როგორ გაემიჯნა ბექა ჯაყელი ქართველთა სამეფო კარის უზნეობის აღლუმს

  • რეზონანსი
  • 28 ივნისი 20:40, 2018 წელი

XIII-ის 20-50-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთგვარად ბურუსით მოცული ხანაა. ორიოდ ათეული წლის წინ მსოფლიო ბატონობაზე არცთუ უსაფუძვლოდ ორიენტირებული ქვეყანა შიდაარეულობამ მოიცვა.

იმ ინტრიგებმა, რომელმაც საქართველოს სამეფო კარზე დაისადგურა, კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა.


ამ ფონზე ბუნებრივია იწყება საქართველოს დაშლის პროცესი, რასაც წინ უძღვის რუსუდანის გაქცევა დასავლეთ საქართველოში, ეს თავისთავად საქართველოს ამ კუთხის ერთიანი საქართველოსგან გამოყოფასაც ნიშნავს. 1266 წელს ქართულ სამეფო კარს მესხეთიც გამოეყო.


ამ ფონზე საკმაოდ საინტერესოა ის პროცესები, რამაც 1266 წელს ქართულ სამეფო კარისგან ძირძველი კუთხის გამოყოფა განაპირობა. სამცხეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ყველა პირობაა აქვს იმისთვის, რომ ეს მხარე დამოუკიდებელ მძლავრ ფეოდალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველაზე საცნაური ისაა, რომ ჯაყელები არ ჩქარობენ მეფის ტიტულის მისაკუთრებას, არ ჩქარობენ დამოუკიდებლობას, ერთიანი საქართველოსგან გამიჯვნას და რაც საკმაოდ უცნაურია, საკუთარი ტიტულატურაში კვლავინდებურად საქართველოს მანდატურთუხუცესის წოდებითაც იწონებენ თავს.


როგორ უნდა აიხსნას ეს საკმაოდ უცნაური რეალობა? რატომ ვერ ელევიან ჯაყელები საქართველოს სამეფოს ვაზირის ტიტულს? არიან კი ისინი რეალურად განდგომილნი?


კითხვები მრავლადაა დახვავებული, პასუხს მხოლოდ მაშინ მივიღებთ, საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ-მენტალურ პორტრეტს თუ მივადევნებთ თვალს.


რას გაემიჯნენ ჯაყელები


მაინც რას გაემიჯნენ ჯაყელები? იყო თუ არა ეს ერთიანი საქართველოს განდგომა? აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ სამცხის მთავრთა, ჯაყელთა კარზე მთელი ყ||| ს-ის განმავლობაში არის განწყობა, რომლითაც განდიდებულია ერთიანი საქართველოს იდეა. ჯაყელები ემიჯნებიან სწორედ იმ რეალობას, საქართველოს სამეფო კარზე რომ შეიქმნა. საქართველოს მეფეებს ჩირადაც აღარ უღირთ ის ერთიანობის იდეა, ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედად რომ იქცა.


სამეფიო ტახტზე შემთხვევით აღზევებული რუსუდანი საკუთარი მეფობის იქით ვერ იყურება და მთელი აქცენტები საკუთარი შვილის, დავით ნარინისათვის მეფობის დამტკიცებაზე გადააქვს, ამ იდეის აღსრულებისთვის არ ერიდება არანაირ ინტრიგას, მათ შორის საკუთარი ქალიშვილის გურჯი ხათუნის წინააღმდეგაც.


ამ ინტრიგებით რუსუდანის ძმიშვილი, ლაშას ძე დავით ულუ იმდენად დათრგუნული და დაბეჩავებულია, რომ მისი სამი ცოლიდან ორის სარეცელს დიდი მონდომებით სამეფო კარზე დაწინაურებული მოხელეები იყოფენ, მათ შორისაა ბასილ მწიგნობართუხუცესი - უჯარმელ ჭყონდიდელი.


