ყოფილი საყვარელი შანტაჟისტად იქცა – “ინგა გრიგოლია ბრძოლის მაგალითს მაძლევს”

  • სარკე
  • 16 აგვისტო 17:48, 2018 წელი

ხშირად შეხვდებით მამაკაცს, რომელსაც თვითონაც ვერ გაუგია, ცხოვრებისგან ან საყვარელი ქალისგან რა უნდა. პრობლემებს სულ სხვებში ეძებს, ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს.

ჩვენი რესპონდენტის, მარიამის, გვერდითაც აღმოჩნდა კაცი, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში ამყოფა. ბოლოს ერთმანეთს გაშორდნენ. მარიამი 45 წლის ასაკში ბედს ეწია, როგორც იქნა, პირადი ცხოვრება ააწყო, დაალაგა, სიმშვიდე იპოვა, მაგრამ წარსულმა ისევ შეახსენა თავი. დღეს ის ძალადობის მსხვერპლია და ამ შემთხვევაზე თავად გვიამბობს.


მარიამი:


– ოჯახი 20 წლისამ შევქმენი, რამდენიმე წლის შემდეგ კი გავშორდით. მიზეზი მეუღლის ღალატი იყო. ოჯახის დანგრევას არ ფიქრობდა, ვერც საყვარელს თმობდა. თავსაც იტყუებდა და მეც ტყუილში მაცხოვრებდა. სიმართლე ახლობლისგან შევიტყვე, მანამდე ეჭვი არ გამჩენია.


ის ქალი, ვისთანაც მღალატობდა, მისი თანამშრომელი იყო. ქმარი მიმტკიცებდა, მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებსო. მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ… ეჭვებმა ლამის მომცელა. ვერ გამოვიჩინე გონიერება, თავი ვერ შევიკავე და სიტუაციის გასარკვევად იმ ქალს შევხვდი. მან არ დამიდასტურა, სიმართლე დამალა, მაგრამ აქედან დაიწყო ჩემი ოჯახის ნგრევა. ქმარმა არ მაპატია, როგორ თუ მასთან მიხვედი, თავზე გადამიარეო. ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა.


ოჯახის დანგრევა მძიმედ გადავიტანე. დიდი დრო დამჭირდა, ჩემს თავს რომ დავბრუნებოდი.


– ინანეთ თქვენი საქციელი, იმ ქალს რომ შეხვდით?


– ხან რას ვფიქრობდი, ხან – რას. მაინც დამრჩა განცდა, რომ ჭკვიანურად ვერ მოვიქეცი, რაღაც არასწორად გავაკეთე. ძალიან ძნელია, ორი ბავშვით მარტო დარჩე. მართალია, მშობლები მეხმარებოდნენ, მაგრამ მარტოობას ვერაფრით ვივსებდი. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ცოლი შეირთო (ის ქალი – არა, სხვა) და, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენკენ ნაკლებად იხედებოდა.


– დროთა განმავლობაში თქვენს ცხოვრებაშიც შემოვიდა სიახლე?


– გავიცანი მამაკაცი, რომელმაც ყურადღება მომაქცია, ჯაბა ჰქვია. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა დალაგებული არ ჰქონდა. მეტწილად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ერთმანეთს გავუგეთ, პირად ამბებს ვუყვებოდით და ვანუგეშებდით. ერთმანეთს ვავსებდით. მეგობრობა გაღრმავდა და სხვა გრძნობაში გადაიზარდა. შეგნებულად არ ვამბობ, სიყვარულში-მეთქი, ვინაიდან რაც მას დაემართა, არ შეიძლება სიყვარული ეწოდოს.


– რა გამოავლინა?


– თავიდან ერთგულად მედგა გვერდში, რამდენიმე წელი კარგად ვიყავით, მერე დაიწყო არევა, უაზროდ მიხირდებოდა, ნერვებს მიჭამდა, მეც მანგრევდა და თავსაც ინგრევდა.


– როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა იყო?


– მისი ოჯახის დანგრევა არ მიფიქრია, ამ ცოდვაში ფეხს როგორ ჩავდგამდი! პირიქით, ცოლზე თუ დაიჩივლებდა, ვცდილობდი, ქალის პოზიცია ამეხსნა მისთვის, რომ ბრაზი განელებოდა – ყველაფერში ცოლი როდი იყო დამნაშავე. ეტყობა, ამით უფრო აეწეწა ფიქრები. ცოლთან რომ დაალაგებდა ურთიერთობას, მერე მე მაბრაზებდა, საშინლად იქცეოდა.


– ჯაბას ცოლმა იცოდა თქვენი ურთიერთობის შესახებ?


– არ ვიცი, იცოდა თუ არა. ზოგჯერ ისე იქცეოდა, ეჭვი მეპარებოდა, უნდოდა თუ არა ქმარი საერთოდ. ვფიქრობ, შვილების გამო ითმენდა. ერთმანეთს აშკარად ვერ უგებდნენ.


– თქვენ რატომ ითმენდით ჯაბას ახირებებს, რა მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდით სხვის ქმარზე?


– ჩვენი მეგობრობის პატივისცემით ვიტანდი, თუმცა სულ მჭირდებოდა მასთან ახსნა, რაში ტყუოდა და როგორ უნდა მოქცეულიყო. თუ გამაბრაზებდა, მერე ბოდიშებს მიხდიდა, შერიგებას მთხოვდა. ვპატიობდი.


– თავის საქციელს როგორ ხსნიდა?


– ამბობდა, ერთად რომ ვცხოვრობდეთ, აღარ აგიხირდებოდიო.


– ცოლობას გთხოვდათ?


– არ შემოუთავაზებია. ამბობდა, ბედნიერი ვიქნებოდი, თავიდანვე რომ შეგხვედროდიო, მაგრამ ისიც მითხრა, სხვის ნაცოლარს ცოლად არასდროს მოვიყვანდიო. გამოდის, ჩემი ცოლად შერთვა არ უფიქრია. არც ის უნდოდა, ჩემი ბავშვების გამო თავისი შვილებისთვის მოეკლო რამე, თუმცა ვინ სთხოვდა?! პირიქით, სულ ვეუბნებოდი, ზედმეტი არ დახარჯო, შენს შვილებს მოახმარე-მეთქი.


– ქორწინება რომ შემოეთავაზებინა, დათანხმდებოდით?


– ალბათ დავთანხმდებოდი, დაუკანონებელ ურთიერთობას მაინც სჯობს – მორალურად უფრო სუფთა ხარ.


– ადამიანისთვის ძნელია ორმაგი ცხოვრება, შეიძლება ჯაბას ფსიქოლოგიური არევაც ამან გამოიწვია.


– შეიძლება ნაწილობრივ ასეა. ჯაბას მოსწონდა კიდეც, სიახლის, თავგადასავლის ელემენტები რომ შეჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, შინაგანად ეწინააღმდეგებოდა ამგვარ წესს. ამბობდა, ბუნებით ერთგული ვარო. მეუღლის მიმართ ერთგული არ იყო, რადგან ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა ჩემი ცოლად შერთვაც არ უნდოდა, რაკი განათხოვარი ვიყავი და შვილებიც მყავდა. არც თავს მანებებდა. ამან ჯაბაც ჩიხში მოამწყვდია და ჩვენი ურთიერთობაც.


– ასეთი ურთიერთობა, როგორც წესი, ადრე თუ გვიან, მარცხით მთავრდება. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?


– ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა. შეიძლებოდა კიდევ გაგრძელებულიყო, მაგრამ ჯაბა უკვე ზღვარს გადავიდა. ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა, ჩემს პირად სივრცეში უხეშად იჭრებოდა, ცდილობდა, დავემცირებინე, როგორც ქალი.


ძველ ამბებს მიხსენებდა, რომლებთანაც შეხება არც ჰქონდა. მეუბნებოდა, ღირსი ხარ, ქმარი რომ გაგშორდა, უტვინოდ მოექეცი, მის საყვარელს საქმის გარჩევა რომ დაუწყეო, შენი ქმარი მაგარი კაცი ყოფილა, შენ რომ გიძლებდაო… ან კიდევ, რაცოლად შესართავი იყავი, რას ჰგავხარო და ა.შ.


