”ეს ჩემი მეორე სახლია” – პაატა თედიაშვილს სკანდალებმა მანქანა აყიდვინა

  • სარკე
  • 19 აგვისტო 12:18, 2018 წელი

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა იმდენი ილაპარაკა სკანდალურ თემებზე და ისეთი სიმღერები და კლიპები წერა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ დადის, ამიტომაც მანქანა იყიდა – მარჯვენასაჭიანი “ჰონდა ფიტი”.

მართალია, ცოტა ხნის წინ გახდა მძღოლი, მაგრამ უკვე ძალიან შეეჩვია საჭეს, თუმცა ავტობანზე ერთი პრობლემა აქვს – ზოგჯერ ისე იტაცებს ფიქრები, ოცნებებში ხან სიმღერის ტექსტს წერს, ხან კლიპს იღებს, ხან კოსტიუმებს იგონებს. ეპატაჟური იდეები კი ნამდვილად არ ელევა. უკვე მზად აქვს სიმღერა “ძინ ძინ მუგუნინიბა” და ახალი სკანდალებისთვის ემზადება.


– პაატა, რამდენი ხანია, რაც მანქანას მართავთ?


– ერთი წლის წინ ვიყიდე, მაგრამ საჭესთან არ ვიჯექი, არ მინდოდა. რაც ბოლო სიმღერების შემდეგ ჩემს თავს დატრიალდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ ვისარგებლე, ამიტომ მივაკითხე ავტოსკოლას, სადაც 10 დღიანი სასწავლო კურსი გავიარე და მაშინვე რუსთავში გავეშურე გამოცდების ჩასაბარებლად.


– პირველივე გასვლაზე ჩააბარეთ?


– 2 წუთში ჩავაბარე თეორია, შემდეგ გამოვედი, ყავა დავლიე, 15 წუთში უკვე პრაქტიკაზე გავედი და ჩავაბარე.


– როგორი შეგრძნება გქონდათ, როდესაც მართვის მოწმობა აიღეთ?


– იმხელა ადრენალინი იყო, რომ ის ეიფორია დიდხანს გამომყვა. უცნაური შეგრძნებაა, კიდევ მინდოდა, იგივე გზა გამევლო. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სხვისთვისაც ჩავაბარებდი. იანვრიდან უკვე სრულუფლებიანი მძღოლი ვარ.


– ახალბედა მძღოლი თბილისურ საცობებს ადვილად უმკლავდებით?


– საცობები დისკომფორტს არ მიქმნის. ამ დროს მაქსიმალურად ჩართული მაქვს გონება. მივყვები მწკრივს და დარეგულირებულ სიჩქარეს. ჩემთვის ავტობანი და გაშლილი ტრასები უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე გადატვირთული მოძრაობა. მონოტონურობას ფიქრებში მივყავარ.


– რაზე ფიქრობთ ხოლმე?


– ოცნებებში ხან კლიპს ვიღებ, ხან ტექსტს ვამუშავებ, ხან კოსტიუმს ვიგონებ და ხანაც საკუთარ თავს ვესაუბრები. მეშინია, ძალიან არ შევიდე როლში.


– ჩქარი სიარული გიყვართ თუ ნელი?


– გააჩნია, სად ვმოძრაობ. თბილისში ჩქარა ვერ ივლი, ავტობანზე უკვე სამჯერ გადავაჭარბე სიჩქარეს და 150 ლარით შევავსე ქვეყნის ბიუჯეტი. ვცდილობ, ემოციების მართვა ვისწავლო, მაგრამ რთულია, სულ მოწესრიგებული იყო.


– ამბობენ, მანქანას შვილივით მოვლა სჭირდებაო. უფრთხილდებით?


– მართლაც შვილივით უნდა მოუარო და ისევე, როგორც ცოლი, არც ეს უნდა გაანათხოვრო, თორემ ნახმარი დაგიბრუნდება.


– დამოუკიდებლად თუ შეგიძლიათ რთული სიტუაციებიდან გამოსვლა, თუნდაც ბორბლის შეცვლა ან რაიმე სხვა ნაწილის შეკეთება?


– ბორბალს გამოვცვლი, სხვა ნაწილებს – ვერა.


– რომელია თქვენი საოცნებო მანქანა?


– ჩემთვის მანქანის დანიშნულებაა, ვიმოძრაო და ბევრი ფული არ წამართვას ჯიბიდან. მთავარია ის გზა და მიმართულება, სადაც ავტომობილს მივყავარ.


– თქვენს ავტომობილს გარდერობის დანიშნულებაც ხომ არ აქვს, დაგაქვთ ტანსაცმელი, თუნდაც სასცენო კოსტიუმები?


– მას შემდეგ, რაც საჭესთან ვზივარ, მანქანა ჩემთვის მეორე სახლი გახდა. უამრავ საქმეს ვასწრებ და ვაკეთებ, ვეხმარები ოჯახს, მეგობრებს. ამიტომაც საბარგული სავსეა სპორტული, საყოფაცხოვრებო თუ საკონცერტო ტანსაცმლით. სადმე რომ შევფერხდე, გამოვიზაფხულ-გამოვიზამთრებ კიდეც.


– რა არის ის ნივთი, რომელიც მანქანაში სულ გაქვთ?


– ყოველთვის მიდევს სათვალე, “ფლეშკა”, დისკი, სუნამო, იღლიის დეზოდორანტი.


– საჭესთან სიმღერის სურვილი ხომ არ გიჩნდებათ?


– როცა რაღაც მაწუხებს ან მიხარია, სულ ვმღერი. მანქანაში მაქვს მინუს ფონოგრამები, ჩავრთავ და ვმღერი.


– თქვენი სიმღერა “მუსიკალური გველი” ძალიან პოპულარული გახდა, ხალხი აალაპარაკა. ახლა რაზე მუშაობთ?


– “მუსიკალური გველის” შემდეგ კიდევ ერთი სიმღერა გამოვაცხვე. დავწერე ტექსტი, მელოდია, დავხატე და შევკერე კოსტიუმები და კლასიციზმის ეპოქას შევეხე ასე.


– და როგორია თქვენი თვალით დანახული “კლასიციზმის ეპოქა”?


– წარმოიდგინეთ “კრუჟაოების”, პუდრებისა და პარიკების ეპოქა… თანამედროვე რიტმები, თამამი ტექსტი. აი, ეს ყველაფერია ამ სიმღერაში. ქორეოგრაფია მეგი ნადირაძეს ეკუთვნის. კლიპის პრემიერა მალე “რუსთავი 2”-ის ეთერში შედგება.


– რა ჰქვია სიმღერას?


– “ძინ ძინ მუგუნინიბა”, ანუ რაც აკრძალულია, ის სასურველია და პროვოკაციული.

წყარო: სარკე