"შერიგებისკენ სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს"

  • სარკე
  • 9 ივლისი 12:16, 2018 წელი

ცნობილი წყვილის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილის მცველის, ზურაბ ხიზანიშვილისა და დიზაინერის, ყოფილი მოდელის, სალომე ღვინიაშვილის ცხოვრებაში ცვლილებებია.

გთავაზობთ "სარკედან" ინტერვიუს ამონარიდს ზურა ხიზანიშვილთან. 


როგორი გახდა თქვენი ურთიერთობა, ოჯახური ცხოვრება წლების შემდეგ?


– ერთმანეთს დიდმა სიყვარულმა დაგვაკავშირა და დღესაც ასე ვართ. ხომ ამბობენ, ცოლად როცა მოიყვან, სიყვარული ქრებაო, ჩვენს შემთხვევაში უფრო გაღრმავდა, თანაც ბავშვები წამოვიდნენ წინა პლანზე.


ყველაზე კარგი ის არის, რომ ვგრძნობ, ბავშვების გამო კი არ ვინარჩუნებთ ოჯახს, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. 13 წელია, რაც ერთად ვართ და ამით ვამაყობ. ამ 13 წლის განმავლობაში მყარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.


– ანუ ოჯახურმა ყოფამ, ბავშვებზე ზრუნვამ თქვენი სიყვარული ვერ გადაფარა?


– აბსოლუტურად სწორი ნათქვამია, რომ ბავშვს მეტი ყურადღება სჭირდება. თუ ცოლის გამო ხელს მოიჭრი, შვილების გამო თავს მოიჭრი, თუმცა ცოლ-ქმარი როცა მხოლოდ ბავშვების გამოა ერთად, ჩათვალეთ, რომ, როდესაც ბავშვები მათთან აღარ იქნებიან, აღარც ერთად იცხოვრებენ.


– არ არსებობს ოჯახი, სადაც უთანხმოება, კამათი არ იქნება. თქვენ როგორ აგვარებთ ასეთ სიტუაციებს, შერიგებისკენ პირველად ვინ დგამს ნაბიჯს?


– შერიგებისკენ უფრო სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს. კონფლიქტი ყოველთვის იყო და იქნება, ამის გარეშე არც სიყვარული არსებობს. იდეალური ცხოვრებაში არაფერია და არც ერთი წყვილია იდეალური. თუ ჩხუბი ხელის დარტყმაში არ გადაიზარდა, სიტყვიერი კონფლიქტი თუ აზრთა სხვადასხვაობა უფრო ამყარებს ურთიერთობას.


– თქვენს ურთიერთობაში არის ეჭვიანობა?


– ხშირად უკითხავთ სალომესთვის, ხიზანა სულ დადის და არ ეჭვიანობო. ახლა იმავეს მე მეკითხებიან, მაგრამ ნამდვილად არ ვეჭვიანობთ. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, ერთმანეთი არ უყვართ და არ აინტერესებთო, მაგრამ ვერ ვეჭვიანობ, რადგანცხოვრებაში არ ვყოფილვარ ეჭვიანი. თუ ქალმა საბაბი მოგცა, რა თქმა უნდა, იეჭვიანებ, მაგრამ ამ 13 წლის განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, ვინმეზე ან რამეზე მეეჭვიანა.

წყარო: სარკე