელი გადმოსახედიდან არ გამოვრიცხავ, რომ ეს თიკას ფანტაზიის ნაყოფი იყო. მადონა იმ ოჯახს ყოველთვის სიყვარულით და მადლიერებით იხსენებდა.


სკოლის დამთავრების შემდეგ თიკა თბილისში ჩამოვიდა, უმაღლესში მოეწყო. პაპასთან – მადონას მამასთან ცხოვრობდა, მაგრამ ვერც მათ ოჯახს შეეგუა. პაპას მეორე ცოლთან შვილი და შვილიშვილი ჰყავდა. თიკა ჩიოდა, რომ ისინი ამცირებდნენ, პროვინციულ მანერებს უწუნებდნენ, ამიტომ გოგონას ხშირად ჩემთან ვტოვებდი, კომფორტულ გარემოს ვუქმნიდი. ჩემგან წასვლა აღარ უნდოდა, ბოლოს დარჩა კიდეც.


— თქვენი ვაჟი როგორ შეეგუა ამას – ოჯახში სხვა ადამიანის, თანაც გოგონას შემოსახლებით კომფორტი არ დაერღვა?


– არ სიამოვნებდა. თიკა წლები არ ჰყავდა ნანახი და უცხოდ აღიქვამდა. სხვადასხვა სამყარო ჰქონდათ, განსხვავებული იყო მათი სამეგობროც. ვცდილობდი, ეს უხერხულობა განმემუხტა და მათ შორის ბარიერი გამერღვია.


— რა არ მოსწონდა ლუკას მასში?


– ლუკას შეყვარებული ჰყავდა, ანიტა, რომელიც თიკას წინააღმდეგ აქეზებდა. თიკაც ეჭვიანობდა ანიტაზე. გოგოებმა ვერაფრით გამონახეს საერთო ენა.


— როგორც ჩანს, თიკასაც მოსწონდა თქვენი ვაჟი, რაკი ეჭვიანობდა. რა პოზიცია დაიკავეთ?


– ეს რომ შევნიშნე, თიკას მხარე დავიჭირე, რადგან გოგონაში გარდაცვლილი მეგობრის სახეს ვხედავდი, მასში ცოცხლობდა მადონა. ვერ ვიტყვი, რომ ლუკას შეყვარებულს ვიწუნებდი. ანიტას საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა, ფიზიკურადაც წუნს ვერ დასდებდი. თუნდაც ნაკლი ჰქონოდა, ისეთი ბუნება მაქვს, ნებისმიერს გავუღებდი კარს, ვისაც ჩემი შვილი შეიყვარებდა.


— მაგრამ, მგონი, მაინც გადაუდექით შვილს თიკას გამო.


– ვიფიქრე, რომ თიკა იჩაგრებოდა. თავადაც მსხვერპლის როლში გამოჰყავდა თავი. შვილივით ჩავიკარი გულში. მსურდა, ჩემს ვაჟსაც დასავით მიეღო, მაგრამ რაკიღა გოგოს მხრიდან სხვა გრძნობა გაჩნდა, ვერ დავუშვებდი თიკას გაწბილებას – ისედაც ბევრი ტრავმისთვის გაიმეტა ცხოვრებამ. მის ბედნიერებაზე ვოცნებობდი.


— ამიტომ შვილზე მოახდინეთ ზეგავლენა?


– თიკა სხვა კუთხით დავანახე ჩემს შვილს. ლუკას მის მიმართ გაღიზიანება მოეხსნა. მანამდე მეუბნებოდა, დატოვოს ჩვენი სახლი, პაპამისთან წავიდესო. ანიტა ითხოვდა ლუკასგან ამას და ისიც იმეორებდა.


შეცდომა დავუშვი, რომ შვილს ჰუმანურობისკენ, სიკეთისკენ მოვუწოდე, თიკასკენ შემოვაბრუნე. მასაც შეცდომისკენ ვუბიძგე. შეყვარებულთან იჩხუბა ამის გამო, ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ.


ერთხელ ახლო ნათესავი გარდამეცვალა და ორი დღით რაიონში მომიწია წასვლა. ლუკა ვერ წავიყვანე, ვერც თიკა – გამოცდები ჰქონდათ. რომ დავბრუნდი, რაღაცნაირად დამხვდნენ. თვალს ვერ მისწორებდნენ დამნაშავეებივით. შინაგანად ავფორიაქდი, არ ვიცოდი, რა მეფიქრა.


