დიდი დილემა საქართველოს ეკლესიის წინაშე

  • რეზონანსი
  • 18 ივნისი 11:35, 2018 წელი

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ილია ||-ს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ეწვივნენ და ახლა უკვე მოსკოვსა და კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) მოუთმენლად ელოდებიან.

ამ ბრძოლაში ვის დაუჭერს მხარს საქართველოს ეკლესია - კონსტანტინოპოლსა და უკრაინას, თუ რუსეთს.


უახლოეს დღეებში სინოდის სხდომის მოწვევაც იგეგმება, სადაც მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების პოზიციების განიხილავენ და ქართველმა მღვდელმთავრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა პოზიციის დაკავება სჯობს.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი დილემის წინაშეა, თუ რუსეთის მხარეს არ დაიკავებს, რუსეთის საპატრიარქო მარტივ შანტაჟზე წავა - აუცილებლად მიიერთებს ან ავტონომიას მიანიჭებს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და ამით საქართველოს ეკლესიას "დასჯის".ხოლო თუ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლსა და უკრაინას არ დაუჭერს მხარს, შესაძლებელია, მსოფლიო საპატრიარქოში აფხაზეთიდან გაგზავნილი მოთხოვნის განხილვა დაიწყოს. სოხუმიდან 2016 წელს, კრეტის საეკლესიო კრების წინ, გაიგზავნა მოთხოვნა, რომ კონსტანტინოპოლმა მათ ავტოკეფალია მიანიჭოს.


"მთელ კვირასთან" საუბრისას თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ჩვენთვის რუსეთის ეკლესია ბევრად უფრო სახიფათოა, რადგან რუსეთის პატრიარქი უმალვე გააქტიურებს აფხაზეთის საკითხს, ხოლო ბევრად უფრო ნაკლებია ალბათობა, კონსტანტინოპოლმა მიიერთოს ან ავტოკეფალია მიანიჭოს აფხაზეთს, რომლის ე.წ. პოლიტიკურ დამოუკიდებლობას დასავლეთში არავინ აღიარებს და კონსტანტინოპოლი "არაღიარებული პატარა აფხაზეთის" გამო საქართველოსთან თუნდაც ნელ-თბილ ურთიერთობას საბოლოოდ არ გააფუჭებს.


"საქართველო ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ სჯობს, ამ საკითხში საერთოდ თავი შეიკავოს, ორივე მხარეს ბოდიში მოუხადოს და თქვას, რომ საკითხს დააკვირდებიან.


"თუ მსოფლიო საპატრიარქო გამოაცხადებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ვნახოთ, რას იზამენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც არ არიან იმდენად მძიმე მდგომარეობაში, როგორც ჩვენ, რომელთაც არ აქვთ ტერიტორიული პრობლემები და რუსეთი ვერაფრით ვერ დაემუქრება.


"ვნახოთ, ისინი რას იზამენ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩემი აზრი ასეთია და მგონია, რომ ჩვენი ეკლესიაც ასე მოიქცევა", - აღნიშნა აბაშიძემ.


მისივე თქმით, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ნახევარზე მეტმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.


ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია სულ 14-ია. მათგან ბერძნულენოვანი ეკლესიები მსოფლიო საპატრიარქოს მხარდამჭერები არიან. რუსული ეკლესიის ე.წ. ბანაკში მოიაზრებიან ბულგარეთის, ანტიოქიისა (იმავე სირიის) და საქართველოს ეკლესიები.


სწორედ ეს ეკლესიები არ წავიდნენ 2016 წელს კრეტის კრებაზეც, რის შემდეგაც უფრო გამწვავდა დაპირისპირება კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის. ახლა კი უკრაინის თემა, შესაძლოა, უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდეს დიდი განხეთქილებისთვის, რადგან რუსეთი უკრაინის ეკლესიის გამოყოფით რამდენიმემილიონიან მრევლს კარგავს და ამით მის გავლენასაც და ავტორიტეტსაც ჩრდილი მიადგება.


საგულისხმოა ისიც, რომ უკრაინის ეკლესიის თემის გააქტიურებამ იმედი გააჩინა სოხუმშიც.


თვითგამოცხადებული "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარე დოროთე დბარი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიას, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად მოუწევს არჩევანის მიღება - თუ საქართველოს ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერაზე უარს ეტყვის, მსოფლიო საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, რიგითობის მიხედვით აფხაზეთის საეკლესიო პრობლემაც გადაჭრას. ხოლო თუ საქართველოში მხარს დაუჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მოსკოვის საპატრიარქო ძალიან მშვიდად, უკანმოუხედავად შეძლებს, გადაჭრას აფხაზეთის საეკლესიო საკითხი ისეთი რიგითობით, როგორადაც საჭიროდ ჩათვლის.


დბარი ამბობს, რომ საქართველოს ნებისმიერი არჩევანი მათთვის მომგებიანი იქნება და იმედოვნებს, რომ ან რუსეთი აღიარებს მათ, ან - კონსტანტინოპოლი.


თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამიტომ ადრე თუ გვიან ავტოკეფალია მაინც ჩამოყალიბდება, აფხაზეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კი არავინ არ ცნობს, ამიტომ ავტოკეფალია წარმოუდგენელია, თუმცა რუსეთს შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, თუკი საქართველოს "დასჯა" გადაწყვიტა.


მისივე თქმით, საქართველო არ წავიდა 2016 წელს კრეტის კრებაზე, რის გამოც გამოვედით არა მარტო რუსეთის ბანაკის წარმომადგენელი, არამედ როგორც ძალიან კონსერვატიული და ლამის ობსკურანტული ძალა მართლმადიდებელ სამყაროში. ახლა კი უკრაინის თემაზე რუსული პოზიციის გაზიარება ამ უარყოფით იმიჯს კიდევ უფრო განამტკიცებს. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შევიკავოთ თავი.


"ჩვენ შეგვიძლია, ავუხსნათ უკრაინელებსა და კონსტანტინოპოლს, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ, შეიძლება რუსეთმა ყოველ წუთს აფხაზეთი "აღიაროს" და ნუ გვთხოვენ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების პირველ რიგებში ვიყოთ. ეს დასაძრახი არ არის. ჩვენთვის დღეს რუსეთი უფრო სახიფათოა, ვიდრე კონსტანტინოპოლი", - მიიჩნევს აბაშიძე.

წყარო: რეზონანსი