გამუდმებულმა წვიმამ და შტორმმა წლევანდელი საკურორტო სეზონი ჩააგდო

  • რეზონანსი
  • 22 აგვისტო 12:01, 2018 წელი

დამღლელი წლის შემდეგ ზაფხულის შვებულების გატარებას ბევრი ზღვის სანაპიროზე გეგმავს, მაგრამ წელს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩა.

კურორტებზე ნალექიანი დღეები, ქარბუქი და შტორმი მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც დააზარალა როგორც დამსვენებლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო ბიზნესი, რადგან ადამიანებმა საცხოვრებელი ბინის ფული ტყუილად გადაიხადეს და უამინდობის გამო უმრავლესობამ შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება ვერ შეძლო.


2018 წლის ზაფხული შავი ზღვის სანაპიროს ვიზიტორებისთვის ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო, ცუდმა ამინდმა გავლენა იქონია როგორც დამსვენებელთა ბიუჯეტზე, ასევე სასტუმროებსა და შიდა ტურიზმზე. ნანა დევიძეს ბათუმში ორი "გესთ ჰაუსი" აქვს, რომელთაც სეზონურად აქირავებს, თუმცა წელს ძალიან ცოტა სტუმარი ჰყავდა და უამინდობის გამო მოუწია ფასის დაკლება.


"ბათუმში მაქვს ორი სახლი, რომლებიც უკვე ორი წელია, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლად გადავაკეთე. ეს საოჯახო ბიზნესია. ასე ცოტა ხალხი და ტურისტი არასდროს ყოფილა ამ ქალაქში, როგორც წელს. უამინდობამ და წინასწარმა პროგნოზმა სტუმრების რაოდენობა გაცილებით შეამცირა, იძულებული გავხდი ფასი შემეცვლა და უფრო მეტად გამეიაფებინა. თუ ერთ კაცს 70 ლარად ვუთმობდი ოთახს, ახლა 50-მდე დავწიე, რადგან მეც ადამიანი ვარ და შევდივარ სტუმრების მდგომარეობაში. ისედაც ტყუილად იყვნენ ჩამოსულები, ზღვაზე ვერ გადიოდნენ და ვინც დიდი ხნით იყო, მათთვის ფასი შევცვალე. უმეტესობა აბარგდა და წავიდა, ვისაც იმედი აღარ ჰქონდა ამინდის გამოსწორების.


ლოგიკურია, რომ არ ჩამოდიოდა ის ხალხი, ვისაც ამინდის პროგნოზი ნანახი ჰქონდა. ტელევიზიები სულ აშუქებდნენ - ხან შტორმი იყო, ხან - ძლიერი წვიმა და არავინ ისვენებდა. ადამიანმა თუ ზუსტად იცის, რომ საზღვაო პერიოდი არ არის, ვერ გაირუჯება და ზღვაზე ვერ იბანავებს, რატომ ჩამოვა და გადაიხდის ამხელა ფულს ბინის ქირაში? თანაც კვებაც საკმაოდ ძვირია ბათუმში.


ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი ამის გამო სხვაგან წავიდა. ბევრმა მთა არჩია და იქ ისვენებენ. შემიძლია ვთქვა, რომ წელს იმის ნახევარი შემოსავალი მქონდა, რაც წინა წლებში. ოთახები უმეტესად ცარიელი იყო. ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ისინი ძვირადღირებულ სასტუმროებში მიდიოდნენ და იქ ისვენებდნენ. აუზზე საერთოდ არ განუცდიათ ის ფაქტი, რომ ზღვაზე ვერ გადიოდნენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნანა დევიძემ.


ბათუმში იმდენად ცუდი ამინდი იყო, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მუდმივად აფრთხილებდა, როდის უარესდებოდა და მოუწოდებდა, სანაპიროზე ყოფნისგან თავი შეეკავებინათ. ის ადამიანები კი, ვინც ამ პერიოდში აპირებდნენ ზღვის კურორტებზე დასასვენებლად წასვლას, იძულებულები გახდნენ, გეგმა შეეცვალათ და სხვაგან გადაინაცვლეს.


იოანე ჭალაძე 21 წლის სტუდენტია. მას სასწრაფოდ მოუწია გეგმის შეცვლა და, ბათუმის ნაცვლად, ბახმაროში წავიდა.


"მთელი წელი ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ივნისის ბოლოს, როგორც კი გამოცდები დავამთავრე, მთელი სამეგობრო ვაპირებდით ბათუმში წასვლას, თუმცა უკვე როცა ჩალაგებული გვქონდა ბარგი, 4 ივლისს გამოაცხადეს 3-ბალიანი შტორმი. სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ თავი შეეკავებინათ სანაპიროზე ყოფნისგან და განსაკუთრებით მობილიზებული იყო მაშველთა ჯგუფი, დამსვენებლებს წყალში არ უშვებდნენ.


რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მაშინვე შევცვალეთ, რადგან ამინდის გამოსწორების იმედი ნაკლებად მქონდა. სულ 12 დღე მქონდა შვებულება და ბათუმში ვერ გავატარებდი იმის მოლოდინში, მზე როდის გამოვიდოდა. ეს ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. უნდა ჩახვიდე, ბინა იქირაო და თან სიამოვნება ვერ მიიღო, ვერ დაისვენო, ძალიან ცუდია. ამიტომ ბახმაროში წავედით, კარგი იყო იქაურობა, თან ბათუმთან შედარებით ბევრად იაფი ჯდება.


