მოწევის აკრძალვა ნაწილობრივ უკვე აღარ მუშაობს

  • რეზონანსი
  • 15 ივნისი 14:42, 2018 წელი

კანონი თამბაქოს შესახებ, რომელიც ქვეყანამ დიდი დისკუსიების შედეგად მიიღო და 1-ელ მაისს შევიდა ძალაში, თითქმის ყველამ მიივიწყა და მისი აღსრულება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მწეველებს თანდათან გაუქრათ შიში და ისევ გათამამდნენ, რაც განსაკუთრებით მიკროავტობუსის მძღოლებს ეხება, რომლებიც ისევ უშფოთველად ეწევიან მგზავრებთან ერთად. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, პატრულის გამოძახებას ერიდება.


2018 წლის 1-ლი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კაზინოებისა. 


სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის პირველი სექტმებრიდან იკრძალება და დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. 


1-ელ მაისს, კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში, შსს-მ 12 შეტყობინება მიიღო და აქედან სამი პირი დააჯარიმა. პირველი ორი კვირის განმავლობაში მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ კანონდარღვევის ფაქტებს და ასევე ზარალს, რომელიც კაფე-რესტორნების ნაწილმა სიგარეტის დახურულ შენობაში აკრძალვით მიიღო. 


ბოლო პერიოდში მოდუნდა ყურადღება და როგორც მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, სახელმწიფოს აქტივობაც შესუსტებულია. 


ნელი ფარტენაძე არამწეველი მოქალაქეა. მას ძალიან გაუხარდა თამბაქოს შემზღუდველი კანონის ამოქმედება, მაგრამ მისი აღსრულებით უკმაყოფილოა. 


"მარშუტკის" მძროლების დიდი ნაწილი ისევ ჩვეულებრივად ეწევა ღია ფანჯარაში. ერთადერთი კაფეებსა და რესტორნებში ჯერ კიდევ მუშაობს  ეს კანონი,მაგრამ იქამდე სანამ გარეთ თბილა და ხალხს გამოსვლა არ ეზარება. არ მგონია, ზამთარში იქაც დაიცვას ვინმემ",-უთხრა "რეზონანსს" თაკო კაკაბაძემ. 


თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციები უკვე მოქმედებს. მაგალითად, მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით. იგივე წესი მოქმედებს ბარებსა და რესტორნებთან მიმართებაში. წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით. 


ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა(ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვა) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 100 ლარით. 

წყარო: რეზონანსი