გამოცდებს რომ მორჩნენ, მითხრეს, რამდენიმე დღით სოფელში გვინდა წასვლა, იქაურობას მოვაწესრიგებთ და მერე მეგობრებიც ჩამოვლენო. ასე შემაპარეს. ერთი სიტყვით, დავაქორწინე.


თიკამ ზედიზედ გვაჩუქა ორი ოქროსქოჩორა ბიჭუნა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.


— გარდა იმისა, რომ შვილიშვილები გაჩუქათ და ამ დიდ ბედნიერებას გაზიარათ, სხვა მხრივაც გაგიმართლათ რძალმა?


– იმას, რაც დაგვმართა, გამართლება არ ჰქვია. ზოგჯერ ვფიქრობ, თავის დროზე არ უნდა შემეწყო ხელი, მაგრამ შვილიშვილებს რომ შევხედავ, ვხვდები, სინანულის უფლება არ მაქვს, ღმერთმა კარგად მიმყოფოს!


— ისეთი რა ჩაიდინა თიკამ, რითი გაგაწბილათ?


– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ქმარი, გურამი, გაშორდა მეორე ცოლს და ჩვენთან დაბრუნდა. 16 წლიანი გაყრის შემდეგ ოჯახური ცხოვრება განვაახლეთ. თიკა ამ ამბავს უარყოფითად შეხვდა – ვერ აიტანა ოჯახის ახალი წევრი, თანაც უფროსი. ოჯახი გურამზეა დამოკიდებული ფინანსურად, კაცს სიტყვა ეთქმის.


გურამს, თავის მხრივ, არ მოეწონა, რძალს და შვილს რომ დავფოფინებდი, მიმითითებდა, ნუ ხარ ასე თავგადაკლული, მიეცი საშუალება, თავიანთ ოჯახს გაუძღვნენო. თიკა გათამამებული მყავდა. საჭმელი, სარეცხი, სახლის დალაგება და ბავშვები – ყველაფერი ჩემს კისერზე იყო. გურამის დაბრუნების შემდეგ თიკას თავისუფლება შეეზღუდა. ქმარი მეუბნებოდა, ოჯახში დაასაქმე რძალი, თორემ შენს თავს დააბრალებ, თუ გაგიტუტუცდაო.


— დაუჯერეთ ქმარს?


– ერთხელ თიკას ვუთხარი, თავი მტკივა, საღამოს იქნებ დროულად მოხვიდე, ბავშვებს მიხედო-მეთქი. სიცილით მითხრა, იმისთვის არ გტკივა თავი, ყოფილი ქმარი საყვარლად რომ გყავსო? ვითომ გამეხუმრა. გული გამიჩერდა, ეს რა მაკადრა!


გურამს ის ქალი არ აძლევდა განქორწინებას და არც მე დამიძალებია, რატომ მენერვიულებინა ქმარი. რა აზრი აქვს იმ ქაღალდს, როცა ცოლ-ქმარი ვართ? ჩემს მეუღლეს და შვილის მამას რძალი ჩემს საყვარლად თუ მოიაზრებდა, ამას როგორ წარმოვიდგენდი?! ან დავუშვათ და, მარტოხელა ქალს საყვარელი მყოლოდა პატრონად, ეს უნდა წამოეძახებინა ჩემგან ნაფერებ თიკას, ეს უნდა ეკადრებინა ჩემთვის?!


— გაეცით პასუხი მაგ სიტყვებზე?


– წყენა გამოვხატე, შენგან ამას არ ველოდი-მეთქი. ჩემი ხუმრობით თუ გაწყენინე, ბოდიშს ვიხდიო, ირონიით მიპასუხა. ეს არ იყო მობოდიშება. ქაჯი და გაუგებარი გამომიყვანა, სერიოზული მიმართულება რომ მივეცი. დროთა განმავლობაში თიკამ ყველა ამაგი წყალში ჩამიყარა, ოჯახი თავდაყირა დამიყენა.


— რა ჩაიდინა ასეთი?


– გურამი სახლში ინახავდა გარკვეულ თანხას, რომელიც დროდადრო სახლიდან ქრებოდა. პირველად რომ დავკარგეთ, არ დავიწყეთ საქმის გარკვევა, რადგან მაშინ ჩვენთან ბევრი ადამიანი ტრიალებდა – შინაური თუ გარეული. ფული კი სათანადოდ არ იყო დაცული. ხელს ვერავის დავადებდით. ოჯახშიც არ გავამჟღავნეთ, ვინმეს უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი.


