"ტაქსების რაოდენობა განახევრდება და რაც დარჩება, გაძვირდება"

  • რეზონანსი
  • 13 ივლისი 13:31, 2018 წელი

დედაქალაქში ტაქსების რაოდენობა განახევრდება.

კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ტარიფი მოიმატებს და ტაქსის მომსახურებით სარგებლობა მოქალაქეთა უმეტესობისთვის შეუძლებელი გახდება. არ არის გამორიცხული, ტაქსების ბიზნესი მთლიანად მსხვილმა კომპანიებმა ჩაიგდონ ხელში. ყველაზე სავალალო ის არის, რომ "იაფი ტაქსის ხანა" დასრულდება.


კერძო ტაქსებს რეგულაციების პირობების დაკმაყოფილება საგრძნობლად გაუჭირდებათ. ლიცენზია მათ 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა აიღონ. უკვე ცნობილია ტაქსების ნებართვის საფასურიც: ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის - 100 ლარი. რაც შეეხება ელექტრომანქანებს, მათთვის ნებართვა უფასო იქნება.


პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება იქნება სავალდებულო. ნებართვის ასაღებად მათ განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსონ.


"ადამიანები, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომ შესაბამისი ნებართვა აიღონ. მისი მიღების შემდეგ ნებართვა მუდმივად თან უნდა იქონიონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზე ტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება", - აცხადებს მერის მოადგილე მაია ბითაძე.


ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე მოთხოვნები უფრო მკაცრი იქნება. ყველა ავტომობილი ერთი ფერის უნდა იყოს, აიკრძალება ორკარიანი მანქანებით "ტაქსაობაც". ზოგადად კი, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.


ტასების რეგულაციის პარალელურად, სპეციალისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზეც ალაპარაკდნენ. ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია რეფორმის გატარება ისე, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს მძღოლებისთვის.


"რეგულაცია აუცილებელი და საჭიროა. იგი მნიშვნელოვანია ქვეყანისთვის, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ამ მხრივ საკმაოდ მკაცრი სტანდარტია ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. დღეს სტანდარტი დარღვეულია და არ ხდება არანაირი კონტროლი, თუ როგორია მძღოლი, რა მართვის უნარი აქვს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგისტრაციაა, რადგან არ ვიცით, რეალურად რამდენი ტაქსი გვყავს ქვეყანაში.


აუცილებელია, რეფორმა გავატაროთ ისე, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს ტაქსისტებისთვის. შეიძლება მომსახურება მართლაც გაძვირდეს, მაგრამ, ამის პარალელურად, მუნიციპალიტეტმა ალტერნატიული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს", - განუცხადა "რეზონანსს" ეკა ლალიაშვილმა.


ტაქსის კომპანიების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ქალაქში მოძრავი ტაქსების რაოდენობა განახევრდება. "200-200"-ის დირექტორი ნიკა ხოფერია ვარაუდობს, რომ მალე საქართველოში ტაქსი ფუფუნების საგნად იქცევა, რადგან მოქალაქეებს ამ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ.


"დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტაქსების რაოდენობა შემცირდება, შესაძლოა, განახევრდეს კიდეც. ეს პროცესი 2019 წლიდან ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან ტექდათვალიერების გავლა მძღოლების დიდ ნაწილს გაუჭირდება. შესაბამისად, ტარიფიც გაიზრდება, საბოლოოდ კი კონკურენცია შესუსტდება. მეტიც, ვფიქრობ, რომ ბაზარზე მკაცრი რეგულაცია არაკონკურენტულ გარემოს შექმნის.


მსხვილი კომპანიები დარჩებიან ბაზარზე და მონოპოლია კიდევ უფრო გაძლიერდება. საბოლოოდ ეს ყველაფერი მომხმარებელზე აისახება. სამომავლოდ ამ მომსახურებით ყველა ვერ ისარგებლებს. საერთოდ, რეგულაცია მისაღებია, მაგრამ უფრო უნდა დაიხვეწოს.


ამ ეტაპზე რამდენიმე სახის ტარიფია და კომპანიას შეუძლია, კლიენტს განსხვავებული მომსახურება შესთავაზოს. რეგულაციის მეორე და მესამე ეტაპებზე ეს არ იქნება შესაძლებელი. ტარიფი მანძილის მიხედვით განისაზღვრება და ზედა ზღვარიც შეიძლება დაწესდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნიკა ხოფერიამ.

წყარო: რეზონანსი