ნინო წილოსანი პარლამენტში კომპლიმენტების წინააღმდეგია

  • სარკე
  • 27 ივნისი 14:07, 2018 წელი

პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი პოლიტიკოს ქალთა შორის ერთ-ერთია, ვინც მუდმივად ფორმაშია. მისი ჩაცმის სტილი, მაკიაჟი თუ ვარცხნილობა ყოველთვის იმ გარემოს შესაფერისია, სადაც ტრიალებს. 

როგორც ამბობს, გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ ზრუნავს, თუმცა ეს საკითხი მისთვის არც მეორეხარისხოვანია.


- ნინო, მოგვიყევით, რითი იწყება თქვენი, საქმიანი ქალის და სამი შვილის დედის, დილა.


- ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვცდილობ, რომ ბავშვებთან ურთიერთობის ყოველი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. მაგალითად, როცა არასასესიო კვირაა, დილით საუზმეს ვუმზადებ, სკოლაში ერთად მივდივართ. ამის შემდეგ იწყება ჩემი დღე. ხშირად დავრბივარ, სპორტით ვარ დაკავებული, მერე კი სამსახურში მივდივარ.


- ვარჯიში ფიზიკური ფორმისთვის, გარეგნობისთვის გჭირდებათ თუ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია თქვენთვის?


- სპორტში ჩართვა კონკრეტულმა ფაქტმა განაპირობა. 2017 წლის ზამთარში გუდაურში წავიქეცი და ოპერაცია დამჭირდა, რის შემდეგაც სარებილიტაციო პერიოდი გავიარე. იმდენად ჩავერთე ვარჯიშის პროცესში, რომ უკვე ძალიან დიდი სიამოვნებით ვვარჯიშობ ყოველ დილით.


სპორტულ ცხოვრებას როცა მისდევ, უფრო ენერგიული ხარ, განწყობა გიუმჯობესდება, მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება.


- თქვენი კვების რეჟიმი როგორია, სპორტული ცხოვრების შესაბამისი?


- ვეგეტარიანელი ვარ, უფრო ზუსტად - პესცეტარიანელი. ანუ - არანაირი ხორცს არ ვჭამ, მაგრამ რაციონში პერიოდულად მაქვს თევზი, რომელიც არ მიყვარს, თუმცა მასში შემავალი ვიტამინების და მიკროელემენტების გამო, აუცილებელია ორგანიზმისთვის. ძირითადად კი ხილით და, ბოსტნეულით ვიკვებები.


- რაიმე განსაკუთრებული მიზეზი გქონდათ, რის გამოც ვეგეტარიანელი გახდით?


- არა. ეს ნელ-ნელა, ბუნებრივად მოხდა. დაახლოებით 5 წელია, ხორცს არ ვჭამ. ჯერ ღორის ხორცი ამოვიღე მენიუდან, მერე ნელ-ნელა ყველანაირ ხორცზე უარი ვთქვი და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.


- დიეტა ოდესმე დაგიცავთ?


- წონას ყოველთვის ვაკონტროლებ და ვცდილობ, რაღაც კონკრეტულ ზღვარს არ გადავაბიჯო. კალორიების რაოდენობას ყურადღებას ვაქცევ და ვიღებ ყველაფერს, რაც ჯანსაღია.


- რამდენ კილოს ებრძვით ხოლმე?


- საკრალური 2 კილო არის ხოლმე გადამწყვეტი.


- ბუნებრივ სილამაზეს რითი ეხმარებით, როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?


- ვაკეთებ ელემენტარულ რაღაცებს, რასაც თავის მოწესრიგება ჰქვია, განსაკუთრებულს - არაფერს. ჩემი მაკიაჟი მინიმალურია, იმისთვის ვიკეთებ, რომ შინ და გარეთ ერთნაირად არ ვიყო.


- ალბათ სტატუსიც მოითხოვს, რომ თქვენი მაკიაჟი სადა იყოს.


