„შემიძლია, შვილიშვილიც დავიფიცო, რომ ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა“

  • funtime.ge
  • 8 ივნისი 11:07, 2018 წელი

მომღერალი გია სურამელაშვილი იტალიაში გასტროლისთვის ემზადება. მას სწორედ იმ დროს დავურეკეთ, როცა მომავალი კონცერტისთვის დიზაინერ ნანა სტეფლიანთან სამოსის შესაკერად იყო მისული. 

- იტალიისთვის ვემზადები, სადაც ნეაპოლის თეატრში კონცერტს გავმართავ. ყველა ბილეთი გაყიდულია და 14 ივნისს მივემგზავრები.


- როგორც მითხარით, დიზაინერთან ხართ. ამჯერად რას იკერავთ?
- გამომდინარე იქიდან, რომ იტალიაში კონცერტი თეატრშია, კოსტიუმსაც აკადემიურს ვიკერავ. 20-22 სიმღერას შევასრულებ.


- საქართველოში მიმდინარე მუსიკალურ ტელეპროექტებს თუ ადევნებთ თვალყურს?
- ქართულ ტელეარხებს საერთოდ არ ვუყურებ და იმდენად დაკავებული ვარ, თავისუფალ დროსაც დიზაინერთან ვატარებ და სასცენო ჩაცმულობაზე ვზრუნავ.


- იმ შოუებსაც არასდროს უყურებთ, სადაც თქვენ მონაწილეობთ?
- რაღაც პერიოდის მერე შეიძლება ვუყურო. ცოტა ხნის წინ საფეხბურთო რეკლამაში გადამიღეს, რაც მაყურებლისა და ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სიურპრიზი იქნება.


- ფეხბურთის გულშემატკივარი რამდენად ხართ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხბურთს არ ვგულშემატკივრობ. შემიძლია, კრივს ვუყურო.


- კრივთან რაიმე შეხება გქონიათ?
- არა, უბრალოდ, ჩემთვის ეფექტური სპორტია და მიტაცებს.


- ტელეპროექტების თემას დავუბრუნდები - როგორც ქართული სიმღერების შემსრულებელი, „მხოლოდ ქართულსაც“ არ უყურებთ?
- არ ვუყურებ, თუმცა ჩემმა პროდიუსერმა რამდენიმე სიტყვით რომ მომიყვა, დავინტერესდი და სოფო ბათილაშვილის შესრულება მოვისმინე, რაც ძალიან მომეწონა კიდეც.


- დაბოლოს, გარეგნობასთან დაკავშირებითაც გკითხავთ - ამ ასაკში ასე კარგად რომ გამოიყურებით, რისი დამსახურებაა?
- რა ასაკს გულისხმობთ? ჯერ 50 წლის არ ვარ და ეს ასაკია? აქედან იწყებს ხალხი ცხოვრებას! წლების წინათ როგორიც ვიყავი, დღესაც ისეთივე რომ ვარ, შემიძლია შვილიშვილიც დავიფიცო და გითხრათ, რომ თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდებს არ მივმართავ და ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი მიყვარს და ბახუსის ქვეშ ხშირად ვარ. დედა მყავდა ძალიან ლამაზი და მას ვგავარ. გრიმიორები ყოველთვის აღნიშნავენ, სახის ასეთი კანი არ გვინახავსო, თუმცა განსაკუთრებული გრიმი არასდროს მჭირდება. 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge