"მარტოხელა დედების შესახებ ზუსტი სტატისტიკაც არ არსებობს, დახმარებაზე ლაპარაკი ზედმეტია"

  • რეზონანსი
  • 26 ივლისი 17:09, 2018 წელი

დედობა, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ცხოვრებაში და, რასაკვირველია, მას თან ახლავს უამრავი პრობლემაც. 

არსებობენ მარტოხელა დედები, ვისაც, რიგი მიზეზების გამო, მარტო უწევთ შვილების აღზრდა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ყველა მარტო დარჩენილ დედას არ უწოდებენ "მარტოხელას". საინტერესოა, რის მიხედვით ხდება მათი კლასიფიკაცია ან რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში.


სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც რატომღაც პრიორიტეტული არაა ხელისუფლებისთვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახად, მარტოხელა დედად ითვლება პირი, ვისაც ქორწინების გარეშე ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის დაბადების აქტშიც არ არის არანაირი ჩანაწერი მამის შესახებ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სტატუსით ვერ ისარგებლებს პირი, ვინც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს.


2006 წელს გაუქმებული მარტოხელა დედის სტატუსი 2015-ში აღადგინეს და სწორედ ამ წელს, "საქსტატის" მონაცემებით, ქორწინების გარეშე 1366 ბავშვი დაიბადა.


დედის მარტო დარჩენა გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობასა და ტვირთს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქორწინების გარეშე მოხდა თუ ოფიციალურად განქორწინების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ლანა ხუბულურს:


"შვილებზე ზრუნვა საუკეთესო საქმიანობაა სამყაროში, თუმცა - საკმაოდ რთული. კარგია, როცა ცოლ-ქმარი ერთად უძღვება ამ საკითხს, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ასე აწყობილი არაა. თურმე ვინც განქორწინდა, ის მარტოხელა მშობლად არ ითვლება, თუმცა დიდი მნიშვნელობა არც ამას აქვს, რადგან მათ არანაირი პრივილეგია არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში.


რადენიმე წელი ამერიკაში ვცხოვრობდი. იქ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, ამ სტატუსით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც მარტო ზრდის ბავშვს, ყოველგვარი გართულების გარეშე. სახელმწიფო ზრუნავს ყველაფერზე - დაზღვევა, განათლების დაფინანსება, ფულადი დახმარება, ბინის ქირა და სხვა.


სამწუხაროდ, ჩვენთან სავალალო მდომარეობაა და გამოსწორებაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხუბულურმა.


"საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს 23 684 ადამიანი დაქორწინდა, ხოლო ამავე წელს 10 222 განქორწინდა. ფაქტია, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საინტერესოა, ბოლო წლის მონაცემებით მარტოხელა მშობლის სტატუსი რამდენ ადამიანს მიენიჭა.


დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ზუსტი მონაცემები მარტოხელა მშობელთა რაოდენობის შესახებ:


"2017 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1540 მარტოხელა დედა აღირიცხებოდა, თუმცა ახლა არ შემიძლია კონკრეტული რაოდენობის დასახელება, ვინაიდან ეს ჯერ არც ჩვენთვისაა ცნობილი. შესაბამისად, სახელმწიფოს მათთვის არ აქვს თანხა გამოყოფილი (ვინაიდან არ იციან, რამდენი ადამიანია და რამდენზე უნდა გადანაწილდეს) და ამ დრომდე არც რამე პრივილეგიით სარგებლობენ მარტოხელა მშობლები (იგულისხმება როგორც დედა, ისე მამა), თუმცა დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში და უახლოეს მომავალში იგეგმება კიდეც სასიკეთო ცვლილებები.


მუნიციპალიტეტებს აქვთ კერძო დახმარების ინიციატივა და წელს მათ რაოდენობას კიდევ 6 ქალაქი (რეგიონი) დაემატა. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი დახმარება", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიბურდანიძემ.


მარტოხელა დედის ცხოვრების გზა საკმაოდ რთული და გრძელია. უამრავ ქალს უწევს ჭიდილი ცხოვრების უსამართლობასთან. ნანა არაბიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ორი შვილი დამოუკიდებლად გაზარდა და არავისგან დახმარება არ მიუღია:


"ორი ბიჭი მყავს, ბევრი გაჭირვებისა და უსამართლობის მიუხედავად, ძალისხმევა არ დამიკლია და, ღმერთის ნებით, ორივე კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა. უკვე თავიანთ გზაზე დადგომაც შეძლეს. კიდევ ვერ ვიაზრებ, როგორ შევძელი დღემდე მოსვლა სრულიად მარტომ ორ შვილთან ერთად. ჩვენნაირ მარტოხელა მშობლებს არანაირი შეღავათი არ აქვთ. ნამდვილად რთულია ყველაფერთან გამკლავება. ერთი პერიოდი სახელმწიფომ გააუქმა კიდეც მარტოხელა მშობლის სტატუსი. ფაქტია, რომ ამ მხრივ პრობლემებია ქვეყანაში.


დედისთვის იმაზე დიდი ტკივილი არაფერია, როცა შვილს რაღაც უჭირს და ის ვერ ეხმარება. ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს მარტოხელა მშობლებზე ზრუნვა და რამენაირად მათი პრობლემების შემსუბუქება", - განუცხადა "რეზონანსს" ნანა არაბიძემ.

წყარო: რეზონანსი