ჩემი რამდენიმე მეგობარი კი, ვინც ბათუმში იყო, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ტყუილად ჩავიდნენ. საერთოდ, ვისაც ზღვა და მზე უყვარს, ისინი წელს ძალიან დაიჩაგრნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმოქმედებდა შიდა ტურიზმზეც და ცუდ დღეში ჩააგდებდა სასტუმროებისა და ჰოსტელების მეპატრონეებს. ფაქტია - სეზონი ჩაშალა უამინდობამ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას იოანე ჭალაძემ


შავი ზღვის სანაპიროზე უხვი ნალექის გამო ტურისტებისა და დამსვენებლების ნაკლებობა მარტივად შესამჩნევი იყო, რამაც განსაკუთრებული გავლენა იქონია ადგილობრივ ბიზნესზე. კვების ობიექტების თანამშრომლები სეზონის ჩავარდნაზე საუბრობენ.


ნიკა სიხარულიძე ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობს. მისი თქმით, წელს აშკარად შეიმჩნევა ტურისტების სიმცირე: "ყოველ წელს ბათუმში ჩამოვდივარ სამუშაოდ - ხან ბარმენი ვარ, ხან მიმტანი და ასეთი სეზონი ბოლოს როდის იყო, არ მახსოვს. ხალხი არ დადის და მუშაობაც ნაკლებია. შარშან შეკვეთების დამზადებას ვერ ვასწრებდით და ძალიან ვიღლებოდი, წელს კი იმდენად ცოტა ადამიანი შემოდის, რომ დღის განმავლობაში უსაქმოდ ყოფნისგან ვიწყენ კიდეც", - უთხრა "რეზონანსს" ნიკა სიხარულიძემ.


რას ფიქრობს ხალხი


ანა მახარაძე, 18 წლის, სტუდენტი:


 "წელს ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. მთელი კლასი ვგეგმავდით ქობულეთში წასვლას და სახლის დაქირავებას. ასეც მოვიქეცით, გამოცდების მერე წავედით. თავიდან კარგი ამინდი იყო, მაგრამ მერე წვიმები დაიწყო და მოგვიწია იმაზე მალე დაბრუნება, ვიდრე ვგეგმავდით, რადგან იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. დიასახლისი წუწუნებდა, ასე თუ გაგრძელდა, რა მეშველებაო. აშკარად განიცდიდნენ ამ ფაქტს, რადგან თუ დამსვენებლები არ ეყოლებოდათ, შემოსავალიც გაქრებოდა. ცუდი ამინდი იყო წელს, ზოგადად, საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ ნერვიულობ, როდესაც ზღვაზე ისვენებ და მაშინ გემთხვევა უამინდობა, ცდილობ, წამოხვიდე იქიდან, როგორც ჩვენ მოვიქეცით".


ცოტნე სოხაშვილი, 28 წლის, არქიტექტორი: 


"ბათუმში ვიყავი მხოლოდ ორი დღით, ძალიან მოდუნებული იყო იქაურობა. წვიმიანი ბათუმი არცთუ სასიამოვნოა. წელს ამინდმა ადგილობრივ ბიზნესზე დიდი გავლენა იქონია და ძალიან მეცოდებოდა ის ხალხი, ვინც დამსვენებლების სიუხვის იმედზე იყო მთელი წელი. არც ტურისტების რაოდენობა იყო შესამჩნევი, ისინიც არ ჩერდებოდნენ წვიმაში. ჩვენთან სასტუმროში უკრაინელები იყვნენ და წვიმის დროს გადაწყვიტეს მთისკენ გადანაცვლება, მაგრამ ადგილობრივებმა არ ურჩიეს და უთხრეს, რომ საშიშია".


თათა ტუღუში, 16 წლის, მოსწავლე:


 "ცეკვის ანსამბლთან ერთად ვიყავი შეკვეთილში. 14 ივლისს წავედით და რამდენიმე მზიანი დღე დაგვემთხვა, თუმცა უმეტესად წვიმდა. მე პირადად ამ ფაქტს არ შევუწუხებივარ, რადგან მიყვარს წვიმა ძალიან, ამ დროს ზღვის წყალი ბევრად უფრო თბილი და სასიამოვნოა. შტორმს ავცდით და ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ასეთი რამ არ ყოფილა, თუმცა ის ხალხი, ვინც რუჯის გამო ჩავიდა, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა."


ლიკა ბრეგვაძე, 34 წლის, მენეჯერი:


 "სულ 14 დღე მქონდა შვებულება და როგორც კი გავიგე, რომ ნალექიანი ამინდი იყო ზღვაზე, არ წავედი. ძალიან ცუდია იმ ადამიანებისთვის, ვისაც შვებულების გატარება იქ მოუწია, წვიმიან სანაპიროზე. მე მიყვარს წვიმიანი ბათუმი, მაგრამ ორ დღეზე მეტი, მით უმეტეს დასასვენებლად, ძალიან ბევრია და გამაღიზიანებელი. ამას პლუს ის ადამიანები, ვინც ბათუმში სახლებს აქირავებენ და ვისაც სასტუმროები აქვთ, ალბათ ბიუჯეტურ უკუსვლასაც განიცდიან".


 

წყარო: რეზონანსი