სიფრთხილის მიზნით, ფული სხვა ადგილას შევინახეთ. რომ გამეორდა შემთხვევა, საგონებელში ჩავცვივდით. ოთახში, სადაც ფულს ადგილი მივუჩინეთ, უცხო ადამიანს ხელი არ მიუწვდებოდა. გავამჟღავნეთ, რომ თანხა დაიკარგა. ლუკამ მხრები აიჩეჩა, თიკამ კი მეზობლის გოგოს, დიანას, დაადო ხელი – მისი ნამოქმედარი იქნება, ყველგან ცხვირს ჰყოფს, თავზე გყავს დასმულიო (ჩემი მისამართით თქვა).


დიანა 15 წლის გოგოა, მის დედასთან სამეზობლოში ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. რის საფუძველზე ამბობ-მეთქი, ვკითხე (ჩემი შეურაცხმყოფელი რეპლიკა “გავატარე”). მიპასუხა, ისეთ ადგილებში დაძვრება, სადაც არ უნდა დადიოდესო.


— ფიქრობთ, ცილი დასწამა?


– ასე იმიტომ მოიქცა, მის მეგობრებს, რომლებიც ჩვენს ოჯახში ტრიალებდნენ, არ დაბრალებოდათ. სინამდვილეში თვითონ ჩაიდინა. მასზე ეჭვს როგორ მივიტანდით?!


— აღიარა?


– წავასწარი. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო… თიკა იძულებული გახდა, ეღიარებინა.


— მოპარულ ფულს რისთვის იყენებდა?


– ჯერ მითხრა, ქველმოქმედებისთვის გადავრიცხეო, მაგრამ არ დავუჯერე. მერე გამომიტყდა, მამაჩემს დასჭირდა და დავეხმარეო. წარმოგიდგენიათ – არც კი ვიცოდი, მამამისთან თუ ჰქონდა კავშირი, ჩემი ქმრის ჯიბიდან იღებდა ფულს და მას ეხმარებოდა. იმ კაცმა თავისი უმსგავსობით ჯერ საბრალო მადონა ჩააწვინა მიწაში, მერე შვილი აიძულა, ექურდა. კაცს, რომელსაც არც კი ახსოვდა შვილის არსებობა, თიკამ ჩვენი ოჯახი ანაცვალა.


იქნებ მამის გენი გამოჰყვა? სულ ყურში მაქვს ჩემი დის სიტყვები, მადონაზე რომ ამბობდა ბავშვობაში, ხელმრუდიაო. მაშინ უსაფუძვლოდ სწამებდა ცილს, მაგრამ წინასწარმეტყველებასავით კი ამიხდა, ოღონდ თიკასთან დაკავშირებით.


— თიკა მიხვდა თავის შეცდომას, მოინანია?


– მოინანია, მაგრამ ამომიჩემა, ქმართან თავი ისე მოაქვს, თითქოს მსხვერპლია. შვილებსაც თავს აცოდებს. ბავშვებთან მტარვალ დედამთილად გამოვყავარ.


— ლუკამ და ბავშვებმა იციან, რაც მოხდა?


– ბავშვების ყურამდე როგორ მივიტანთ! ლუკასაც ვერ ვეუბნებით, გვეშინია, ცოლის მიმართ გული არ აუცრუვდეს და ოჯახი არ დაენგრეს. მინდა გავამართლო თიკა, მაგრამ არ გამომდის. მასთან ძველებურად თბილად ვეღარ ვარ.


თიკას გამო შვილთანაც მიფუჭდება ურთიერთობა. ლუკას უნდა, ძველებურად ვეფერო რძალს, თავს შემოვევლო. არ გამომდის, გული არ მიშვებს. ვლოცულობ, რომ თიკამ გააცნობიეროს თავისი დანაშაული, გულით მოინანიოს და არა – ზედაპირულად, დააფასოს ჩვენი სიკეთე, დაგვიბრუნოს ნდობა და პატივისცემა მის მიმართ.


ახლა დიდ სინანულს ვგრძნობ, არ ღირდა, ჩემი შვილის პირადში ჩავრეულიყავი და ხელი შემეწყო, რომ ჩემი მეგობრის გოგონა ცოლად მოეყვანა.

წყარო: სარკე