რაც მთავარია ეს ინტრიგები და უზნეობა ხალხისთვის არ იმალება, არადა, ეს ის საზოგადოებაა, რომლისთვისაც სამეფო კარი ყოველთვის სამაგალითო გახლდათ. სამეფო კარისა და ხალხის კავშირი ის საკრალური კავშირია, ქვეყნის სულიერი ამაღლებისა და მენტალური ძლიერების უმთავრეს კოზირად რომ ქცეულა, საქართველოს ისტორიას მთელი მისი არსებობის მანძილზე წითელ ზოლად რომ გასდევს. და სწორედ ეს ძირითადი პოსტულატია მორღვეული ამდენი ინტრიგებითა და უმსგავსოებით.


რა თქმა უნდა, საქართველოს სამეფო კარზე მხოლოდ უზნეობა არ სუფევს - არის თავდადებისა და ხალხის თანადგომის მაგალითები - თუნდაც დემეტრე მეორის ცხოვრების ბოლო აკორდია საგულისხმო, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები ახლა უკვე მხოლოდ ფრაგმენტულად გვხვდება, რაც საერთო სავალალო უმძიმეს ფსიქოლოგიურ ფონს ვერ ცვლის.


რატომ იხსენიებიან "განდგომილი" ჯაყელები საქართველოს მანდატურთუხუცესის ტიტულით


ეს რეალობა საკმაოდ შორს დგას იმ სიმაღლისგან, რაც ერთიანი საქართველოს იდეოლოგიური საფუძველია და რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსთველმა უმღერა. იმ კუთხის შვილმა, ჯაყელები რომ მთავრობდნენ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" განწყობები პედანტურად ასახავს სულ ცოტა ხნის წინ სწორედ მესხეთში არსებულ ადამიანთა შორის ურთიერთობების ფსიქოლოგიურ და მენტალურ სურათს, რაც არა მარტო ზოგადსაკაცობრიო, არამედ საერთო ქართული ფასეულობები და საერთო ქართული განწყობებია.


ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ ჯაყელები ემიჯნებიან ქართველთა სამეფო კარის უზნეობის აღლუმს. აშკარაა - ქართულ იდეას თავად საქართველოს სამეფო კარმა უგანა და არა მესხეთმა. ეს ის იდეა - საქართველოს ერთიანობა, მესხეთში, საქართველოს ძირძველ მხარეში განსაკუთრებულად რომ ეძვირფასებათ.


და თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, თუ გავითვალისწინებთ რა ძვირფასია "განდგომილი" ჯაყელებისთვის ერთიანი საქართველოს იდეა, იოლად დავინახავთ, იმის მიზეზსაც, თუ რატომ ვერ ელევიან "განდგომილი" ჯაყელები საქართველოს სამეფოს ვაზირის ტიტულს.


ეს არ არის მოვლენათა განვითარების ის ტრადიციული ხაზი, დასავლეთ ევროპის შუასაუკუნეების ისტორიისას რომ გვხვდება. ამგვარ შანსს იქ არავინ უშვებს ხელიდან, ეს ყველაფერი იქ პოლიტიკური დემარშის საფუძველი იქნებოდა. საქართველოში კი სულ სხვა სიტუაციაა. სხვა სიტუაციაა მესხეთშიც, რომელიც ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.


ამბავი გულმოწყალე ვახახისა


ამ განწყობებს კონკრეტული ფაქტები უნდა ადასტურებდეს, ჩვენც კონკრეტული ფაქტებიდან ვაკეთებთ დასკვნებს. განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა მონღოლთა ბატონობა დემეტრე თავდადებულის შემდგომ. ყ||| ს-ის 90-იანი წლების ბოლო ხუთწლეული მონღოლთა უსასტიკესი თარეშით აღინიშნა. იმდენად მძიმე იყო მიწათმოქმედი ქართველობისთვის მტრის შემოსევები, რომ ყველა თავის გადარჩენას ფიქრობდა, ახლა მთავარი იყო ფიზიკური არსებობის შენარჩუნება. ამიტომაც აღარავის ეცალა არც თესვისა და არც მკისთვის.