- მკვეთრი მაკიაჟი ისედაც არ მიყვარს, თუმცა სატელევიზიო მაკიაჟი სხვა არის და ამ შემთხვევაში შეიძლება ღრმა ტონებიც გამოვიყენო. ჯამში, აქცენტს ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვაკეთებ.


- ხშირად იცვლით ვარცნილობას, თმის ფერს?


- ბუნებრივად ქერ თმა მაქვს. იყო პერიოდი, როცა მუქად ვიღებავდი, თუმცა მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და მას შემდეგ თმის ფერი აღარ შემიცვლია. რაც შეეხება ვარცხნილობას, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, გრძელი თმა ჩემთვის არაკომფორტულია. ძირითადად, მოკლეს ვატარებ.


- ალბათ კომპლიმენტებს მიჩვეული ხართ. კოლეგებიც განებივრებენ ამით?


- ჩემთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საკითხებში აქტიურად ჩართული ადამიანისთვის, ამ პრინციპებიდან გამომდინარე, მიუღებელია სამსახურში კომპლიმენტები. ეს ჩემ ირგვლივ ყველამ იცის. კომპლიმენტებს მხოლოდ პროფესიონალურ თემებთან დაკავშირებით ვიღებ.


- ეს აკრძალვა ქმარს ალბათ არ ეხება. როცა კარგად გამოიყურებით, მეუღლე ამას აღნიშნავს?


- კი, რა თქმა უნდა, არის ასეთი მომენტებიც, თუმცა, როცა ადამიანს ყოველდღიურად უყურებ, ძნელია განსაკუთრებულად განაცვიფრო, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.


- საერთოდ, მისი აზრი თქვენს გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე რამდენად გადამწყვეტია თქვენთვის?


- რა თქმა უნდა, მეუღლის და სხვების აზრსაც ვითვალისწინებ, თუმცა თვითშეფასება საკმაოდ მკაცრი მაქვს და ვფიქრობ, ჩემზე უფრო კრიტიკულად ამ საკითხს ვერავინ მიუდგება. შესაბამისად, ჩემი აზრი გადამწყვეტია.


- თქვენი აზრით, რითია ქალი მომხიბვლელი?


- შინაგანი სამყაროთი, თუმცა ესთეტიკასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ანუ გარეგნულ მხარეს.


- სილამაზეს?


- სილამაზეს - ნაკლებად, უფრო მნიშვნელოვანია, იყოს მოწესრიგებული, ჰქონდეს კონკრეტული კონცეფცია, რომელიც მიგიზიდავს.


- ზოგი ქალი ასაკის მატებას ძალიან განიცდის. თქვენთვისაც მტკივნეულია ასაკობრივი ცვლილებების შემჩნევა?


- ალბათ ჯერ იმ ასაკში არ ვარ, რომ მტკივნეულად აღვიქვა, თუმცა აუცილებლად მოვა ის ეტაპი, როცა ამასთან დაკავშირებით განცდებში ვიქნები. ვფიქრობ, ყველა ეტაპს განსაკუთრებული ემოცია მოაქვს. 30 წლის მერე სხვა შეგრძნება მოვიდა და დარწმუნებული ვარ, 40 წლის ზემოთ სხვა იქნება.


- დეპუტატის მანდატი რაში გზღუდავთ?


- ძალიან ვცდილობ, ამ სტატუსმა ჩემი ცხოვრების ძირითადი წესი არ შეცვალოს, რადგან ჩემ ირგვლივ არიან უსაყვარლესი ადამიანები - ოჯახის წევრები, მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრება ისეთს მიცნობენ, როგორიც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ვარ, მეც მინდა კარგი ემოციები, დასვენება და ყველაფერი ის, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.


- თავად ზრუნავთ ჩაცმის სტილზე, თავად არჩევთ გარდერობს?


- დიახ, თავად ვზრუნავ და, ვფიქრობ, იმ ჩარჩოებში ვჯდები, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელია. 

წყარო: სარკე