რუსეთში ფიქრობენ, რომ აშშ-თურქეთის კრიზისმა, შესაძლოა, საქართველოს ნატო-ში შესვლა დააჩქაროს

  • რეზონანსი
  • 17 აგვისტო 12:02, 2018 წელი

აშშ-სა და თურქეთს შორის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - ასე აფასებენ ექსპერტები ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაწყებულ "ეკონომიკურ ომს".

რომელმაც სტარტი ჯერ აშშ-ის მხრიდან თურქეთის მიმართ სანქციების დაწესებით აიღო, ხოლო შემდეგ ანკარამ უპასუხა ვაშინგტონს პროდუქციის დიდ ნაწილზე საბაჟო გადასახადის გაზრდით.


ექსპეტთა ვარაუდით, თუ ამერიკა მივა იმ დასკვნამდე, რომ თურქეთი არ არის საიმედო პარტნიორი და ვერ ხერხდება მასთან ზოგიერთ საკითხში პოზიციის შეჯერება, ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გაღრმავდება და შეიძლება ნატო-ში თურქეთის წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რუსი ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ, შესაძლოა, საქართველოსთვის ალიანსთან უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობა გააჩინოს, ანუ სტრატეგიული თვალსაზრისით, ალიანსმა საქართველო უფრო საიმედო პარტნიორად განიხილოს.


ამ მოსაზრებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ქართველ ექსპერტებში. როგორც "რეზონანსთან" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, ხმები იმის თაობაზე, რომ თურქეთმა შეიძლება დატოვოს ნატო და დადგება ალიანსის სამხრეთი ფლანგის გამაგრების საკითხი, ზოგიერთი ექსპერტის ფანტაზიაა.


კახა გოგოლაშვილის თქმით კი, თურქეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნატო-ს ვალდებულებებზე უარის თქმას, მაგრამ თუ თურქეთის სანდოობა ეჭვქვეშ დადგება, არ არის გამორიცხული, რომ საქართველო, რომელიც რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, უფრო საიმედო პარტნიორად იქნეს განხილული და მისი მნიშვნელობა გაიზარდოს იმისდა მიხედვით, რამდენად შემცირდება თურქეთის სანდოობა.


სოსო ცინცაძე: "მოკლედ, ნატო-ს რიგებში ორ წამყვან მოკავშირეს შორის ზორბა შავმა კატამ გაირბინა. ბუნებრივია, რომ ამერიკის კონკურენტები - რუსეთიც და ჩინეთიც ყოველმხრივ ცდილობენ, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაჩენილი ბზარი. თურქეთის ეკონომიკა მწვავე კრიზისში აღმოჩნდა. მართალია, ბოლო დღეებში რამდენიმე პუნქტით გამყარდა ლირა, მაგრამ ამერიკის სანქციებმა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკა. თურქეთს სასწრაფოდ სჭირდება ფართომასშტაბიანი ინვესტიციები, ზოგიერთი ექსპერტის დასკვნით, 20 მილიარდი დოლარი, ზოგიერთისა კი - 200 მილიარდი.


"პირველი, ვინც ანკარაში გაეშურა თურქეთის მხარში დასადგომად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი გახლდათ, მაგრამ დიპლომატიური მხარში დგომა და თანაგრძნობა ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ინვესტიციებს, რუსეთს კი დღეს ასეთი თანხა არ გააჩნია.


"ჩინეთს შეუძლია, რეალური დახმარება აღმოუჩინოს თურქეთს, მაგრამ, რასაკვირველია, არა ერდოღანის ლამაზი თვალებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკა ტრამპთან ისედაც სავაჭრო ომამდე მისული სიტუაციის შემდგომ დაძაბვას ერიდება. მოკლედ, შექმნილ ვითარებაში თურქეთის გასაჭირით ხელის მოთბობის მსურველთა რაოდენობა საკმარისია, მაგრამ ყველა ერიდება ტრამპის გაღიზიანებას.


"რაც შეეხება მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თურქეთმა შეიძლება დატოვოს ნატო და ვინაიდან "წმინდა ადგილი არასოდეს უპატრონოდ არ რჩება", დადგება ალიანსის გაშიშვლებული სამხრეთი ფლანგის გამაგრების საკითხი შემდგომი პერსპექტივებით, ეს მხოლოდ ზოგიერთი "სწრაფი რეაგირების" ვაიექსპერტის ფანტაზიაა. ნატო-ს შიგნით უფრო ძლიერი კრიზისებიც ყოფილა, მათ შორის შეიარაღებულიც (თურქეთ-საბერძნეთის ომი), მაგრამ ალიანსის მამა-დამფუძნებლებმა თავის დროზე ისეთი მტკიცე საშენი მასალა გამოიყენეს, რომ დროდადრო გაჩენილი კრიზისები ოდნავადაც ვერ არყევს მის საძირკველს.


"როგორც ამერიკაში, ასევე თერქეთშიც არიან წრეები და ადამიანები, რომელთაც მშვენივრად ესმით თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის ორგანული ხასიათი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლიდერების ემოციურ გაღიზიანებასა და გადაწყვეტილებებს არ გადააყოლონ სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი კავშირების მდგრადობა", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

წყარო: რეზონანსი