ხალხი ღვთის ანაბარა იყო დარჩენილი, რაც თავად ამოვიდოდა მინდორში ის იყო ერთადერთი სარჩო. დაუთესელ მინდორში კი აბა რა მოსავალი უნდა აეღოთ, ყველას რომ ჰყოფნოდა. ჰოდა, დაიწყო უმძიმესი პერიოდი, შიმშილი, ხალხს თავს დაატყდა უბედურება და ამ ფონზე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მესხთა თანადგომას.


ეს ამბავი 1301 წელს ხდება, დამშეულ ქართველობას მესხეთმა გაუწია დახმარება, ამ საქმეს კი ბექა ჯაყელის მეუღლე, გულმოწყალე და უზომოდ კეთილი ვახახი ედგა სათავეში. სწორედ ის ხელმძღვანელობდა დამშეული ქართველობის დაპურებას, რაც იმ ხანად სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასი იყო.


ერთია ადამიანური თანადგომა - ბუნებრივია ამ მხრივ გულმოწყალება უსაზღვროა და ის ვერ შეიზღუდება რაიმე საზღვრებით, მაგრამ ამ საერთო საკეთილდღეო განწყობებსა და დახმარების სურვილს უდავოდ ერთიორად აძლიერებდა ის საერთო ქართველური იდეა, რითაც მესხეთი საზრდოობდა.


რა მოუტანა სამცხეს "ხასინჯუდ" გამოცხადებამ


1266 წელს განრისხებული დავით ულუსგან რომ დაეცვა თავი სამცხის მთავარმა, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა სარგის ჯაყელმა ისარგებლა მონღოლებთან ახლობლობით და თავისი სამთავრო ხასინჯუდ შეავედრა. ასე დაექვემდებარა სამცხის სამთავრო უშუალოდ მონღოლთა ყაენს. მთავარი ვალდებულება ხარკის გადახდა და სამხედრო ბეგარა გახლდათ.


გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მონღოლთათვის რთული იყო მესხეთის მართვა, ამიტომაც ისინი იოლად დათანხმდნენ ასეთ შემოთავაზებაზე. ამ პოლიტიკურმა ნაბიჯმა მესხეთი იხსნა მონღოლთა რბევისაგან, რაც უმთავრესი პირობა აღმოჩნდა იმისა, რომ სამეურნეო და კულტურული ცხოვრება აქ არ მინელებულა, ისე როგორც ეს აღმოსავლეთ საქართველოში მოხდა.


აქ ინტენსიურად შენდება ეკლესია-მონასტრები, იზრდება სოფლები, დაწინაურებული სამცხე იზიდავს საქართველოს სხვა კუთხის გაჭირვებულ მოსახლეობას. ეს დაახლოებით ისეთივე რეალობაა, არაბთა შემოსევის დროს რომ გაჩნდა საქართველოში - მაშინაც ხომ დაიცალა გავერანებული ქართლი და სამხრეთ საქართველოში მოხდა ერის კულტურული ელიტის ემიგრაცია, სწორედ ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეინარჩუნა ქართველობამ ერთიანი ეროვნული განწყობები, რაც საქართველოს გაერთიანების საფუძველიც გახდა.


მიუხედავად იმისა, რომ |ყ-ყ ს-ის მოვლენები პედანტურად არ განმეორებულა, მიუხედავად იმისა, რომ მესხეთმა ვერ გაუძლო იმ უსასტიკეს შემოსევებს, შემდგომში მსოფლიო რანგის პოლიტიკური ძალა ოსმალთა იმპერია რომ ანხორციელებს, ეს კუთხე იმ მშვენიერი ლეგენდით ცხოვრობდა ყოველთვის, ქართული იდეა რომ ერქვა. სწორედ ეს იდეა იქცა უმთავრეს დასაყრდენად შემდგომში საქართველოსან დაბრუნებისას და დედა სამშობლოსთან ინტეგრირებისათვის რომ აღმოჩნდა გადამწყვეტი.


