შხამიანი გველის მოჭრილმა თავმა მამაკაცს უკბინა

  • funtime.ge
  • 12 ივნისი 14:16, 2018 წელი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცოლმა სახლის უკან მდებარე ნაკვეთში ერთი მეტრის სიგრძის ჩხრიალა გველი შენიშნა და ამის შესახებ ქმარს აცნობა. ქმარს ბევრი არ უფიქრია და საშიშ ქვეწარმავალს ნიჩბის პირით თავი მოაჭრა. 

ეს ამბავი ტეხასის შტატში (აშშ) მცხოვრებ 40 წლის ჯერემი სატკლიფს შეემთხვა.
როცა ჯერემიმ გველს თავი წააცალა და, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მკვდარი გველის გადაგდება დააპირა, მოჭრილი გველის თავი ხელში ჩააფრინდა და დაგესლა.

ტეხასური ჩხრიალა საკმაოდ მშვიდობიანი გველია და ადამიანს თავს არ ესხმის, მაგრამ ძალიან ტოქსიკური შხამი აქვს, რომელიც ადამიანს კლავს.


კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სატკლიფს შხამის საწინააღმდეგო შრატის 26 დოზა გაუკეთდა, როცა, ჩვეულებრივ, 24 დოზა საკმარისია.
ამის შემდეგ მამაკაცი მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს.
სატკლიფმა ოთხი დღის შემდეგ გაიღვიძა, თუმცა მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვდა. მას მეხსიერება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.


„ის რომ სცოდნოდა, რომ გველის მოჭრილ თავს კბენა შეუძლია, ახლოსაც არ მიეკარებოდა. საავადმყოფოშიც კი არ იცოდნენ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია“, - განაცხადა სატკლიფის ცოლმა.

„მამაკაცის მოქმედება ტიპური შეცდომა იყო. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს განსხვავებული აგებულება აქვთ. სწორედ ამით აიხსნება, რომ გველის მოჭრილი თავი სიცოცხლისუნარიანობას 12 საათის მანძილზე ინარჩუნებს და თავდასხმაც კი შეუძლია. მამაკაცს რომ კლინიკისთვის დროულად არ მიემართა, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა“, - განაცხადა ტეხასელი მამაკაცის მკურნალმა ექიმმა მაიკლ ჰარპეტმა.

ამ უჩვეულო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ The New York Times-მა გაავრცელა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge