სად გაქრა გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება?

  • რეზონანსი
  • 23 აგვისტო 10:54, 2018 წელი

გაბონის ხელისუფლებამ დაასრულა ქვეყნის სანაპიროსთან გაუჩინარებული ტანკერის ძებნა, რომლის ბორტზეც 17 ქართველი და 2 რუსი მეზღვაური იმყოფება, სამძებრო ოპერაციას ახლა მეზობელი ქვეყნები განაგრძობენ.

გაბონში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის ანტონ სპირიდონოვის თქმით, ოპერაცია დასრულდა, გემი აღმოჩენილი არაა, ისევე როგორც არ არსებობს ტექნოგენური კატასტროფის, ჩაძირვის ან ავარიის კვალი.


ამჟამად იმის თქმაც, რომ გემი მეკობრეებმა გაიტაცეს, შეუძლებელია. "ჩვენ ამის დასამტკიცებლად ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს.ახლა ბერძნული კომპანია აქტიურად მუშაობს ანგოლას, კამერუნის, ეკვატორიული გვინეის, სან-ტომესა და პრინსიპის ხელისუფლებებთან, სადაც ასევე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაციები", - აღნიშნა სპირიდონოვმა.


18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. გემთან - Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

წყარო: რეზონანსი