მშობლების საყურადღებოდ: ბავშვების ქალაქში გასეირნება დაუშვებელია!

  • რეზონანსი
  • 29 ივნისი 13:37, 2018 წელი

დედაქალაქში ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი დაბინძურებულ ჰაერსა და იმ პაციენტებზე, რომლებსაც ეკოლოგიური მდგომარეობის გამო ჯანმრთლობის პრობლემები შეექმნათ.

წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირები ის ორი ადგილია დედაქალაქში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. პედიატრები მშობლებს ახალ რეკომენდაციებს აძლევენ. წლების წინ თუ სასურველი იყო ბავშვის ხშირად გასეირნება, ახლა პირიქით, ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ ქალაქში ბავშვები არ გაასეირნონ.


ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია. მისი გამონაბოლქვი დაახლოებით ორასი სხვადასხვა ნივთირების ნარევია, რომლებიც გარემოს მომწამლავს ხდის. პედიატრები ამბობენ, რომ განსაკუთრებულია ბოლო პერიოდში ბავშვთა ჩივილები, რომლებიც უშუალოდ ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება და ხშირ შემთხვევაში მშობლები სანამ მიაკვლევენ პრობლემის საწყისს, ვერ ხვდებიან, რა სჭირთ თავიანთ პატარებს.


ნინი სიხარულიძე ერთ-ერთი დედაა, ვინც საკუთარი შვილის თმის ცვენის მიზეზს დიდი ხანი იკვლევდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ პრობლემა სულაც არ იყო ის დაავადება, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა. გაირკვა, რომ დაბინძურებულმა ეკოსისტემამ თმის ცვენაც კი გამოიწვია:


"დაახლოებით ორი კვირის წინ წავიკითხე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აღშფოთებული დედის პოსტი. მისი 3 წლის ქალიშვილს საშინლად სცვიოდა თმა. მან მოაიარა ექიმები და პრობლემის მიზეზი მაინც ვერ დაადგინა. ბოლოს თმის ღერის ექსპერტიზა ჩაუტარა და აღმოჩნდა, რომ ცვენის მიზეზი იყო ჰაერი, რომელსაც ბავშვი სუნთავს. უამრავმა მომწამვლელმა ნივთიერებმა და მათ შორის ტყვიამ ეს პრობლემა გამოიწვია.


ზუსტად მსგავსი ისტორია გადამხდა მეც. ჩემი ბიჭი 4 წლის იყო და უკვე საშინლად სცვიოდა თმა. ხან შამპუნს დავაბრალე, ხან - ვიტამინების ნაკლებლობას და როცა არ გაუჩერდა, უკვე ვფიქრობდი, რომ სიმსივნური დაავადება ხომ არ აღმოაჩნდა. პედიატრთან როცა მივედით, მაშინვე მითხრა, რაშიც იყო საქმე. როგორც ამიხსნა, ძალიან მომრავლდა ასეთი პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის - კანის ალერგიული გამონაყარი და სხვადასხვა სახის ჩივილი.


აყოველთვის მეგონა, რომ ბავშვის ქუჩაში, სკვერში გასეირნება კარგი იყო და დღეში ორჯერ მაინც ჩამყავდა, თურმე უარესს ვაკეთებდი და არ ვიცოდი. ახლა ვცდილობ, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, სახლიდან არ გავიყვანო, ხოლო როგორც კი დასვენების პერიოდი აქვს, მაშინვე ლისზე, წყენთში ან კუს ტბაზე ავიყვანო.


გარემოს დაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მოიფიქროს რამე: ან მანქანების რაოდენობა შეამციროს, ან მშენებლობები, ან სხვა გზა უნდა მოიფიქროს. მესმის, რომ მთელ მსოფლიოში ამის პრობლემაა, მაგრამ გაუმჯობესების გზებიც უნდა გამოიძებნოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნინი სიხარულიძემ.


ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, თუმცა ამის გააზრება თავად საზოგადოებას უჭირს და მათი როლი გარემოს დაბინძურებაში ძალიან დიდია. დაბინძურებული ჰაერი სიკვდილიანობასაც იწვევს, თუმცა ამას ასე მძაფრად არავინ აღიქვამს. გულის იშემიური ინფაქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ანუ ინსულტი, სიმსივნე, ფილტვების უკმარისობა, დიაბეტი - ეს ის დაავადებებია, რომლებსაც სწორედ დაბინძურებული ჰაერი და ის გარემო იწვევს, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.


პედიატრი ლიანა სალუაშვილი "რეზონანსთან" იმ რისკზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, დაბინძურებულმა ჰაერმა გამოიწვიოს:


"ბავშვებში ხშირია სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციური დაავადება. რთულია მშობელს უთხრა, რომ არ ასუნთქოს თავის პატარას ის ჰაერი, რაც ჩვენ გარშემოა და ასევე რთულია აუხსნა მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა ვცდილობ, ისეთი რეკომენდაციები გავცე, რომლებიც ნამდვილად გამოადგებათ. ყოველთვის ვეუბნები, რომ როგორც კი დრო ექნებათ, ბავშვები ქალაქგარეთ გაიყვანონ, მოარიდონ ამ გარემოს და გაცილებით სუფთა ჰაერი ასუნთქონ, რომ ფილტვებს მიეცეს განტვირთვის საშუალება.


ქალაქის ცენტრალურ უბნებში პატარების გასეირნება არასახარბიელოა. მშობლებს ჰგონიათ, რომ კარგს აკეთებენ, როდესაც დღეში რამდენჯერმე ასეირნებენ ბავშვებს ქუჩებში, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ პატარასთვის ასჯერ უფრო მავნებელია ეს ჰაერი, ვიდრე ზრდასრულებისთვის. დაბალ სიმაღლეზე უფრო დაბინძურებულია ჰაერი, რადგან მანქანების გამონაბოლქვი სწორედ ქვემოთ "წვება". თანაც, პატარების ფილტვები უფრო მოუმზადებელი და სუსტია, შესაბამისად, დაავადების რისკიც მაღალია.


მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ერთ ოჯახზე მხოლოდ ერთი ავტომობილის უფლება უნდა გაიცეს, ამას პლუს, შემოწმდეს უკვე არსებული მანქანები დედაქალაქში და თუ იმაზე მეტი გამონაბოლქვი აქვს ძრავას, ვიდრე დაშვებულია, მეპატრონეს უნდა მიეცეს უმოკლესი ვადა, შეაკეთოს მანქანა. ამ პატარა ნაბიჯებით იქნებ მოხერხდეს გაუმჯობესება, რადგან მსგავსი მაჩვენებლები პრევენციული გზების გარეშე სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლიანა სალუაშვილმა.

წყარო: რეზონანსი