წინ დამახვედრა ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენი მეგობრობის განმავლობაში გულწრფელად ვუამბე და გავანდე. ჩვენი ურთიერთობა გაუსაძლისი გახდა და წერტილი დავუსვი.


– მესაკუთრე კაცისგან თავის გამოხსნა ძნელია, როგორ შეძელით?


– რთულად, მაგრამ გადავლახე. თავიდან ვერ აცნობიერებდა, რომ ურთიერთობა დამთავრდა და იმ დროში გადავარდა, როცა ერთმანეთთან კარგად ვიყავით. უკვირდა, რა დაგიშავე, რომ უარმყოფო. ღალატად მითვლიდა. თანდათან გააცნობიერა რეალობა.


ჩვენი გზები გაიყარა. ჯაბა ცოლ-შვილთან დარჩა. ბევრი რამ გადაფასდა ჩემშიც. წლების განმავლობაში ერთმანეთთან შეხება აღარ გვქონია.


– თქვენს გზაზე გამოჩნდა სიახლე თუ მარტოს მოგიწიათ ცხოვრების ტვირთის ზიდვა?


– ბავშვები გავზარდე, ბევრს ვშრომობდი, წელებზე ფეხს ვიდგამდი. გვერდზე არ გამიხედავს. 45 წლის რომ შევსრულდი, მეგობრებმა პატივი მცეს და იუბილე რესტორანში გადამიხადეს. იქ გავიცანი 60 წლამდე ქვრივი მამაკაცი, ვახტანგი. სხვა სუფრასთან იჯდა, ჩემს მეგობარს იცნობდა. ადამიანური სითბო და ყურადღება გამოავლინა, ამით დამამახსოვრა თავი.


რამდენიმე ხნის შემდეგ შემთხვევით მოვხვდით ერთად ტურში. მას შემდეგ დავმეგობრდით. იმდენი სითბო და კაცობა გამოავლინა, ქორწინებაზე დამითანხმა. არადა არ ვფიქრობდი, არც ვაპირებდი. ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, ბიჭმა ცალკე, დამოუკიდებლად ისურვა ცხოვრება და ჩემი გათხოვებით ამის საშუალება მიეცა.


– ანუ შვილების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეგხვდათ?


– ყველა ჩემიანი შეგნებულად შეხვდა ჩემს გათხოვებას: მშობლები, შვილები, ნათესავ-მეგობრები, მძახლები, ჩემი ყოფილი მეუღლეც კი. თავიდან ჩემს ვაჟს ჰქონდა უკმაყოფილების განცდა. მერე მამამისი ჩაერია და ჩემკენ მოაბრუნა. ყოფილ ქმართან ცივილური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მეუღლეებთან ერთად შევხვდით და შევრიგდით, ძველი წყენა დავივიწყეთ.


– როგორც ჩანს, კმაყოფილი ხართ თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯით.


– ვფიქრობ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამაზე ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია. ამ ასაკში ქალს გვერდით უნდა ადამიანი, მეორე ნახევარი, მეგობარი. მიკვირს იმ ქალების, ასაკში რომ ეყრებიან ქმრებს თუნდაც ღალატის გამო. თავის დროზე ასე რომ მეაზროვნა, სხვაგვარად მოვიქცეოდი, ოჯახს შევინარჩუნებდი და ცხოვრებას არ ავირევდი.


– თქვენს ქმარს პირველი ქორწინებიდან შვილები თუ ჰყავს?


– ახალგაზრდობაში მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა. ახლა მთელ თავის სიყვარულს ჩემს პატარა შვილიშვილს აძლევს, ხარობს მისით. ჩემს შვილებსაც ძალიან აფასებს. ეს ადამიანი დიდ პატივისცემას იმსახურებს.


– თქვენი ცხოვრება საბოლოოდ მოწესრიგდა, თავს მშვიდად გრძნობთ?


– საქმე ისაა, რომ დიდი პრობლემის წინაშე დავდექი. ჯაბა მაშანტაჟებს. 10 წელზე მეტია, არ მინახავს, არც შემხმიანებია. ამ ხნის განმავლობაში ცოლს გაშორდა. ჩემი გათხოვება რომ გაიგო, აირია.


– თქვენგან რა უნდა, რას ითხოვს?


– მეუბნება, შენ გამო დამენგრა ცხოვრება და რა უფლება გაქვს, ოჯახი გქონდეს, ან ქმარს გაეყრები, ან მოგკლავო. ტელეფონით მემუქრება, პირადად არ მინახავს.


– ალკოჰოლისკენ ან ნარკოტიკებისკენ ხომ არ აქვს მიდრეკილება? არაფხიზელ მდგომარეობაში გემუქრებათ?


– ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ნარკოტიკს არ ეკარებოდა, სასმელს იშვიათად სვამდა. ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია, ხმაზე ვერაფერს ვატყობ.


– რომ შეხვდეთ და გაარკვიოთ, რატომ ან რაში გადანაშაულებთ კონკრეტულად, არ გინდათ თუ გეშინიათ მისი?


– არაადეკვატურია. მისი ოჯახი არ დამინგრევია! არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა. შეხვედრას რა აზრი აქვს, რას შევაგნებინებ. მართალი გითხრათ, მეშინია კიდეც მისი.


– ჯაბას უნდა, რომ ამ გზით დაგიბრუნოთ?


– შეიძლება მაგისთვის იბრძვის, არ ვიცი. ერთხელ მითხრა, ყველას ადგილია შენს ცხოვრებაში, ჩემ გარდაო. ალბათ გაიგო, რომ ჩემს ყოფილ ქმართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.


– თქვენმა ქმარმა იცის ის, რაც წარსულში თქვენსა და ჯაბას შორის იყო?


– იცის, რომ ვმეგობრობდით, არ დამიმალავს, მაგრამ დეტალებზე არ ვსაუბრობ. ვერ ვუმხელ, ჯაბა რომ მადანაშაულებს და მაშანტაჟებს. ჯერ ერთი, ვახტანგი გულს უჩივის და არ მინდა, ვანერვიულო, მეორეც, რა საჭიროა ჩემს მეუღლესთან იმის ამოტივტივება, რაც უკვე წარსულში დარჩა? ეს ხომ ჩემთვის დამამცირებელია.


ჯაბამ იცის ჩემი ხასიათი და ამით სარგებლობს. იცის, რომ ბოროტებას ბოროტებითვე არ ვუპასუხებ. ბევრი რამ არასწორად ახსოვს ჩვენი წარსულიდან, ფაქტებს სხვა ინტერპრეტაციით ყვება.


– მეგობრებს მაინც თუ გაუმხილეთ, ჯაბა რომ გემუქრებათ?


– ჩემმა ორმა დაქალმა იცის. ერთი მეუბნება, ჯაბა ცუდის გამკეთებელი არ არის, უბრალოდ გაშინებსო. მეორემ კი საფრთხე იგრძნო, მივიდა ჯაბასთან სალაპარაკოდ, ეგონა, რაღაც შეაგნებინა, თითქოს დააშოშმინა კიდეც, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მასაც დაურეკა მუქარით, ჩვენს საქმეში თუ ჩაერევი, თორემ გზიდან ჩამოგიშორებო. დაემუქრა, რომ იმ საიდუმლოს გათქვამდა, რაც მასზე იცოდა. ასეთი არაკაცობა გამოავლინა. ქალს დაემუქრა, რომ მის პირად ცხოვრებაზე პირს მოაღებდა.


– სერიოზული პრობლემის წინაშე მდგარხართ. როგორ ფიქრობთ მოგვარებას?


– არ მინდა, საქმეში ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები გავრიო. სკანდალს ვერიდები, მაგრამ თუ არ გაჩერდება და მუქარას განაგრძობს, დასახმარებლად სამართალდამცავებს მივმართავ.


მას შემდეგ, რაც ის პირი დააკავეს, ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას რომ ემუქრებოდა, ჯაბა აღარ შემხმიანებია. იქნებ ეს ჭკუის სასწავლებელი გამოდგეს და გონს მოეგოს, იმ კაცის მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეს! ინგა ბრძოლის მაგალითს მაძლევს, მადლობა მას ამისთვის!

წყარო: სარკე