რატომ ხედავდნენ განსხვავებული პრიზმიდან ერთიან საქართველოს დემეტრე მეორე და ბექა ჯაყელი


მანამდე კი საქართველოს ტახტზე დემეტრე ადის, რიგით მეორე. ჯერ კიდევ არავინ უწყის ამ ცოლმრავალ კაცს თავდადებულად რომ შერაცხავს განგება. ბუნებრივია მას თავისი მოტივაცია და არგუმენტაცია აქვს. ის მართავს ქვეყანას ისე, რომ სურს არსებულ რეალობას მოერგოს, ამ მხრივ ზოგჯერ ისეთი ნაბიჯის გადადგმა უხდება, ტრადიციული ზნეობისგან შორს რომ გახლავთ მოაზრებული.


ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი სამცხესაც უკავშირდება. დემეტრემ მოიტაცა ბექა ჯაყელის ქალიშვილი ნათელა, იძალადა მასზე და ცოლად დაისვა. ეს თითქოს სამცხის შემოსარიგებლად გაკეთდა.


არ იყო იოლად გადასატანი ბექასთვის მეფის ეს თვითნებობა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. შეიძლება ეს ყველაფერი არცთუ ტრაგიკულად აღიქვა იმ თვალსაზრისით, რომ იდეა ფიქსი - ერთიანი საქართვლო ერთნაირად ძვირფასი იყო ორივესთვის დემეტრესა და ბექასთვის - უბრალოდ სულ სხვაგვარად ხედავდა ორივე ამ ერთიანობისაკენ მიმავალ გზებს.


როგორ გააბრწყინა ბექა ჯაყელის პროექტმა სრულიად საქართველო


სწორედ ასეთ ძალადობრივ ქორწინებას მოჰყვა მსოფლიო დიპლომატიის კლასიკოსის, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი მეფის გიორგი ბრწყინვალის დაბადება. კაცმა რომ თქვას, უფლისწული გიორგი ბექასთვის შესანიშნავი შანსია თავისი მისწრაფებები და იდეები პრაქტიკულად აღასრულოს.


სწორედ მან აღზარდა გიორგი. მუღანის ველზე დემეტრე ||-ის დასჯის შემდეგ მონღოლთა ტერორს ნათელა ჯაყელი თავის სამშობლოში სამცხეში განერიდა, თან წაიყვანა უფლისწულიც.


აქ ხდება გიორგის, როგორც პიროვნების იდეოლოგიური ფორმირება, აქ უყალიბდება მას ის ფასეულობები და ღირებულებები, რომელიც ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდება ერთიანი საქართველოსთვის.


ბექას ზეობა სრულიადაც არ გახლავთ იდილიური - ეს ის პერიოდია, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან თურქები რომ გამოჩნდნენ. ისინი განსაკუთრებული აგრესიიით გამოირჩევიან, გამორჩეულად ემტერებიან ქრისტიანობას და ამ ფონზე მეტად მნიშვნელოვანია ბექა ჯაყელის გამარჯვებები. სამცხის მთავარმა დაამარცხა და განდევნა აზატ მოსე.


ჯაყელები თურქთა შემოსევებისგან მარტო საკუთარ მამულს არ იცავენ, ისინი საქართველოს სადარაჯოზე დგანან, ამიტომაც იყო რომ საკმაოდ უმტკივნეულოდ დასრულდა სამცხის ხასინჯუს ხანა. როცა 1334 წელს მესხეთის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მისი შვილი ყუარყუარე თავად გიორგი ბრწყინვალემ დასვა მთავრად.


და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსთველის სამშობლოში ერთიანი საქართველოს იდეა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან ერთად უმნიშვნელოვანეს იდეად მოიაზრებოდა.


 

წყარო: რეზონანსი