მან 20 წლის წინათ პირობა დადო, რომ აღარ გარისკავდა, თუმცა...

  • funtime.ge
  • 18 ივნისი 19:49, 2018 წელი

1998 წელს მოცურავე ბენუა ლეკომტმა (Benoit Lecomte) ატლანტის ოკეანე 73 დღეში გადაცურა. 

როცა მშობლიური საფრანგეთის ნაპირებს მიაღწია, ყველას გასაგონად თქვა: „მეტს აღარ ვიზამ“. 20 წლის შემდეგ კი სიტყვა გატეხა და კიდევ უფრო წარმოუდგენელი, თუმცა კეთილშობილური მიზანი დაისახა!


ამჯერად ფრანგს სურს, იყოს პირველი, ვინც წყნარ ოკეანეს გადაცურავს. თავისი ამბიციური ოცნებისთვის 51 წლის ბენუა ლეკომტი უკვე 7 წელია ემზადება. ის დღეში 8 საათს ვარჯიშობს და მოგზაურობისთვის მორალურად ემზადება.



ბენუა ლეკონტმა ცურვა 5 ივნისს იაპონიის ქალაქ ტიესიში დაიწყო. სპორტსმენი ფინიშს სან-ფრანცისკოში გეგმავს. ის ტიესიდან 8800 კილომეტრით არის დაშორებული. ფრანგის გათვლებით, მოგზაურობა 180 დღეს გასტანს.



ბენუა დღეში 8 საათს ცურავს. ამგვარი დატვირთვის გასაძლებად მას დღეში 8000 კილოკალორია სჭირდება. ის ღამეს ნავზე ატარებს, რომელიც ზვიგენების აღმოსაჩენი ლოკატორითა და მათი დასაფრთხობი მოწყობილობით არის აღჭურვილი. ლეკომტთან ერთად სპეციალური გუნდი გაემგზავრა, რომელიც მოცურავის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აკვირდება. ეს გუნდი ოკეანის დაბინძურების დონესაც განსაზღვრავს.



ბენუას ზვიგენები არ აშინებს, მას უფრო მანძილისა და გამოფიტვის ეშინია. მისი განცხადებით, ყველაზე დიდი გამოცდა მონოტონურობაა. ლეკომტმა გრაფიკიც კი შეადგინა, სადაც ყოველდღიური საფიქრალი თემებია გადანაწილებული. ბენუა ლეკომტის მისიის მთავარი მიზანი კი ოკეანის დაბინძურებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge