ე.წ. ქართველი კანონიერ ქურდების წილები ევროპაში და მათი ბრძოლა ორ ფრონტზე

  • რეზონანსი
  • 16 აგვისტო 10:31, 2018 წელი

ევროპაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების შევიწროვება გრძელდება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად არა ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც რამდენიმე გავლენიანი კანონიერი ქურდის დაპატიმრება მოხდა, რომლებიც ევროპას ნაწილ-ნაწილ ინაწილებდნენ და მართავდნენ.


13 აგვისტოს ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია „კუში 3"-ის შედეგად, ესპანეთში ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ირაკლი ფიფია იგივე "იკა სუხუმსკი", ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" და არტიომ სარქისიანი იგივე "არტიომ სარატოვსკი" დააკავეს, რომლებიც "გლობალურ ქურდებს შორის იერარქიით მესამე" ე.წ. "კანონიერი ქურდები" არიან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა სულ 11 პირი დააკავეს, მათ შორის ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს", - განაცხადა ბორცვაძემ.


როგორც მან განმარტა, დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.


ე.წ. კანონიერ ქურდებს კი ევროპაში ბრძოლა ორ ფრონტზე უწევთ. როგორც უცხოური გამოცემები წერს, ისინი წილების გამო დაპირისპირებულები არიან, როგორც სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ასევე პოლიციასთან.


მედიის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერ ქურდებს ომი აქვთ გაჩაღებული ევროპაში ტერიტორიებისთვის, რასაც არაერთი ე.წ. კანონიერი ქურდის სიცოცხლე ეწირება. ცნობილია, რომ თურქეთს ნადირ სალიფოვი და მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი აკონტროლებს, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა მეორედ დააკავეს და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


საბერძნეთს და ესპანეთს ლაშა შუშანაშვილი,რომელიც ასევე დაკავებული არიან და საფრანგეთის ციხეში იმყოფებიან. იტალიაში მერაბ ჯანგავაძეა დამკვიდრებული, ჩეხეთში - გია ხმელიძე, იგივე ხმელო. ხოლო ევროპაში რუსეთიდან მიგრაციაში წასული ე.წ. კანონიერი ქურდები კი თავისი წილის მიღებას ცდილობენ. უცხოური მედიის ცნობით, სწორედ ამის გამოა, რომ ევროპაში ე.წ. ქართველმა კანონიერმა ქურდებმა ნამდვილი ომი გააჩარეს.


ესპანური გამოცემა CrimeRussia-ია წერს, რომ პოლიციის მიერ სამი დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელთაგან ორი ქართველი და ერთი სომეხია, ქართულ-სომხური მაფიის ხელმძღვანელის, ძმების ლაშა და კახაბერ შუშანაშვილების მკვლელობას გეგმავდნენ, რათა ამ მაფიის კონტროლის სადავეებიდან ჩამოეშორებინათ.


სპეცოპერაცია, სახელწოდებით "კუში"-ი ესპანური მედიის ინფორმაციით, თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა და ამ პერიოდში სამართალდამცავებმა ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, მათ შორის 2017 წლის ნოემბერში "კახა რუსთავსკის" დაჯგუფების 30 წევრი და ასევე მისი მეუღლე კატერინა მერკოვა. როგორც მედია წერს, სწორედ კატერინა იყო ბანდის წევრთა ხაზინადარი, რომელსაც ქსელი ჰქონდა და მოპარულ ნივთებს ასაღებდა.


ესპანური გამოცემა CrimeRussia-ია წერს, რომ 2018 წლის ივნისში, ასევე ოპერაცია „კუში 2"- ის მეორე ტური ბარსელონაში, ალიკანტეში, ვალენსიაში, ალბასეტეში და გრანადაში ჩატარდა. ოპერაციის დროს ამოღებულია ცხრა ცეცხლსასროლი იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაწარმი, კონტრაბანდული სიგარეტი, ნარკოტიკები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ძვირფასი ლითონების დნობის მოწყობილობები და 120 ათასი დოლარი. საერთო ჯამში, ჩატარდა 73 ძიება და 129 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის 7 კანონიერი ქურდი. დაკავებულთა შორის იყვნენ სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდი ერიკ ჯოჯიანიანი, იგივე (ერო ტომსკი).


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უვიზო მიმოსვლის შემდეგ, პოლიციის ატაშეს ინსტიტუტი აქტიურად და ეფექტურად მუშაობს, რათა ევროპაში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდების და ზოგადად კრიმინალებთან ბრძოლა მოხდეს. ამა წლის მარტში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.


საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ევროკავშირის საპოლიციო სამსახურთან, „ევროპოლთან" თანამშრომლობით, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, სახელწოდებით Caucase Normandie.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამნეტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, საბერძნეთში დაკავებულია საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას. ათენსა და სალონიკში დაკავებულთა შორის არიან ე.წ. „კანონიერი ქურდები," ლაშა შუშანაშვილი, ნოდარ შუკაკიძე და მერაბ ასანიძე. შსს-ს ცნობითვე, საფრანგეთში დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე.


საფრანგეთის ქალაქ მონტობანში დაკავებულია ე.წ. „კანონიერი ქურდი" ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი. საფრანგეთში დააკავეს მსახიობი კახა აბუაშვილიც, იგივე „კაბუ." საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 40-მდე დაკავებულს შორის რამდენიმე ქალია.


ასევე ივლისსა და აგვისტოში სპეცოპერაცია „კუშის" ფარგლებში ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში ქართველ სამართალდამცველებთან ერთად 7 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ამ სპეცოპერაციის ფარგლებში ესპანური მედია წერს, რომ მოხდა იმ კანონიერი ქურდების დაკავება, რომლებიც ქართულ-სომხური მაფიის დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

წყარო: რეზონანსი